რიჩარდ ნორლანდის ოჯახური დღიური - კვირის პალიტრა

რიჩარდ ნორლანდის ოჯახური დღიური

"მე ამ სტატიას ყველა იმ ქართველ ქალს ვუძღვნი, რომლებიც წარმატებული არიან სამსახურსა და სახლში, ასევე იმათ,  რომლებიც ამის მიღწევას ცდილობენ"

"საქართველოში ქალებს ხშირად სოციალური ნორმები ზღუდავს, რის გამოც კარიერულ წინსვლას ოჯახური მოვალეობების შესრულებას ამჯობინებენ"

"როგორ დავაბალანსოთ ოჯახური ცხოვრება და კარიერა?" - ეს აქტუალური კითხვა ბევრი ჩვენგანის წინაშე არაერთხელ დამდგარა. მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში ამ შეკითხვას სხვადასხვაგვარად პასუხობენ, გააჩნია, ოჯახში როგორ არის განაწილებული ფუნქციები.

საქართველოში ქალებს ხშირად სოციალური ნორმები ზღუდავს, რის გამოც კარიერულ წინსვლას ოჯახური მოვალეობების შესრულებას ამჯობინებენ.

საქართველო სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა. ყოველდღიურად ბევრ ნიჭიერ, აქტიურ და ჭკვიან ქალს ვხვდები ჩვენი საელჩოს, ასევე საქართველოს სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლებს შორის. ამის მიუხედავად, ამ ქვეყანაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე შეუსაბამოდ მცირე რაოდენობის ქალი მუშაობს.

საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ თვრამეტია ქალი. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩეულ თანამდებობის პირებს შორის ქალები საერთო რაოდენობის მხოლოდ 11%-ს შეადგენენ, მთავრობაში კი 20 მინისტრიდან მხოლოდ სამი ქალია.

სასამართლო ხელისუფლებაში მოსამართლეების დაახლოებით 50% ქალია, თუმცა, მათგან სასამართლოს თავმჯდომარის ან სხვა ხელმძღვანელი თანამდებობა ძალიან ცოტას უჭირავს. ბევრმა ქართველმა ქალმა ოჯახის შექმნას მსხვერპლად შესწირა კარიერული წარმატება. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის თანახმად, ქალი და მამაკაცი თანასწორნი არიან, თუმცა, ეს სტატისტიკა მნიშვნელოვან კითხვას ბადებს: აქვთ თუ არა თანაბარი შესაძლებლობები ქართველ ქალებს? საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგები მსოფლიოს ბევრ სხვა სახელმწიფოში გამოვლენილი შედეგების მსგავსია, მათ შორის, აშშ-ის ჩათვლით და ცხადყოფს, რომ მამაკაცებს ქართველ საზოგადოებაში დომინანტური პოზიცია უკავიათ. გენდერული თანასწორობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ გამართული ბოლო კვლევის მიხედვით,

ქართველების 72%-ს სჯერა, რომ ოჯახის ფინანსურად მხარდაჭერა მამაკაცის მოვალეობაა, ხოლო სახლის და ოჯახის მოვლა - ქალის ფუნქცია. კვლევაში მონაწილე რესპონდენტების 52% ეთანხმება აზრს, რომ ქალებს არ შეუძლიათ ისეთივე წარმატებული კარიერა ჰქონდეთ, როგორიც მამაკაცებს, რადგან ამაში ხელს საოჯახო საქმეები უშლით.

ბოლო რამდენიმე წელია, აშშ-ში ხშირად იმართება დებატები თემაზე, შესაძლებელია თუ არა, ქალს ჰქონდეს სრულყოფილი ოჯახური ცხოვრება და იმავდროულად, წარმატებული კარიერა. ამის საუკეთესო მაგალითია რუთ გინზბერგი, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ამერიკის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი. მან წარმატებული პროფესიული კარიერა შეიქმნა, ამასთან, არის შესანიშნავი მეუღლე და დედა. როცა ჰკითხეს, როგორ მოახერხა ეს, გინზბერგმა უპასუხა: "მე გვერდით მყავდა ადამიანი, რომელიც ფიქრობდა, რომ ჩემი სამუშაო ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორიც მისი". მისი მეუღლე კი ამბობს:„"მე თავიდანვე მხარს ვუჭერდი ჩემს ცოლს, ის კი - მე. ეს მსხვერპლი არ არის, ეს ოჯახია".

