"შვილი რომ წამართვან, ვერ გადავიტან" - კვირის პალიტრა

"შვილი რომ წამართვან, ვერ გადავიტან"

"ბავშვი უკვე 11 წლისაა და მამა შეაძულეს, არადა, მის გარდა არავინ მყავს"

რედაქციაში ახალგაზრდა მამაკაცი გვესტუმრა და შემოგვჩივლა, სხვადასხვა უწყებაში ამაოდ დავდივარ, სამართალი ვერ ვიპოვე, შვილის ნახვის უფლებას არ მაძლევენო. ხელში სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭირა, სადაც შვილთან შეხვედრის დღეებია აღნიშნული, მაგრამ დღემდე გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდება.

რევაზ მჭედლიშვილი: - გორი-ცხინვალის სამარშრუტო ხაზზე ვმუშაობდი. გავიცანი გოგონა, რომელიც გორის სამედიცინო სასწავლებელში სწავლობდა. მომეწონა. რამდენიმე თვეში შევუღლდით. მალე ბიჭი შეგვეძინა. 9 წელი ვიცხოვრეთ ერთად. აგვისტოს ომის დროს გორიდან თბილისში წამოვედით. მანქანა მყავდა და ვტაქსაობდი. 2010 წელს ჩემმა მეუღლემაც დაიწყო მუშაობა ექთანად ერთ-ერთ კლინიკაში, მაგრამ მალე ურთიერთობა დაგვეძაბა... ბევრჯერ გამოვიჭირე ტყუილში. მძინარე ბავშვს ტოვებდა, თვითონ კი ვითომ სამსახურში მიდიოდა. ერთხელ სამსახურის ნომერზე დავურეკე, მითხრეს, - დღეს მორიგე არ არისო. თანამშრომელს ვუთხარი, მეუღლე ვარ, ბავშვი ავად არის-მეთქი. როგორც ჩანს, შეატყობინეს. ცოტა ხანში დამირეკა, - ბავშვს რა მოუვიდაო. მეტრო "ახმეტელთან" დამითქვა შეხვედრა... ერთი სიტყვით, ერთმანეთს ეჭვიანობის ნიადაგზე დავშორდით. ჩვენი ნაქირავები ბინიდან ყველაფერი წაიღო და წავიდა.

- თქვენს მეუღლეს დამცავი ორდერი მოუთხოვია. სცემდით?

- 2013 წელს დამაკავეს და მის ცემაში დამდეს ბრალი. პოლიციის განყოფილების სარდაფში ჩამიყვანეს, მოითხოვდნენ, მეღიარებინა ცოლის ცემა. არ ვაღიარე, ამიტომ პოლიციელებმა მცემეს. ძალით მომაწერინეს აღიარებაზე ხელი.

- უმიზეზოდ ხომ არ გასცემდნენ დამცავ ორდერს, ალბათ, სცემდით ცოლს.

- სანამ დამაპატიმრებდნენ, მანამდე სერიოზული უთანხმოება მქონდა. შვილს ოთხი თვე მარტო ვზრდიდი, ის ცალკე ცხოვრობდა, ახლა კი ბავშვს არ მაკარებს, თავის მშობლებთან ჰყავს, თვითონ თბილისშია და შვილს ხშირად არც ნახულობს. არ მიცემია, თუმცა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე. როცა დამაკავეს, პოლიცია ერთთვიან ადმინისტრაციულ სასჯელს ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ ეს არ გააკეთა. პროცესზე მკითხა, რა დააშავე ისეთი, შენი ერთი თვით ციხეში გამოკეტვა რომ უნდათო.

- თქვენი მეუღლე ექსპერტიზით ამტკიცებდა, რომ ნაცემი იყო?

- თვითონ დამიბარა ერთ დღეს. ფეხებში ჩექმიანი ფეხი მირტყა... დაზარალებული მე ვიყავი, დალურჯებული მქონდა ფეხები. საცემი იყო, მაგრამ არ მიცემია. ჩვენ 2013 წლის 14 მაისს განვქორწინდით. სამშაბათს და ხუთშაბათს 2-2 საათით შვილის ნახვის უფლება მაქვს, პარასკევს 9 საათიდან შაბათის 9 საათამდე კი შემიძლია, ჩემთან მყავდეს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება...

- აღმასრულებლისთვის არ მიგიმართავთ?

