როგორ "იჭრება" ფული ნაგავში?! - "მენაგვე" ჩინოვნიკების კიდევ ერთი კორუფციული სქემა - კვირის პალიტრა

როგორ "იჭრება" ფული ნაგავში?! - "მენაგვე" ჩინოვნიკების კიდევ ერთი კორუფციული სქემა

"თუ ასე გაგრძელდა,  მალე ვირთხები შეგვჭამენ, ზოგიერთი მართლა "ვირთხა" ჩინოვნიკის გადამკიდე"

"ნაგავს რომ ყრიან,  ღამით ტერიტორიას ტრაქტორით ასწორებენ,  ვითომც აქ არაფერიო,  მაგრამ კვალი

მაინც რჩება"

"ნაგავი ჩვენთვის გადაუჭრელ პრობლემად იქცა. თითქოს ის არ გვყოფნიდა, რომ ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ნაგავს იქ ყრის, სადაც მოესურვება. ამას ისიც ემატება, რომ ნაგვის მანქანებს შორს წასვლა "ეზარებათ"”და ნარჩენებს ხეობებსა თუ ჭალებში სპეციალურად ამოთხრილ ორმოებში  ყრიან. შემდეგ კი კვალის დასაფარად მათ ტექნიკით მიწას აყრიან. როგორც გავიგეთ, ეს შემთხვევით სულაც არ ხდება. თურმე ზოგიერთი ჩინოვნიკი ნაგვითაც ფულს აკეთებს. თუ ასე გაგრძელდა, მალე ვირთხები შეგვჭამენ, ზოგიერთი მართლა "ვირთხა" ჩინოვნიკის გადამკიდე. მაგალითისთვის მხოლოდ "თეატრონის" ტერიტორიაც გამოდგება", - გვწერენ მცხეთიდან.

ჩვენ მცხეთის რაიონს ვესტუმრეთ.

როგორც ჩანს, მთავარი პრობლემა ნაგავი კი არ არის, არამედ ის, რომ ადგილობრივ ჩინოვნიკებს არაფერი ანაღვლებთ, გარდა საკუთარი ხელფასებისა და პრემიებისა. მაგალითად, მათ არ ანაღვლებთ, რომ მცხეთა წმინდა ქალაქადაა აღიარებული, ქართული წმინდა ტაძრების დიდი ნაწილი ამ ქალაქშია თავმოყრილი - საგურამოში წმინდა ილია მართლის სახლ-მუზეუმია, იქვეა წიწამურიც, უამრავი მიმსვლელ-მომსვლელია, მათ შორის უცხოელი ტურისტებიც, მაგრამ ეს ყველაფერი მავანს არ ადარდებს. აAმის მისახვედრად კვლევის ჩატარება საჭირო  არ არის - მიიხედ-მოიხედეთ და ყველაფერში თავად დარწმუნდებით. დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას გადაუწყვეტია, - მცხეთის რაიონი ერთ დიდ ნაგავსაყრელად აქციოს.

თუ ულამაზესი ხედებით დატკბობას გადაწყვეტთ, სჯობს, ეს მანქანიდან გააკეთოთ, რადგან შესაძლოა, ან ვირთხამ გიკბინოთ, ან სხვა მღრღნელმა, რომელიც უხვად ბუდობს ნაგვის მთებში. ამაში თავადაც დავრწმუნდით, როდესაც "თეატრონის" ჭალაში დახვავებული ნაგავი ვიხილეთ.

თუმცა, რა უჭირს, მხოლოდ ფეხებზე მკიდიაობასა და უუნარობაში რომ იყოს საქმე. რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ შენ სპეციალურად ანაგვიანებ გარემოს და ამაში თან ფულს აკეთებ(!) როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, არაერთხელ შეუნიშნავთ ნაგვის მანქანები, რომლებიც ნარჩენებს პირდაპირ ჭალებსა თუ ხეობებში ყრიან. Eეს უკვე ვანდალიზმიც აღარ არის. ეს პირდაპირ მავნებლობაა!