ვერც ერთი საზოგადოება ვერ განვითარდება, თუ თანაბარ შესაძლებლობებს, რესურსებსა და ცხოვრებისეულ პერსპექტივებს ვერ უზრუნველყოფს როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. დღესდღეობით, როგორც ჩანს, საქართველოში მამაკაცებს უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ.

ჩვენ, მამაკაცებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ ქალებს ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევასა და სრულყოფილი ოჯახური ცხოვრების შექმნაში. აშშ-ში ახლა ქალთა ისტორიის თვე აღინიშნება და მე ამ სტატიას ყველა იმ ქართველ ქალს ვუძღვნი, რომლებიც წარმატებული არიან სამსახურსა და სახლში, ასევე იმათ, ვინც ამის მიღწევას ცდილობს.

"სამსახური სახლში,  ბავშვებთან"

საგარეო სამსახურში (აშშ-ის დიპლომატიურ კორპუსში) წინსვლა საკმაოდ რთულია... შესაბამისად, რამდენად კარგი შეიძლება იყოს თქვენი კარიერული წინსვლისთვის შვიდთვიანი შვებულების აღება (ანაზღაურების გარეშე) მხოლოდ იმისთვის, რომ შვილებთან ერთად სახლში იყოთ, მაშინ, როცა თქვენი იურისტი ცოლი კარიერას იკეთებს? სავარაუდოდ, პასუხი უარყოფითი იქნება. თუმცა, შეიძლება, დადებითიც იყოს.

დიპლომატიურ სამსახურში კარიერული წინსვლის ერთ-ერთი ასპექტია პერსპექტივა და ფართო თვალთახედვა და მე არ მახსენდება უკეთესი გზა თქვენი ჰორიზონტის გაფართოებისთვის, ვიდრე დეპარტამენტის კლაუსტროფობიული ფარგლებიდან გამოსვლა და ოჯახური ცხოვრების რეალობაში შესვლაა. ორი წლის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის საკითხებზე მუშაობისა და შუალედური დონის კურსებზე გატარებული ოთხი თვის შემდეგ ძალიან გამიხარდა, რომ

შვიდი თვით უფასო შვებულებაში გასვლა შევძელი, რათა შინ დავრჩენილიყავი და ჩემი ორი შვილისთვის, 5 წლის დანიელისა და 1 წლის ქეითისთვის, მომევლო.

ჩემს ცოლს, მერი ჰარტნეტს, ახალი აღებული ჰქონდა იურისტის დიპლომი (ორი წელი დააგვიანდა იმის გამო, რომ ჩვენ ბაჰრეინში წასვლა მოგვიხდა). მერი ვაშინგტონის ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში აპირებდა მუშაობას, ხოლო 1985 წელს უკვე ვიცოდით, რომ მომავალი წლის ივლისში ტრომსეში, ნორვეგიაში, გადავიდოდით. ეს მისთვის კარგი შესაძლებლობა იყო იურისტის კარიერის დასაწყებად. ლოგიკურად, ჩვენს ახალდაბადებულ ქეითისთან ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა დარჩენილიყო და არჩევანი ჩემზე გაკეთდა.

„მეტი აღარ“

როცა შინ საქმიანობას შევუდექი, პირველი, რამაც ძალიან გამაოცა, ის იყო, რომ დღეები საათების მიხედვით არ იყო აწყობილი: ავტობუსზე უკვე აღარ მაგვიანდებოდა, სამუშაო მაგიდაზე ტელეფონები გამუდმებით აღარ რეკავდნენ. საერთოდ, სამუშაო მაგიდა აღარ არსებობდა. ასევე გაქრა ეგოისტური თვითკმაყოფილება, რასაც მაშინ ვგრძნობდი, როცა თანაშემწე მესალმებოდა.

ერთხანს მხოლოდ ჩემი პატარა შვილების ენის მოჩლექით მოსალმება მესმოდა. მეორე შოკი იყო კომუნიკაციის გარეშე დარჩენა. შედეგი: როცა ვინმეს შევხვდებოდი, მაგალითად, სათამაშო მოედანზე, როცა ის საქანელაზე ბავშვს აქანავებდა, უცებ ენად გავიკრიფებოდი, ძალიან მიხაროდა, რომ ვიღაცასთან საუბრის შანსი მომეცა. რა თქმა უნდა, საუბრის თემა ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. უზომოდ მიხაროდა, თუ ხანდახან სადილის დროს საუბარში ჩავებმებოდი მეგობრებთან ერთად, რომლებიც დიპლომატიური სამსახურის ინსტიტუტში სწავლობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების თანდასწრებით საუბარი რთული იყო.

