კაცი, რომელიც ბავშვების სამყაროს ქმნიდა - კვირის პალიტრა

კაცი, რომელიც ბავშვების სამყაროს ქმნიდა

მათი ბედი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო - იქმნებოდნენ ეკრანისთვის დაუვიწყარი გმირები და მერე ანადგურებდნენ, რათა ერთი და იგივე თოჯინა რამდენიმე ანიმაციურ ფილმში არ გამოეყენებინათ. განადგურებას შემთხვევით გადაურჩნენ ქართული თოჯინური ფილმის პერსონაჟები.

გადაღების პროცესი ხშირად რამდენიმე თვე (ზოგჯერ წელიწადიც) გრძელდებოდა და თოჯინა ზიანდებოდა, ამიტომ ერთი თოჯინას სამი დუბლიკატი მაინც კეთდებოდა. კარლო სულაკაური, არაერთი ანიმაციური ფილმის ავტორი და რეჟისორი, თავისი ფილმების პერსონაჟები რომ გადაერჩინა, დუბლიკატებს იპარავდა. ამაღლების #23 ის ადგილია, სადაც თოჯინური ფილმებიდან რეალობაში გადმოსული, განადგურებას გადარჩენილი გმირები ცხოვრობენ. აქ შეხვდებით "სალამურას", "ბომბორას",„"საზამთროს", "გოგონას და შადრევანს"...

ამ თოჯინებმა ეპოქა შექმნეს

თოჯინას ესკიზის დამტკიცების შემდეგ თოჯინებს ლითონის კონსტრუქციით ამზადებდნენ და კაუჩუკით ფარავდნენ. კარლო სულაკაურის თოჯინებს ცოლ-ქმარი, ლილიანა და გენადი ლუტინსკები ამზადებდნენ. ერთი თოჯინას შექმნა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა და ათი დღე სჭირდებოდა.

არჩილ სულაკაური, კარლო სულაკაურის ვაჟი: -„ერთხელ ლუტინსკებს ისეთი ბუზი გაუკეთებიათ, რომ მაყურებელს ნამდვილი ეგონა... მსგავსი თოჯინების მუზეუმი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არ არსებობს. მუზეუმი სარემონტოა, თოჯინები კი სარესტავრაციო, ამიტომ კარლო სულაკაურის თოჯინების მუზეუმი დამთვალიერებელს ბოლო რამდენიმე თვეა, ვეღარ იღებს. თოჯინებმაც ბინა დროებით ქართული ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაიდეს.„

1999 წელს, ამაღლების ქუჩაზე, ჩვენი სახლის ერთ პატარა ოთახში მამამ მუზეუმი გახსნა. გვინდა, რომ ეს ოთახი გავაფართოოთ, რადგან დამთვალიერებელთა დიდი ჯგუფის ერთად შეყვანას ვერ ვახერხებთ. გვსურს, ფილმებიც გავუშვათ, რათა პატარებმა უკეთ აღიქვან თოჯინები.

გზა ანიმაციური ფილმების გადაღებამდე...

კარლო სულაკაურის თეატრალურ სამყაროსთან შეხება ქუჩის მსახიობებს უკავშირდება. მის ბავშვობაში მოხეტიალე მსახიობები ეზო-ეზო მართავდნენ წარმოდგენებს. ერთ დღეს ბიჭი მსახიობებს უკან გაჰყოლია. ბოლოს, ავლაბარში მიაგნეს... 8 წლის იყო, მამა რომ გადაუსახლეს და ოჯახის სიმძიმე მხრებზე მას დააწვა... ანიმაციური ფილმის რეჟისორობამდე  გრძელი გზა გაიარა...

კარლო სულაკაურის მოგონებებიდან: "თელავის თეატრში დავდგი სპექტაკლი "ბარათაშვილი", მაგრამ ეს მხოლოდ უფროსებისთვის იყო. მომინდა, ბავშვებისთვის შემექმნა თოჯინების თეატრი. ჩემი პირველი სპექტაკლი იყო "ბებია დარეჯანის ზღაპრები"... შემდეგ გადამიყვანეს რუსთავში, იქიდან - თბილისის თეატრში... კულტურის სამინისტრომ სერგეი ობრაზცოვთან (თოჯინების თეატრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი) სტაჟირებაზე გამგზავნა მოსკოვში 1959 წელს. იმავე წელს გადაწყდა, რომ თბილისის სტუდიაში თოჯინური ფილმების გადაღება დამეწყო. მოცულობითი მულტიპლიკაციის შესწავლა დავიწყე "სოიუზმულტფილმში". მოსკოვიდან დაბრუნებულმა რეჟისორ შალვა გედევანიშვილთან ერთად გადავიღე ფილმი "ნიკო და სიკო". ამის შემდეგ დავიწყე და დღემდე მოვდივარ"...

კარლო სულაკაური სულ 21 თოჯინური ფილმის ავტორია. ერთ-ერთია ძმის, მწერალ არჩილ სულაკაურის ნაწარმოების, "სალამურას თავგადასავლის" თოჯინური ვერსია. ამ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება სამი წელი მიმდინარეობდა. "სალამურას", რომელსაც 30-მდე პერსონაჟი ჰყავს, ერთი მსახიობი ათამაშებდა. ყველა გმირს კი თავისი რეალური პროტოტიპი ჰყოლია.

არჩილ სულაკაური: - მისი პირველი თოჯინური ფილმი "ნიკო და სიკო" ახალი სიტყვა იყო ქართულ ანიმაციურ სამყაროში. ახლა ანიმაციას კომპიუტერით აკეთებენ, მაშინ ხელით კეთდებოდა, შრომატევადი იყო, მაგრამ შედეგი ყველაფერს გავიწყებდა.“

კარლო სულაკაური 75 წლისა 2001 წელს გარდაიცვალა. ბოლოს "რწყილი და ჭიანჭველაზე" მუშაობდა... როდესაც ყველაფერი დასრულდა და ფირის გამჟღავნების პროცესი დაიწყო, შუქი ჩაქრა და ყველაფერი წყალში ჩაიყარა...

არჩილ სულაკაური ამბობს, რომ კაცს, რომელიც ბავშვების სამყაროს ქმნიდა, დღეს თოჯინებს ართმევენ - მურაზ მურვანიძე "ბომბორას" მეორე სერიის (პირველი სერია 1968 წელს, ხოლო მეორე - 1973 წელს გადაიღეს) თოჯინას ავტორობას იბრალებსო... დავა სასამართლომდეც მივიდა და მურაზ მურვანიძე გამართლდა. არჩილ სულაკაური გასაჩივრებას აპირებს. გული სწყდება, რომ მამამისის ფილმებს ტელევიზიები აღარ უჩვენებენ. ამბობს, რომ დღეს ანიმაციური ფილმების უმეტესობა ძალადობის ამსახველ სცენებს შეიცავს და მოზარდის ფსიქიკას აზიანებს. ისეთი უწყინარი ფილმები კი, როგორსაც წლების წინ იღებდნენ, აღარავის აინტერესებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხ. პალიტრა  TV-ზე