"ამ ცხენებმა საქართველოს დიდება უნდა მოუტანონ" - კვირის პალიტრა

"ამ ცხენებმა საქართველოს დიდება უნდა მოუტანონ"

ცხენის ყოლა დღეს დიდი ფუფუნებაა. იპოდრომის თავლაში უვლიდნენ როგორც ექსპრეზიდენტის, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის ცხენებს, რომლებიც მარნეულის სოფელ ყულარის ცხენსაშენიდან მაღალ ფასად იყიდეს.

ნებისმიერი ქვეყნისთვის ფუფუნებად ითვლება სპორტული დოღიც, რაზეც ჩვენმა ქვეყანამ შეჭირვების გამო თქვა უარი. უსახსრობამ შესაძლოა, ყულარის ცხენსაშენის წმინდა სისხლის გენეტიკური ფონდიც დაგვაკარგვინოს. ამ ფონდის შესახებ ალბათ ბევრმა არც იცის, მაგრამ ის ზუსტად 110 წლის წინ შექმნა მაგნატმა ალექსანდრე მანთაშოვმა. მას, სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად, ბაქოში ნავთობის ჭაბურღილებიც ეკუთვნოდა და ყულარის საცხენეში დიდი ფულის ჩადება არ გასჭირვებია. 1905 წელს შექმნილმა ცხენსაშენმა უკვე 1914 წლისთვის დაჯაბნა რუსეთის ერთადერთი და უმდიდრესი პეტერბურგის ცხენსაშენი, რომელიც იმპერიის უდიდეს მაგნატებს, ძმებ ლაზარევებს ეკუთვნოდათ. ამ დროისთვის ყულარში 57 წმინდა სისხლის რაში ჰყავდათ და განსაცვიფრებელი გამარჯვებაც მოიპოვეს - ყულარის ულამაზესმა ინგლისურმა ულაყმა 1914 წელს მოიგო რუსეთის იმპერიის მთავარი დერბი...

ყულარიდან ცხენები იმპერიის მთავარ დოღზე მატარებლით მიჰყავდათ. მანთაშოვის ცხენსაშენი იმპერიაში საარაკოდ იქცა, - წითელი აგურით ნაშენებ თავლებზე მაგნატმა თუჯის კაუჭებით სპილენძის ლამპები დაკიდა, რომლითაც ცხენსაშენი კილომეტრებზე ანათებდა.

ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ცხენსაშენის ნაციონალიზაცია მოხდა, თუმცა, მისი დაკნინება არც ბოლშევიკებს მოსვლიათ აზრად, პირიქით, მაქსიმალურად ააყვავეს. დღეს ამ ლეგენდარული ცხენსაშენიდან 20-მდე წმინდა ჯიშის ცხენი დარჩა; შეინარჩუნეს კვიცებისთვის სახელის დარქმევის ტრადიციაც (უნდა იწყებოდეს დედის სახელის პირველი ასოთი და გარეული ჰქონდეს მამის სახელიდან რომელიმე ასო) და მანთაშოვის თავლები.

ელდარ ზამანოვი, ყულარის ცხენსაშენის მომვლელი: - აქ ათეული წლებია ვმუშაობ. გული მტკივა, რომ ეს ის ადგილი აღარ არის, რაც იყო. წესით, ცხენსაშენი თბილისის იპოდრომს ეკუთვნის, მაგრამ არც ფულია და არც გული... კიდევ კარგი, მწვრთნელი ვიქტორ გოგლიძე თბილისიდან თითქმის ყოველდღე დადის და ცხენებს პატრონობს... არადა, ამ წმინდა სისხლის ცხენებით მსოფლიო დიდებისა და ფულის მოპოვება შეიძლება. საბჭოთა დროს აქ მარტო ცხენებს კი არა, მხედრებსაც ვზრდიდით - ნიკოლაი ნასიბოვი ამ ცხენსაშენში გაიზარდა, გაუშვეს ამერიკაში 1966 წელს და გაიმარჯვა! აქ რუსეთიდან ჩამოჰყავდათ სპეციალისტები ყულარის "ცისფერსისხლიანების" გასაზრდელად. მათ შორის მიხაილ პეტროვიც იყო. ცხენის სიყვარულის გარდა სხვა სიმდიდრე არც ჰქონია. 1974 წელს ჩამოვიდა და დარჩა. აქ მოკვდა და ყულარში დავასაფლავეთ...

ვიქტორ გოგლიძე: - ცხენი ჩემთვის ყველაფერია, მის გვერდით გავატარე მთელი სიცოცხლე. მათთან ყველა სადარდელი გავიწყდება და ამიტომაც ვერ ვეშვები, მენანება... ამ ცხენებმა ჩვენ მსოფლიო დოღზე უნდა გაგვიყვანონ, საქართველოს დიდება მოუტანონ - დალაგებული ქვეყნები დოღში უზარმაზარ ფულს დებენ, ჩვენ კი ისიც ვერ შევძელით, რომ ცხენების წმინდა სისხლის იდენტიფიკაცია მოგვეპოვებინა და მსოფლიო დოღზე დავეშვით. არადა, მართლაც წმინდა სისხლის ცხენები გვყავს, - მანთაშოვმა რომ დაიწყო და ინგლისიდან ჩამოჰყავდა ცხელსისხლიანი ულაყები შესაჯვარებლად, ჩვენც რამდენიმე წლის წინ უკანასკნელი ძალები მოვიკრიბეთ და ამერიკიდან ჩამოვიყვანეთ. მათი წმინდა სისხლი ჩეხეთში დასტურდება - ამისთვის ცხენის ბალანს ვგზავნით, იქ მათი "მამა-პაპის" გენეტიკური მონაცემები უკვე აქვთ, იკვლევენ და გვიდასტურებენ, რომ ახალდაბადებული კვიცი წმინდა სისხლისაა.