"ეს შოკი იყო"

მსოფლიო ამბებისა და ქვეყანაში მიმდინარე სიახლეების ამსახველი პრესა ჩემთვის ნაკლები მნიშვნელობის გახდა. ყოველდღიური რუტინა ბავშვებზე ზრუნვამ ჩაანაცვლა. პირველად მეგონა, ბევრი დრო მექნებოდა და ყავის დალევისას დილის გაზეთის წაკითხვას შევძლებდი. შემდეგ ვიფიქრე, ალბათ, მხოლოდ სათაურების გადახედვას მოვახერხებ-მეთქი. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოვაჩინე, რომ ესეც კი ნაკლებად სავარაუდო და უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ელემენტი იქნებოდა ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფაქტობრივად, მივხვდი, რომ საინფორმაციოებში გადმოცემულ ძალიან ცოტა ამბავს აქვს დიდი მნიშვნელობა საშუალო-ამერიკული ოჯახის ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, შოკი იყო, რადგანაც მაშინ, როცა მე აფრიკის საქმეების ბიუროში ვმუშაობდი, მართლა მეგონა, რომ საშუალო-ამერიკელები ქუჩის კუთხეში იმას ელოდნენ, რომ ერთმანეთთან, აშშ-ისა და სამხრეთ აფრიკის ურთიერთობებზე ჩემი ბოლო მემორანდუმის პროექტი განეხილათ. იმ წელს ქვეყანაში მიმდინარე სიახლეებიდან ერთადერთი საკითხი, რომელმაც რაღაც ხელშესახები ცვლილება მოახდინა ჩემზე, მარტინ ლუთერ კინგის დღის დაწესება იყო. ერთ დღეს ეს ახალი ამბავი გახლდათ, რადგანაც პოლიტიკოსები ამ მოვლენის ჩაშლით იმუქრებოდნენ, მეორე დღეს კი ეს ფედერალური დღესასწაული გახდა, რომელიც მე ჩემს შვილებთან ერთად კაპიტოლიუმის ბავშვთა მუზეუმში გავატარე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, აღმოვაჩინე, რომ

არ არის აუცილებელი, ტელევიზიით გადმოიცეს ან გაზეთში დაიწეროს ისეთი რამ, რაც რეალობაა. ოჯახური ცხოვრება რეალობაა, თავიდან ბოლომდე თვითმყოფადი რეალობა, რომელიც გაცილებით მეტ რამეს ითხოვს და უფრო უშუალოა, ვიდრე ყველაფერი ის, რაც ყოველდღე მასმედიით გადაიცემა.

მოშივებული ბავშვები გემრიელ საკვებს ელოდებიან: მარცვლეულის ფაფას, კრეკერებს, მიწისთხილის კარაქსა და ჟელეს. საფენები გამოსაცვლელია. წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ, მშობლების მზრუნველი ხელები სჭირდებათ, რომ ბეტონის საფეხურზე არ დაეცნენ. ბავშვებს ყურადღება, თამაში და სიყვარული, უსაფრთხო გარემოში თანატოლებთან გართობა სჭირდებათ. მათ მრავალფეროვნება სჭირდებათ, ასევე რეჟიმი და თავისუფალი, თუმცა, მკაცრი გარემოც.

საბავშვო ბაღში

დანიელის საბავშვო ბაღში კოოპერატივი იყო, სადაც მე დამხმარე მშობლად ვმუშაობდი ორ კვირაში ერთხელ.

საოცარი სანახავი იყო, როგორ სწავლობდა ჩემი შვილი ახალ საგანზე ან პროცესზე დაკვირვებას, ახალი ცნების გათავისებას. ეს სიხარული ჩემს მოუსვენარ ქეითისთან ყოფნამ გამიორმაგა, მას ხომ მუდმივად სადმე აცოცების სურვილი არ ასვენებდა. მისი პირველი სიტყვები მე გავიგონე და მე მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საიმედო ადამიანი გავხდი. ეს შეგრძნებები არცთუ მცირე მნიშვნელობისაა.

