20 წლის იუბილე "პალიტრაში" - კვირის პალიტრა

20 წლის იუბილე "პალიტრაში"

ყველაფერი 20 წლის წინ, ერთი პატარა ოთახიდან დაიწყო. ალბათ, მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ გაზეთი, რომლის რამდენიმე თანამშრომელი ყოველკვირეულ დაიჯესტებზე მუშაობდა, საქართველოში წამყვან მედიაჰოლდინგად გადაიქცეოდა. "პირველმა პალიტრელებმა" მკითხველის სიყვარულითა და საქმისადმი ერთგულებით მძლავრი მედიაჰოლდინგი შექმნეს, რომელიც დღეს ოთხ პერიოდულ გაზეთს, 15 პერიოდულ ჟურნალს, 22 ინტერნეტპორტალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოსა და წიგნების გამომცემლობას აერთიანებს. ბეჭდური მედიის საერთო ტირაჟი ჩვენს ჰოლდინგში თვეში 800 000-ს აჭარბებს, ხოლო ინტერნეტპორტალების უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა ყოველთვიურად 15 335 105-ს აღემატება. "პალიტრის" შემადგენლობაშია მულტიპროფილური, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი სტამბაც. "პალიტრამედიაში" გაერთიანებულია სარეკლამო ინტერნეტმარკეტინგისა და ვებგანვითარების კომპანიებიც. ჯამში, მედიაჰოლდინგის პროფესიონალთა გუნდი 1 400-ზე მეტი თანამშრომლისგან შედგება.

რამდენიმე დღის წინ, გაზეთის დაბადებიდან ოცი წლის თავზე, ყოფილმა თუ მოქმედმა თანამშრომლებმა "თბილისი ივენთ ჰოლში" იუბილე აღნიშნეს - კორპორაციულ საღამოს მედიაჰოლდინგის კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია და HR-ის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ფეიქრიშვილი უძღვებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორებმა თანამშრომლებს უამრავი სიურპრიზი მოუწყვეს: "პირველ პალიტრელებს", რომლებიც 1995 წლიდან დღემდე გაზეთის ერთგული თანამშრომლები არიან, "საპატიო პალიტრელის" სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. სცენაზე ასულ გაზეთის პირველ გუნდს საზოგადოება განსაკუთრებული ოვაციით შეხვდა.

"კვირის პალიტრის" ეპოქის შექმნისთვის დაჯილდოვდა ჟურნალისტების "ძველი გვარდია", რომელთა სტატიებითაც უახლესი ისტორიის ხუთტომეული - "ჩვენი ეპოქა" გამოიცა. თითოეულმა მათგანმა, "პალიტრის" ხელმძღვანელობასთან ერთად, არაერთი ქარტეხილი გამოიარა, თუმცა, ყველა დაბრკოლება გადალახა და გაზეთის მთავარი პრინციპის - სიმართლის ერთგული დარჩა.

შთამბეჭდავი პრიზებით დასაჩუქრდნენ გაზეთის რედაქტორის მოადგილეები და სხვა თანამშრომლებიც. საღამოზე ლოტოტრონიც გათამაშდა - დოლურაში სპეციალურ ფურცლებზე დაწერილი თითოეული თანამშრომლის სახელი და გვარი იყო მოთავსებული, გამარჯვებულები კი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლინეს - იღბლიან "პალიტრელებს" საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს.

ღონისძიებას სასიამოვნო მუსიკით ცოცხალი ბენდი აფორმებდა. რამდენჯერმე გაიჟღერა "კვირის პალიტრის" ჰიმნმაც - "სიტყვის თავისუფლება", რომელიც ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანებმა გაზეთს მიუძღვნეს - სიმღერა "პალიტრელებმა" ხელჩაკიდებულებმა შეასრულეს!

საღამოს დასასრულს საიუბილეო ტორტი ფეიერვერკის თანხლებით გაიჭრა. ამ დღეს იყო ბევრი თბილი მოგონება, მოფერება და სიყვარული...

ძვირფასო მკითხველო!

"კვირის პალიტრის" არსებობის 20 წლის მანძილზე, ჩვენი ამოსავალი წერტილი მართალი სიტყვის სამსახური, მკითხველისთვის ობიექტური, მრავალფეროვანი და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებაა. ასე იქნება ყოველთვის. სწორედ ამან შეგვძინა უამრავი ერთგული მკითხველი, რაც ჩვენთვის მთავარი სიმდიდრეა.

"კვირის პალიტრისთვის" ასევე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო ის, რომ გაზეთი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო მკითხველისთვის, სოფლადაც და ქალაქადაც, ჯერ კიდევ იმ წლებიდან მოყოლებული, როდესაც ადამიანები თვითგადარჩენისთვის იბრძოდნენ. ასე გამოვიარეთ ერთად 20 წელი.

წლების განმავლობაში ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. პირველ რიგში, გაიზარდა ფასები თითქმის ყველაფერზე, რაც შეეხო როგორც მოქალაქეებს, ისე მედიასაშუალებებს. გაზეთმა საბოლოო სახით მკითხველამდე რომ მიაღწიოს, ამას რთული საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესი სჭირდება. ასევე, გაძვირდა ქაღალდიც, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ იწარმოება და საზღვარგარეთიდან შემოდის. Gგაიზარდა ფასები სხვა კომპონენტებზეც, რომლის ჩამოთვლითაც თავს არ შეგაწყენთ, რასაც თან დაერთო ლარის კურსის ცვლილება.

შესაბამისად, ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის წინაშე არაერთხელ დაისვა მტკივნეული საკითხი - გაგვეზარდა თუ არა გაზეთის ფასი, რაზეც ყოველთვის ბოლო მომენტამდე თავს ვიკავებდით და ვცდილობდით, ჩვენი რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაციით, "კვირის პალიტრაზე" ძველი ფასი შეგვენარჩუნებინა.

დადგა ეტაპი, როდესაც ფასის მომატება გარდაუვალი გახდა. თუმცა, მკითხველის ინტერესიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაზეთის ფასი მხოლოდ იმდენით გაგვეზარდა, რაც საჭიროა გაძვირებული პროცესების მხოლოდ მინიმალურად დასაბალანსებლად. 4 მაისიდან "კვირის პალიტრა" 1 ლარის ნაცვლად, 1,5 ლარი ეღირება.

დარწმუნებულები ვართ, მკითხველი გაგვიგებს. Eეს აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენ, ჩვენო მკითხველო, თქვენი საყვარელი გაზეთი იმავე ხარისხით შეუფერხებლად მიიღოთ.

გმადლობთ, რომ კითხულობთ – "კვირის პალიტრას"!