- ბევრჯერ მივმართე სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენელს, მაგრამ ამაოდ.

- ალიმენტს იხდით?

- სასამართლომ თვეში 80 ლარი დამაკისრა, მაგრამ არ გადამიხდია. 2.000 ლარს გადასცდა ალიმენტის თანხა. შემახვედრონ შვილს და, რაც მექნება, იმას მივცემ. სკოლაშიც ბევრჯერ მივაკითხე, მაგრამ იქაც არ მომცეს უფლება, მენახა. ბავშვი უკვე 11 წლისაა. მამა შეაძულეს, არადა, მის გარდა არავინ მყავს. შვილთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. შარშან, 10 თებერვალს, 10 წლის გახდა, ოქროს დაბადების დღე ჰქონდა. საჩუქრად ვუყიდე ოქროს ყელსაბამი, ტორტი, წვენები, ასაწყობი კონსტრუქტორი - ვიცოდი, გაუხარდებოდა. ასი ლარიც მედო ჯიბეში, რომ შვილისთვის მიმეცა. სკოლაში მივაკითხე. დირექტორმა დამინახა და პოლიცია გამოიძახა. უბნის რწმუნებულთან იმ დღეს შელაპარაკება მომიხდა. მითხრა, შენს შვილს შენი ნახვა არ უნდაო. გორის სოციალური სააგენტოს უფროსსაც ბევრჯერ ვთხოვე, დამხმარებოდა, მაგრამ უშედეგოდ. შვილს არ მაჩვენებენ და რადგან ალიმენტი არ გადავიხადე, პროკურატურას გადასცეს მასალები. ძმის სახლში ვარ ჩაწერილი, იქ ჩემი არაფერია, მაგრამ მემუქრებიან, შენს ძმას გავუყიდით ქონებას და ალიმენტის თანხას გადაგახდევინებთო. დამეხმარეთ, რომ ვიპოვო სამართალი, შვილი რომ წამართვან, ვერ გადავიტან.

ჩვენ დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს, გიორგი კუპრეიშვილს.

- ცოლ-ქმარს შორის დავა 2013 წლიდან გრძელდება. რამდენჯერმე პოლიციაც გამოიძახეს. დედას გაუგზავნია შეტყობინება, რომ სააგენტოში მოსულიყო... როგორც მითხრეს, მამის აგრესიის გამო, ეს შეხვედრა ჩაიშალა. მამას არა მარტო ყოფილი ცოლის, შვილის მიმართაც ჰქონდა აგრესია.

- მამა ამბობს, რომ ბავშვი იზრდება დედის ოჯახში და მას მამა შეაძულეს. თუ ბავშვზე ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, თქვენ რა მექანიზმი გაქვთ ამის საწინააღმდეგოდ?

- ამ საქმეში სასამართლო დავის პროცესში ჩართული იყო ფსიქოლოგი. გადაწყვეტილება არ აღსრულდა ბავშვის უარის გამო.

- ბავშვის მამა ამბობს, დედას შვილს ხშირად არ ნახულობს, თვითონ თბილისში ცხოვრობს, ბავშვი კი მის მშობლებთან იზრდებაო.

- ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად ბავშვი დედამ თბილისში წამოიყვანა. ვიცით, რომ საცხოვრებლად გადავიდა ისანში. ახლა ისნის სოციალური სამსახური ცდილობს, დაადგინოს მათი ადგილსამყოფელი. როცა მისამართი დაზუსტდება, კიდევ ერთხელ დავიწყებთ სააღსრულებლო მოქმედებებს.

- თუ ვერ იპოვეთ?

-  მაშინ პოლიციის დახმარებით  მოვძებნით და ხელახლა დაიწყება აღსრულების პროცესი. დედა ვალდებულია, მამას შვილი აჩვენოს. ხშირად ბავშვები ობიქტური მიზეზებით ამბობენ უარს მშობლის ნახვაზე. ისე, ეს ქალბატონი ერთხანს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშიც ცხოვრობდა შვილთან ერთად.

სამწუხაროდ, დაპირისპირებული მხარეები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ ასეთი აგრესიის დროს ყველაზე მეტად ბავშვი ზარალდება. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყველაფერი მოგვარდება და მამას შვილის ნახვის საშუალებას მისცემენ.

თეა ხურცილავა