სასიამოვნო იყო იმის აღმოჩენაც, რომ უჩვეულო ყურადღებასა და მხარდაჭერას ვიღებდი მაღაზიის მეპატრონეებისგან, ავტობუსის მძღოლებისა და სხვებისგან, როცა ქალაქში ბავშვებთან ერთად გავიდოდი. თითქოს ხალხს სიამოვნებას ჰგვრიდა სამივე ჩვენგანის დანახვა, როცა მე, საფენებიანი ჩანთით ხელში, ხმაურიანად მივაგორებდი ეტლს; როცა ვცდილობდი, ტრიალა კარში გავსულიყავით (მათ განსაკუთრებით ახალისებდათ ჩვენი დანახვა აეროპორტებში, სადაც ახუნძლული ვიყავი ბარგით, დანიელს ხელი ჩემს ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი და ასე მომყვებოდა, მე კი ხელში ქეითი მყავდა, თან მანქანის საბავშვო სავარძელი და სხვა რამეებიც მიმქონდა). სხვების ამგვარი რეაქცია მამხნევებდა და კმაყოფილებას მგვრიდა. იმასაც მივხვდი, რომ ქალი, ალბათ, ამგვარი მხარდაჭერით არ სარგებლობს. შვილების მოვლას ხომ ბევრი მხოლოდ ქალების მოვალეობად თვლის.

"უხასიათობა..."

მე ისიც აღმოვაჩინე, რომ ადამიანებს ხშირად არ იღებენ მოზრდილთა სამყაროში, თუ მათ თავიანთი შვილების გარდა, სახლის გარეთ, სხვა ინტერესები არა აქვთ.

მივხვდი, რომ მშურდა, როცა მერის სამართლებრივ საკითხებსა და პოლიტიკაში ჩართულს ვხედავდი, მაშინ, როცა ჩემი როლი "ბალიშთან მრჩევლობით" შემოიფარგლებოდა,

თანაც, საუკეთესო შემთხვევაში. ეს უმნიშვნელო რამ არ იყო, ამან შეიძლება გუნება-განწყობა გააფუჭოს და თვალთახედვა დაგიმძიმოს, რომელიც ყველაზე ნათელ დღესაც ჩაამუქებს. დღის ბოლოს, მერის ოფისის წინ სადგომზე დაყენებულ მანქანაში ლოდინი ძლივს აკმაყოფილებდა ჩემს ეგოს. დავინტერესდი, დიასახლისებსაც ოდესმე მსგავსი შეგრძნება უჩნდებოდათ თუ არა...

გავიდა ხანი და საქმეს დავუბრუნდი. ინსტიტუტში ნორვეგიულს ვსწავლობდი, მაგრამ ძალიან ვწუხდი, რომ მთელ დღეს ამაში ვხარჯავდი, რომ ერთბაშად მოვწყდი ჩემს შვილებს, რომლებიც უკვე მოჯაჭვულნი იყვნენ ჩემზე, განსაკუთრებით კი ქეითი. ამას კი ნებისმიერი მშობელი გაიგებს, ვინც მთელ დროს ბავშვთან ატარებს. მენატრება ის თავისუფლება, რაც საოფისე ვალდებულებების არარსებობას მოაქვს; თავისუფლება, რომ ბავშვებს ხელი მოჰკიდო და ნათესავებს ესტუმრო ან მუზეუმსა თუ პარკში გაისეირნო; როცა ჰალსტუხი არ გიკეთია და არც ავტობუსზე გაგვიანდება დილის 8 საათზე. რამდენად უცნაურია, რომ ჩვენ საკუთარ თავს ასეთი უკიდურესი არჩევანის წინაშე ვაყენებთ: იყო პროფესიონალი და რეალურად არც იცნობდე საკუთარ შვილებს, ან იყო მხოლოდ მშობელი და თავი ჩამოაშორო საქმიან გარე სამყაროს, საზოგადოებრივ საქმეებს. ვოცნებობ იმ დღეზე, როცა შუალედურ გზას ვიპოვით და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, როცა ჩვენი დაწესებულებები თავიანთ თანამშრომლებს საშუალებას მისცემენ, ამ გზას გაჰყვნენ.

რიჩარდ ნორლანდი, აშშ-ის ელჩი საქართველოში