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ფაქტი მყარი ნარჩენების კომპანიას გამოუვლენია და ამის გამო საკუთარი თანამშრომელი გაუთავისუფლებია. თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, ამ თანამშრომლის დაკითხვის შემდეგ ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო.

სად ნაგავი და სად ანტიკორუფციული სააგენტოო, - იკითხავთ ალბათ. Aამ კითხვაზე პასუხისთვის მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ნუგზარ ყიფიანს მივმართეთ.

ნუგზარ ყიფიანი: - მცხეთის თემის 60 ათას მოსახლეს ორი სპეცმანქანა ემსახურება. მანქანები ჩინური წარმოებისაა, ხშირად ზიანდება, ნაწილებს ხანდახან ორი თვე ელიან და ფაქტობრივად, ამხელა რეგიონი ერთი მანქანის ანაბარა რჩება. ამიტომ ვერ ხერხდება ნაგვის დროულად გატანა.

აუცილებელია ტენდერის გამართვა და მანქანების შესყიდვა... არის კიდევ ერთი პრობლემა - სპეცტექნიკა და ურნები გადაცემული აქვს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ააიპ-ს. მათი მოვალეობაა ნაგვის დროულად გატანა და სისუფთავეზე პასუხისმგებლობა.

ტექნიკის ნაკლებობას ემატება საქმისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაც.

კასპის მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე მცხეთის, გორის, ხაშურის მუნიციპალიტეტების ნაგავიც მიაქვთ. იქ, სპეციალურ ჟურნალში, ნაგვის მანქანების რაოდენობა უნდა აღირიცხოს, მაგრამ ზუსტ ციფრს არ აფიქსირებენ.

- რას ნიშნავს ნაგვის მანქანების არაზუსტი აღრიცხვა?

- ვთქვათ, დღის განმავლობაში მცხეთიდან ნაგავსაყრელზე 5 მანქანა უნდა წავიდეს (ანუ, ამდენი რეისი უნდა შესრულდეს). ჟურნალში 5 მანქანა მართლაც ჩაიწერება, მაგრამ რეალურად ნაგვის დასაცლელად მხოლოდ ერთ ან ორ მანქანას გზავნიან. ცდილობენ, დანარჩენი ნაგავი ქალაქის ახლოს, მოფარებულ ადგილებში დაყარონ. მათ შორისაა ,,თეატრონის" ტერიტორიაც...

ნაგავს რომ ყრიან, შემდგომ ღამით ტერიტორიას ტრაქტორით ასწორებენ, ვითომც აქ არაფერიო, მაგრამ კვალი მაინც რჩება.

- კონკრეტულად კორუფციის სქემა რაში მდგომარეობს?

- როგორც გითხარით, კასპის ნაგავსაყრელზე ჟურნალში ფიქსირდება ყველა მანქანა, მძღოლი და შესვლის დრო... სინამდვილეში, ნაგვის მანქანა არ შედის, მაგრამ ოპერატორი, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ჟურნალში ატარებს, თითქოს მანქანა შევიდა. რეალურად, ნაგავი იყრება სხვაგან, მიმდებარე ტერიტორიებზე, არაგვის ხეობაში და ა.შ.

ბენზინი კი, რომელიც მცხეთიდან კასპამდე ჩასვლისთვის არის საჭირო, "იზოგება". აბა, დაიანგარიშეთ - 10, 20 თუ 100 რეისს რა თანხის საწვავი სჭირდება.

მაქვს ინფორმაცია, რომ შიდა ქართლში და ყველგან ანალოგიური სიტუაციაა...

- არაგვთან დაყრილი ნაგავი წყლის დაბინძურებისა და ეპიდემიის საფრთხეს არ ქმნის?

- ნაგავი, ცხადია, მდინარეში ხვდება და ეს სიბინძურე არაგვსა და მტკვარში ჩაედინება...

მცხეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროსი ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ მცხეთის ტერიტორიაზე ნარჩენებს არ ყრიან და ამ ფაქტს მის მიმართ აგორებულ შავ პიარად მიიჩნევს.

