"მადლობა, ღმერთო, მთელი იმ სიყვარულისათვის, რომელიც მე მომენიჭა"
27-04-2015
"მადლობა, ღმერთო, მთელი იმ სიყვარულისათვის, რომელიც მე მომენიჭა"
როგორ აღნიშნავს მსოფლიო აგათა კრისტის წელს?!

"იდუმალი მოვლენა სტაილზში", "კაცი ყავისფერ პალტოში", "როჯერ ეკროიდის მკვლელობა", "დიდი ოთხიანი", "ცისფერი მატარებლის საიდუმლო", "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესზე", "ტრაგედია სამ აქტად", "ენდჰაუზის საიდუმლოება", "სიკვდილი ღრუბლებში" - ალბათ, ამქვეყნად მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებზეც ლეგენდარული მაძებრის ერკიულ პუაროსა და ახირებული მის მარპლის უჩვეულო თავგადასავლებს დაუვიწყარი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. აგათა კრისტის დეტექტივები დღემდე მსოფლიო ბესტსელერების ლიდერია!

წელს, სექტემბერში, აგათა კრისტის დაბადებიდან 125 წელი გადის, ამიტომ 2015 წელი
მის წლად გამოცხადდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით


მსოფლიოში, განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთში, ღონისძიებების სერიაა დაგეგმილი, რომელიც მწერლის ძეგლის გახსნას, სხვადასხვა კონკურსის ჩატარებასა და გრანდიოზულ რამდენიმედღიან ფესტივალს მოიცავს.
ყველა აქტივობის კულმინაცია სექტემბერში, აგათა კრისტის დაბადების დღეზეა დაგეგმილი. მწერლის ოფიციალურ ვებგვერდზე ფანების წერილებისა და ვიდეოჩანაწერების მიღება თემაზე -
"როგორ შეცვალა კრისტიმ ჩემი ცხოვრება", დიდი ხანია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ იდეა აგათას სიცოცხლეშივე მისთვის გაგზავნილი ფანების წერილებიდან დაიბადა, რომელიც აგათას დაბადების დღისადმი მიძღვნილ ფესტივალზე გამოიფინება. მკითხველთან ერთად, კონკურსში მსოფლიოში ცნობილი ადამიანებიც მონაწილეობენ და რამდენიმე სიტყვით ან ვრცელი წერილით "დეტექტივის დედოფლის" მიმართ მათ დამოკიდებულებაზე ჰყვებიან.
27 აპრილს კრისტის საუკეთესო რომანის გამოსავლენად ხმის მიცემა იწყება, რომელიც სექტემბერში შეჯამდება და მკითხველის მიერ დასახელებული აგათა კრისტის საუკეთესო რომანი სპეციალური ლოგოთი დაიბეჭდება.
მსოფლიო ლიტერატურაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოც უერთდება.
27 აპრილიდან ქართულ საიტებზე: ambebi.ge, marao.ge, palitratv.ge და ipn.ge-ზე თქვენთვის სასურველი რომანისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა თავადაც გექნებათ.

დეიმ აგათა მერი კლარისა მილერი 1890 წლის 15 სექტემბერს, პატარა ინგლისურ ქალაქ ტორკში, უბრალო ვიქტორიანულ ოჯახში დაიბადა. ცნობილია, რომ აგათას ლაპარაკი ბავშვობიდანვე არ უყვარდა და აზრების გადმოცემა წერით უადვილდებოდა, თუმცა, შიშის მომგვრელი მოთხრობების გამო, პირველი ნამუშევრები მშობლებმა დაუწუნეს და პატარა გოგონამაც თხზულებების წერაზე ხელი დიდი ხნით აიღო... მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს მატერიალურად გაუჭირდა და საცხოვრებლად ინგლისიდან კაიროში გადავიდა. სწორედ კაიროში გაიცნო ახალგაზრდა აგათამ მომავალი მეუღლე არჩიბალდ კრისტი. ქორწინების შემდეგ, აგათამ მეუღლის გვარი მიიღო. არჩიბალდი საკმაოდ წარმატებული სამხედრო კარიერის გამო აგათასთან ყოფნას წლობით ვერ ახერხებდა. აგათას კი ამ დროს ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა და მოწყენილობისგან დაღლილმა, ერთ დღესაც ბავშვობის გატაცების - მწერლობის გახსენება გადაწყვიტა. აგათა ამბობდა, რომ სიუჟეტებს ჭურჭლის რეცხვისას, აბაზანასა და ვაშლების ჭამის დროს იგონებდა. პირველი  - მის გონებაში მორიგ მკვლელობას ბადებდა, ვაშლები კი სიუჟეტის განვითარებას აჩქარებდნენ. არჩიბალდს არასდროს დაუმალავს, რომ ცოლის ლიტერატურული შემოქმედება არასდროს აინტერესებდა, რადგან თავად გოლფითა და ვინმე ნენსი ნილით იყო გატაცებული. წყვილის ურთიერთობა ვერც ქალიშვილის, როზალინდას დაბადებამ გადაარჩინა - არჩიმ აგათას განქორწინება მოსთხოვა. ცოლი ქმრის გადაწყვეტილებას ერთი წელი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ყველა მცდელობა უიმედო იყო, დანებდა, თუმცა, თანამგზავრის გარეშე ყოფნა დიდხანს არ ეწერა. მეგობრებმა ურას არქეოლოგიურ გათხრებზე დაპატიჟეს, უძველეს ადგილებში მეგზურად კი 15 წლით უმცროსი ახალგაზრდა მეცნიერი მაქს მელოუენი შეურჩიეს, რომელსაც მხიარული აგათა მალევე შეუყვარდა და ხელიც სთხოვა.  მეორე ქორწინებამ აგათა გააბედნიერა.

მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში აგათა კრისტიმ 78 დეტექტიური რომანი, 19 პიესა, ასევე მოთხრობები და ლექსები დაწერა.

დაჯილდოვდა ბრიტანეთის იმპერიის მესამე ხარისხის ორდენითა და კიდევ არაერთი ლიტერატურული ჯილდოც ერგო. 1958 წლიდან აგათა დეტექტივთა კლუბის უცვლელი პრეზიდენტი გახდა, მაგრამ რატომღაც თავად საკუთარ შემოქმედებას სერიოზულად არასდროს ეკიდებოდა, მთავარ საკითხად შემეცნებითი საქმიანობა და მასალების სისტემატიზაციაში მეუღლის დახმარება მიაჩნდა. აგათამ უკანასკნელად წიგნი "ფარდა" გამოსცა, რომლის გამოქვეყნებას დიდხანს აყოვნებდა, თითქოს გრძნობდა, რომ ეს მისი რეკვიემი უნდა ყოფილიყო. აგათა 1976 წელს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ავტობიოგრაფიის ბოლოს კი ვკითხულობთ: "მადლობა, ღმერთო, ჩემი კარგი ცხოვრებისა და მთელი იმ სიყვარულისათვის, რომელიც მე მომენიჭა".

რუსუდან შელია
Zara
29 აპრილი 2015 09:27
Bavshvobashi gatacebuli viyavi agata kristis deteqtivebit,yvela misi deteqtivi gadakitxuli mqonda..gemovneba icvleba:-),exla namdvilad ver cavikitxav iseti mondomebit,rogorc adre.
თინა
28 აპრილი 2015 14:21
აგათა კრისტის ნებისმიერი მოთხრობა მიყვარს მე არ ვიცი რომელი გამოვარჩიო გამიხარდება თუ ქართულად გამოქვეყნდება აგათას კრებულები

რედაქტორის რჩევით