"სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული" - კვირის პალიტრა

"სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული"

სერიის მე-10 წიგნს მკითხველი ირჩევსწიგნები 4 მაისიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად თვეში ერთხელ გაიყიდება

კატალონიაში 1923 წელს ასეთი ტრადიცია დამკვიდრდა: სერვანტესის გარდაცვალების დღეს მამაკაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ, სანაცვლოდ კი მათგან წიგნებს იღებდნენ საჩუქრად... ანუ, ამ ჟესტით ქალები მამაკაცებს და შესაბამისად, მთელ ესპანეთს ახსენებდნენ, რომ წიგნს ამქვეყნად ვერაფერი შეცვლის, მათ შორის, ვარდების უზარმაზარი თაიგულიც კი!..

მართალია, 1923 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ინფორმაციული ტექნოლოგიები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, თუმცა, მსოფლიოში მცხოვრები ხუთი მილიარდი კაცის 80% აღიარებს, რომ წიგნი კაცობრიობის მთავარი მონაპოვარია. არაფერს ვამბობ იმ სიკეთეებზე, რომელიც წიგნმა ადამიანს მოუტანა... წამით წარმოიდგინეთ კაცობრიობა ჟიულ ვერნის, თომას მაინ რიდის, აგათა კრისტის, შექსპირის, მარკ ტვენისა და სხვა კლასიკოსების ნაწარმოებების გარეშე. წიგნს ადამიანისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს ჭეშმარიტება საუკუნეებმა გამოცადა!

"პალიტრა L"-ი უკვე რამდენიმე წელია წიგნის მოყვარულებს მსოფლიო ბესტსელერებით, სხვადასხვა ჟანრისა თუ მიმართულების საყოფაცხოვრებო მნიშვნელობის წიგნებით ანებივრებს. ამჯერად გამომცემლობა გრანდიოზულ პროექტს, "სამაგიდო წიგნების უნივერსალურ ათეულს" გთავაზობთ, რომელშიც გაერთიანებული წიგნების ნაკრები 4 მაისიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად თვეში ერთხელ გაიყიდება.

ეს დიდი სერია სხვადასხვა დროის ბესტსელერებს მოიცავს, რომლებიც საგანგებოდ უკვე განახლებული დიზაინითა და თანამედროვედ რედაქტირებული დაიბეჭდება.

პროექტი საშუალებას მოგცემთ, თქვენს ბიბლიოთეკას ისეთი წიგნები შემატოთ, როგორიცაა "სიბრძნის ენციკლოპედია", "ყველაფერი ყველაფერზე", "დიდი საოჯახო ენციკლოპედია", "საოჯახო სამზარეულო", "ქართული ხალხური ზღაპრები", "მეურნის ენციკლოპედია"...

ერთი სიტყვით, ნაკრები ყველა თაობაზეა გათვლილი. ეს წიგნები მუდმივად თქვენთან ახლოს უნდა იყოს, რადგან აქ მოცემული ინფორმაცია ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ სხვადასხვა მიზნისთვის შეიძლება დაგჭირდეთ.

ალბათ, ბევრჯერ გქონიათ შემთხვევა, როცა ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა ვებგვერდზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ამოგიკითხავთ, საბოლოოდ კი გიჭირთ არჩევანის გაკეთება, რომელი მათგანია რეალობასთან ახლოს. ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია პრაქტიკულად არ კონტროლდება, ამიტომ შესაძლოა, გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით საბედისწერო შეცდომა დაუშვათ. ასე რომ, მართალია, ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა სფეროზე ინტერნეტშიც მარტივად შეიძლება, მაგრამ ამ წიგნების უპირატესობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ინტერნეტისგან განსხვავებით მასში სანდო ინფორმაციას ამოიკითხავთ - სამედიცინო, კულინარიულ, სამეურნეო თუ სხვა თემებზე მაღალკვალიფიციურმა პროფესიონალებმა იმუშავეს.

"სიბრძნის ენციკლოპედია"

მსოფლიო მნიშვნელობის ბრძნულ გამონათქვამებსა და აზრებს მოიცავს, რომლებმაც, შესაძლოა, ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ხშირად ცნობილი ადამიანების ნააზრევი გადაწყვეტილების მიღებაშიც გვეხმარება, სტიმულსა და მეტ თავდაჯერებულობასაც კი გვმატებს. ასე რომ, ბრძნული აზრების საგანძური ბევრ საკითხზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ და ცხოვრებას გაგიმრავალფეროვნებთ.

"ყველაფერი ყველაფერზე"

ეს წიგნი უამრავ საინტერესო საკითხს აერთიანებს და ასობით შეკითხვაზე პასუხს გაგცემთ. მათ შორის, ცნობილ პირებზე, ქვეყნებზე, ტერმინებზე, ბუნებაზე, მსოფლიოს საოცრებებზე, ლიტერატურასა და არქიტექტურაზე, ცნობილ ფაქტებსა თუ მოვლენებზე - ყველაფრის მოკლე და საინტერესო განმარტებას ამ ტომში იპოვით.

"დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია"

ამ წიგნის შექმნაზე 24 ცნობილი ქართველი პროფესორი და ექიმი მუშაობდა, ამიტომ ის გავრცელებული დაავადებების შესწავლასა და მათი პრევენციისთვის ნამდვილად გამოგადგებათ. გახსოვდეთ, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია"”ნებისმიერ თქვენგანს ჯანმრთელი ცხოვრებისთვის სანდო, კომპეტენტურ და აუცილებელ მეგზურობას გაგიწევთ.

"საოჯახო სამზარეულო"

ქართველები გურმანები ვართ, კარგი კერძის ფასიც ვიცით და არც გემოვნება გვაკლია. ასე რომ, თუ გსურთ ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, "საოჯახო სამზარეულო" თქვენი სამაგიდო წიგნი და მარჯვენა ხელი გახდება - ის უკეთეს დიასახლისად გაქცევთ და უკვე არსებულ გამოცდილებასაც გაგიმდიდრებთ.

"ქართული ხალხური ზღაპრები"

ეს წიგნი შვილებთან თუ პატარა მეგობრებთან ერთად ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ. უძველესი ქართული საგანძური ბავშვებს ქართული ზღაპრების ორიგინალურ და ჯადოსნურ სამყაროს გადაუშლის.

"მეურნის ენციკლოპედია"

ეს არის წიგნი, რომელშიც არსებული ილუსტრირებული ცნობარი დაგეხმარებათ, ისწავლოთ სამეურნეო საქმიანობა: იქნება ეს ოთახის მცენარეების გახარება, ჩითილების გამოყვანა თუ ფერმერული მეურნეობა.

"ცხოველები"

ცხოველთა სამყარო მეტად მრავალფეროვანი და საინტერესოა. ამ დიდ  წიგნში ყველაფერია: ცხოველები, ფრინველები, მწერები, თევზები, მედუზები... სად ბინადრობს ცხოველის ესა თუ ის სახეობა? რით იკვებება, როგორ მრავლდება? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს აქ იპოვით. თუ ცხოველები გიყვართ, ეს წიგნი უნდა გქონდეთ!

"ქართლის ცხოვრების ქრონიკები"

ვახტანგ ჭელიძის "ქართლის ცხოვრების ქრონიკები" უმდიდრეს სამეცნიერო ნაშრომებსა და სხვადასხვა მემატიანის ცნობებზე აგებული, მხატვრულად მოთხრობილი საქართველოს ისტორიაა და ნაწარმოების განსაკუთრებულობასაც სწორედ ეს განაპირობებს. წიგნის ფურცლებზე ესა თუ ის გმირი, ეპოქა თუ მოვლენა ცოცხლდება. ეს სიცოცხლის ხაზი თაობიდან თაობას, საუკუნიდან საუკუნეს გადაეცემა და მკითხველის თვალწინ ერთ ჯაჭვად იკინძება ქართველი ხალხის მდიდარი ისტორიული მონაგარი. ასე რომ, ესაა წიგნი-შუამავალი წარსულსა და მკითხველს შორის.

"ვეფხისტყაოსანი"

ეს არის ქართველი ერის უდიდესი საგანძური, პოემა, რომელიც ყველა ოჯახის ბიბლიოთეკის მთავარი წიგნია და რომელსაც დრო ვერაფერს დააკლებს.

ამ წიგნების უმეტესობა განსხვავებული ფორმატით უკვე იყო გამოცემული და 30-დან 40 ლარამდე ღირდა. მრავალფეროვანი შინაარსისა და პრაქტიკულობის გამო, ამ წიგნებზე დიდი მოთხოვნა იყო.  ახლა კი, წიგნების ეს სერია "კვირის პალიტრის" ყველა მკითხველისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მკითხველი მის შეძენას სპეციალურ ფასად - 18.50 ლარად შეძლებს, გაზეთთან ერთად კი, სულ 20 ლარი ეღირება. ახალი გამოცემის სამაგიდო წიგნები უფრო დიდი ზომის არის და თითოეულს სამი სანიშნე მოჰყვება, რაც ამ სერიის წიგნების გამოყენებას უფრო მოსახერხებელს ხდის.

ამ პროექტს მნიშვნელოვან წამოწყებად მიიჩნევს ექიმი არსენ გვენეტაძე: "ყველა ადამიანს ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება უჭირს, ამიტომ "პალიტრა L"-ის პროექტი თავის ნიშას დაიკავებს. აუცილებელია, ადამიანმა საკუთარ ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს. მივესალმები ნებისმიერ საშუალებას, რომელიც მეტ სამედიცინო ცოდნას შეგვმატებს".

გიორგი გნოლიძე, ფერმერი: "სამწუხაროდ, საქართველოში მცირეა ისეთი წიგნების რიცხვი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო საქმეში ცოდნას გაგვიღრმავებს. ასეთი წიგნების უმრავლესობა ქართულად არ ითარგმნება. არადა, მეტი ინფორმაციის მიღება, არა მხოლოდ ჩვენთვის, ფერმერებისთვის, სახელმწიფოსთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, "პალიტრა L"-ის წამოწყება ფერმერებს მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენი საქმიანობა გავაფართოოთ და ბევრად კვალიფიციურად წარვმართოთ".

რუსუდან შელია