- ორი 14 და ერთი 7-კუბიანი მანქანები ეზიდებიან მცხეთიდან ნაგავს კასპის ნაგავსაყრელზე, სადაც ჟურნალში ფიქსირდება ყოველი მანქანა და რეისი, საწვავსაც პლასტიკური ბარათებით ასხამენ, სპიდომეტრის ჩვენებაც კი ფიქსირდება და როგორ შეიძლება, რეისი არ გააკეთო და აჩვენო?! მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დგას 150 ბუნკერი, რომელსაც მექანიზებული წესით იღებს მანქანა და კასპის ნაგავსაყრელზე მიაქვს. თვეში 2 ათასი კუბი ნაგავი გაგვაქვს.

,,თეატრონის" ტერიტორიაზე ერთი დაჭაობებული ადგილია, რომელსაც გრეიდერით ვასწორებთ და მიწას ვაყრით... იქ ნაგავს ჩვენ არ ვყრით. არ ვიცი, თქვენ რას გადაუღეთ ფოტოები...

- გვითხრეს, რომ ამ საქმეს ანტიკორუფციული სამსახური იკვლევს...

- ვიღაცას უნდა, ყველაფერი შავად დახატოს. ვიცი, მცხეთაში ერთ კაცს უნდა წყლის ამღვრევა...

გვაქვს სამი დახურული ტიპის და ერთი ღია მანქანა. მყარი ნარჩენები, ვთქვათ, ქვები, ღია ტიპის მანქანით მიგვაქვს ,,თეატრონის" ტერიტორიაზე, ჭაობში ვყრით და მერე ვასწორებთ(?!).

P.S. მცხეთიდან ნაგავი კასპის ნაგავსაყრელზე ყოველდღიურად ხან ერთი, ხანაც - ორი მანქანით გააქვთ. გზა მცხეთიდან ნაგავსაყრელამდე დაახლოებით 40 კილომეტრია. ნაგვის ჩასატანად და უკან დასაბრუნებლად 80 კილომეტრის გავლაა საჭირო. მცხეთის დასუფთავების სამსახურის მანქანების ნაწილი ბენზინზე, ნაწილი კი დიზელზე მუშაობს. როგორც გვითხრეს, ავტომობილებს საწვავი დადგენილი ნორმით 100 კილომეტრზე 43 ლიტრი ეძლევათ. საწვავის ფასი 1,68 ლარიდან იწყება. უხეში გათვლებით, ყოველი ასეთი ,,ხალტურა" დასუფთავების სამსახურს ერთ რეისზე დაახლოებით 72 ლარის ,,გათეთრების" საშუალებას აძლევს (!).

თუ საშუალოდ ვიანგარიშებთ დღეში 10 რეისს, ყოველდღე ჩინოვნიკების ჯიბეში 720 ლარი "დანაზოგი" აღმოჩნდება.

თუ ამ ციფრს 365-ზე გადავამრავლებთ...მოკლედ, როგორც ჩანს, სანიტარიულმა კორუფციამ მართლაც იცის ჩათრევა. ეტყობა ზოგიერთმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო, ფულს სუნი არ ასდისო.

ამის ფონზე სასაცილოა ტურიზმის განვითარებასა და რაღაც პროექტებზე საუბარი. ისე, საზღვარგარეთის ზოგიერთ ქვეყანაში მას, ვინც ნაგავს უადგილო ადგილას დაყრის, ჯარიმის გარდა, რამდენიმე დღე მეეზოვედაც ამუშავებენ. აAნტიკორუფციული სააგენტოს ადგილას რომ ვიყო, ეკოლოგიის ხარჯზე გამდიდრების სურვილით შეპყრობილ ამ ჩინოვნიკებს საკუთარი ხელით დავასუფთავებინებდი მცხეთის რაიონს, ოღონNდ ხელთათმანებისა და ნაგვის მანქანების გარეშე. ვინძლო, ამან სხვა ჩინოვნიკებზე გამომაფხიზლებლად იმოქმედოს. "Kკვირის პალიტრა" თვალყურს მიადევნებს მოვლენების განვითარებას და მასალებს მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ.

თორნიკე ყაჯრიშვილი