ვინ არის CNN-ისა და FOX NEWS-ის ქართველი ჟურნალისტი - კვირის პალიტრა

ვინ არის CNN-ისა და FOX NEWS-ის ქართველი ჟურნალისტი

"ამერიკაში ბალეტის ტურმა ჟურნალისტიკით დამაინტერესა"

"კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა ჟურნალისტი ნუნუ ჯაფარიძე, რომელიც, ჯერჯერობით, ერთადერთი ქართველია, ვინც ყველა ჟურნალისტის საოცნებო CNN-ში მუშაობდა, ამჟამად კი FOX NEWS-ის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური შოუს პროდიუსერია. როგორ მიაღწია მიზანს და რას უსურვებს "კვირის პალიტრას" - ამ შეკითხვებს აშშ-ში წარმატებული ჟურნალისტი პასუხობს.

ბავშვობა

- ბავშვობიდანვე წიგნების კითხვა ძალიან მიყვარდა. ეს ჩემთვის სხვა, მიუწვდომელ სამყაროსთან დაკავშირების გზა იყო. მეოცნებე ვიყავი, ცოტა უცნაური ბავშვიც... სწავლას სერიოზულად ვეკიდებოდი და სკოლაში ფრიადებს მიწერდნენ. ამასთან, ბალეტით ვიყავი გატაცებული. 7 წლისა ხელოვნების სკოლაში დავდიოდი. მეუბნებოდნენ, რომ კარგი მონაცემები მქონდა და ბალეტს უნდა გავყოლოდი. შინ თუ გარეთ, სულ ვცეკვავდი. ხანდახან ტელევიზორს შპაგატში ჩამჯდარი ვუყურებდი. ნინო ანანიაშვილი ჩემი კერპი იყო და ვოცნებობდი, მეც სახელგანთქმული ბალერინა გამოვსულიყავი. მშობლები არასდროს მზღუდავდნენ. მამა მასაწვლიდა, ბავშვობიდანვე თავად მიმეღო გადაწყვეტილებები, უმნიშვნელო საკითხებზეც კი...

53-ე სკოლაში ვსწავლობდი. კარგად მახსენდება ეს პერიოდი... 10 წლისა ამერიკაში პირველად ჩამოვედი საბალეტო გასტროლზე. მაშინ მივაქციე ყურადღება ამერიკულ ჟურნალისტიკას. მომეწონა, რომ სასტუმროში ტელეარხების დიდი არჩევანი იყო და წამყვანები ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ. ასე რომ, ამერიკაში ბალეტის ტურმა ჟურნალისტიკით დამაინტერესა. მიზნად დავისახე, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი ამ ქვეყანაში. ეს ზღაპრული სამყარო იყო და არ შეესაბამებოდა საბჭოთა კავშირის დროს ამერიკაზე გადაღებულ ფილმებს, სადაც ნაჩვენები იყო უმუშევართა რიგები, მათხოვრები... 7 წელი დამჭირდა, რომ ოცნება რეალობად მექცია...

წარმატების საათმა ჩამოჰკრა

17 წლისამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებულ კონკურსში გავიმარჯვე. 3 წელი ვმონაწილეობდი. მეორე წელს რეზერვში მოვხვდი - მესამე ვიყავი (იმ წელს პირველი ორი წავიდა ამერიკაში). გულნატკენი დავრჩი, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია. შემდეგ წელს ისევ მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე.

განათლება დასავლეთ კენტუკის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლაში მივიღე. უნივერსიტეტს თავისი სატელევიზიო არხი და გამომცემლობა ჰქონდა. მაღალი ნიშნების გამო სატელევიზიო არხის კორესპონდენტად ამირჩიეს. უნივერსიტეტში თეორიას ვსწავლობდი, ტელევიზიაში კი პრაქტიკას გავდიოდი, რაც ჟურნალისტისთვის აუცილებელია. მალე ნახევარ განაკვეთზე დამიქირავეს PBშ აფფილიატ -ის ტელევიზიაშიც...

მტკიცედ გადავწყვიტე, CNN-ზე მემუშავა. თუმცა, აუხდენელი ოცნება იყო. არადა, ეს იდეა არ მასვენებდა. ერთ დღეს ჩანაფიქრი ერთ პროფესორს გავუზიარე. იმედგაცრუებული რომ არ დავრჩენილიყავი, შემამზადა, - CNN-ზე მოხვედრა ძალიან რთულია და ყველა ჟურნალისტის ოცნებააო. არადა, პროფესორთან საუბარმა უფრო გამიღვივა იქ მუშაობის სურვილი. უნივერსიტეტში სწავლისას კონკურსებში ვმონაწილეობდი. ორჯერ პირველი ადგილი ავიღე  Associate Press-ის კონკურსში...