მაგრამ მხოლოდ შესწავლა არ არის საკმარისი - საჭიროა წმინდასისხლიანობის ლიცენზიის მოპოვება, რომ მსოფლიო დერბზე გასვლისა და ძველი დიდების დაბრუნების შანსი მოგვეცეს. ჯერჯერობით მხოლოდ აზერბაიჯანის დერბამდე მივედით. შარშან გავიმარჯვეIთ კიდეც და წელსაც გავიმარჯვებდით, წასვლა რომ შეგვძლებოდა.

- რატომ ვერ მოახერხეთ?

- ფულია ყველაფერი... იმ საპრიზო თანხიდან, რომელიც აზერბაიჯანელებს უნდა მოეცათ და დოღზე გავეყვანეთ, ნაწილი მოგვცეს და ისიც დაგვიანებით...

- ეს ხომ ოფიციალური ღონისძიებაა?..

- ოფიციალური უძახეთ, მაგრამ ეს ბიზნესი აზერბაიჯანში ისეთ კაცს ეკუთვნის, მასთან ბრძოლა მე კი არა, თვით აზერბაიჯანში არ შეუძლიათ. ის სასაზღვრო ჯარების გენერალია. თან საპრიზო ფონდებიც დასწიეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ცხენების ფასიც დაეცა - ყულარის ცხენსაშენიდან ცხენებს ძირითადად აზერბაიჯანელები ყიდულობენ. იქ ჩვენი ცხენი დღესაც ისე ასპარეზობს, ვერავინ დაეწია.

ჩვენი ცხენების ფასი 10 ათასიდან 60 ათას დოლარამდე მერყეობს... ცხენსაშენს სახნავ-საძოვრებიც აქვს, მაგრამ ტერიტორიების უმეტესობა, რომელიც ცხენსაშენს საუკუნის მანძილზე ოფიციალურად ეკუთვნოდა, ცუდი სახელმწიფო პოლიტიკის გამო ჩამოართვეს და სოფლის მოსახლეობას ამოფარებულ მაფიას გადასცეს.

წითელი აგურის თავლებს ვუყურებდით. რამდენიმე მათგანი უკვე ცარიელი იყო, მაგრამ თითქოს ძველ დიდებას მაინც ინახავდა. ერთ-ერთი თავლიდან მეჯინიბემ წმინდა სისხლის ულაყი გამოიყვანა. წმინდა სისხლის ცხენის სიმაღლე ზურგიდან ფეხების ჩათვლით იზომება, დაახლოებით 180 სანტიმეტრია, თავი და კისერი სიმაღლეში არ ითვლებაო! - მითხრა და ულამაზეს ულაყს ხელი გადაუსვა. მერე - წამოდი, რა განახოო და თავლაში შემიყვანა - ახალდაბადებულ კვიცზე ლამაზი არაფერიაო.

საოცარი სანახავი იყო - კვიცი დედას ფერდზე აჰკვროდა. მეჯინიბე წარწერებიან ქვასთან ჩამოჯდა. რომ ამოვიკითხე, თვალებს არ დავუჯერე - "გარნირი". 1955-1975. - ეს ცხენის საფლავია-მეთქი?! - "გარნირი" ჩვენი საუკეთესო ულაყი იყო. რუსეთიდან ჩამოვიყვანეთ, მაგის შთამომავლები ამერიკაში დღესაც დაჯირითობენ. იმდენად გვიყვარდა, რომ მოკვდა, ცხენსაშენის ეზოში დავმარხეთ.

- ძნელი საყურებელია ცხენის სიკვდილი?

- ძალიან. მაგის ცქერა არ შეიძლება. ამ საქმის სიკვდილი უფრო ძნელი საყურებელია, მაგრამ ის არ უნდა მოკვდეს!

საოცარი ამბავი

ცხენისა და ადამიანის სიყვარულის გამაოგნებელი მაგალითია საქართველოს ეკლესიის მიერ ახალმოწამედ შერაცხილი მამა სამსონ მძინარიშვილისა და მისი ცხენის ამბავი.

გორში, სოფელ მოხისის მოხუცებს დღემდე ახსოვთ მოძღვრისა და მისი ერთგული ცხენის მეგობრობა:  უკარება ცხენი ზურგზე სხვებს მხოლოდ მას შემდეგ შეისვამდა, რაც მამა სამსონი ცხენს, დადექიო, ჩასჩურჩულებდა. საოცრება ის იყო, რომ ძალიან შორს წასული ცხენისთვის თუნდაც ჩურჩულით რომ დაეძახა, ცხენი თქარათქურით გამორბოდა. მოძღვარი 1938 წელს ბოლშევიკებმა დახვრიტეს. იმ დღიდან თვეც არ იყო გასული, მისი ცხენი დარდით მოკვდა, - არც წყალს აკარებდა პირს და არც ჭამდა, იდგა და თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. ასე დალია სული მშიერ-მწყურვალმა.