ერთხელ უნივერსიტეტს ეწვია ჟურნალისტური ორგანიზაცია Poynter Institute-ის წარმომადგენელი და შემთხვევით აღმოჩნდა სტუდენტების მიტინგზე, რომელსაც ჩვენ ვაშუქებდით. ჩემი რეპორტაჟით დაინტერესდა და მირჩია, CNN-ში პრაქტიკის გავლაზე განაცხადი შემეტანა. ჩემი მასალების გაცნობის შემდეგ კი თავად გამიწია რეკომენდაცია. ძალიან ამაღელვებელი რამდენიმე ინტერვიუს შემდეგ CNN-მა ატლანტის მთავარ ოფისში პრაქტიკის გავლა შემომთავაზა...

ახდენილი ოცნება

მახსოვს პირველი დღე - როცა CNN-ში  მივედი, თვალებს არ ვუჯერებდი... ხელმძღვანელები ჩემი მუშაობით კმაყოფილი დარჩნენ და ცოტა ხანში მთლიან განაკვეთზე მუშაობა შემომთავაზეს. ეს უფლის წყალობა იყო, ჩემი მიზანდასახულობის გამო!

CNN-ზე 14 წელი ვიმუშავე, შემდეგ ატლანტის ოფისიდან ამერიკის დედაქალაქში გადავედი. ვიყავი ახალი ამბების მაძიებელი, პროდიუსერის ასისტენტი ნიუსრუმში, პირდაპირი ეთერის პროდიუსერი და ბოლოს, ყველა პლატფორმის პროდიუსერი.

CNN-ში მუშაობა სტრესებით აღსავსე, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო...

განსხვავებულ თემებზე ვამზადებ სიუჟეტებს. გასულ კვირას კლიმატის ცვლილებებზე გავაკეთე რეპორტაჟი, ამ დღეებში ჰილარი კლინტონზე მიწევს სიუჟეტის მომზადება. ურთიერთობა მაქვს სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული კულტურისა და წარმომავლობის ხალხთან. ერთ დღეს შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტს ვესაუბრო, მეორე დღეს - უსახლკაროს...

ცვლილებების დრო

CNN-ში 14-წლიანი მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ცვლილებების დრო მოვიდა. რაღაც განსხვავებული მინდოდა, სადაც ახალი დაბრკოლებების გადალახვას შევეცდებოდი. არჩევანი FOX NEჭშ-ზე შევაჩერე. ის CNN-ის მთავარი კონკურენტია. CNN-ს ყველაზე დიდი საერთაშორისო აუდიტორია ჰყავს, FOX NEჭშ-ი კი რეიტინგით პირველია ამერიკაში. ჩემმა გადაწყვეტილებამ CNN-ის ხელმძღვანელობას ძალიან ატკინა გული. ეცადნენ დარწმუნებას, რომ კონკურენტთან არ წავსულიყავი, მაგრამ ეს ნაბიჯი ჩემი კარიერისთვის უმჯობესი იყო.

ამჟამად, FOX NEWS-ზე ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური შოუს - შპეციალ ღეპორტ With Breat Bair-ის პროდიუსერად ვმუშაობ. საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და ყველაზე აქტუალური თემა პრეზიდენტობის კანდიდატებია. თუმცა, ყოველდღიურად ვაშუქებთ ისეთ საკითხებსაც, რაც აშშ-ირანის მოლაპარაკებებსა თუ რუსეთ-უკრაინის საომარ ვითარებას უკავშირდება.

მთავარი ოჯახია

სამსახური ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც ოჯახია - თავშესაფარია, სადაც სიყვარულია. გამიმართლა, რომ ისეთი მეუღლე შემხვდა, რომელსაც ჩემი ესმის. ის ქართველია - შოთა დვალიძე. საქართველოში ძალიან ახლოს ვცხოვრობდით, მაგრამ ერთმანეთი ამერიკაში გავიცანით. გვყავს 2 გოგონა - 12 წლის ელენე და 8 წლის ელიზაბეტი.

რთული დავალება

ეს რუსეთ-საქართველოს ომის გაშუქება იყო. დამავალეს საქართველოდან ინფორმაციის მოპოვება, ჩემს რუს კოლეგას კი რუსული მხარის გაშუქება. არადა, გვერდიგვერდ ვისხედით... ცრემლები მომდიოდა, როცა გორიდან გამოქცეულ პატარა გოგონას ვახმოვანებდი - დაღუპულ მშობლებს ეძებდა საავადმყოფოში. ორი კვირა დღე-ღამეს ვასწორებდით...

"იუბილეს გილოცავთ!"

"კვირის პალიტრას" ვულოცავ 20 წლის იუბილეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. მინდა, გყავდეთ კიდევ უფრო მეტი მკითხველი და არასოდეს მოგკლებოდეთ საინტერესო თემები. მომავალშიც მრავალი იუბილე გადაგეხადოთ და მუდამ წარმატებული ყოფილიყავით!