რატომ ანერვიულა კაბუმ "მეგრელა" - კვირის პალიტრა

რატომ ანერვიულა კაბუმ "მეგრელა"

"სტუმარი და წამყვანი კონკრეტული ფილმის როლებს ინაწილებენ და მისი პერსონაჟებივით საუბრობენ, ჰბაძავენ ჩაცმის სტილით, ჟარგონით,  მანერებით... ასე ვთქვათ, აცოცხლებენ ფილმის ეპიზოდს"

გსურთ, კვირაში ერთხელ ოციოდე წუთით თქვენი საყვარელი ფილმის პერსონაჟის ცხოვრებით იცხოვროთ? - თუ ასეა, ჩართეთ ტელევიზორი "პალიტრა TV"-ზე ყოველ ხუთშაბათს, 20.00 საათზე, და უყურეთ გადაცემა "ლუპას". გადაცემის წამყვანი გიორგი მეგრელიშვილი, იგივე მეგრელა, და რეჟისორი გიორგი გელაშვილი, იგივე ბაჯო, ბილიარდის თამაშის ფონზე საინტერესოდ გაგატარებინებენ დროს ტელეეკრანთან. გადაცემის მომავალ სტუმრებს მეგობრულად გავაფრთხილებ და ვეტყვი, რომ "მეგრელა" თურმე საშინლად განიცდის წაგებას და ეს რომ არ მოხდეს, ყველანაირად ცდილობს, საუბრით ისე გაართოს "მოწინააღმდეგე", რომ ბილიარდის თამაში მისი გამარჯვებით დასრულდეს.

დღეს ჩვენი რესპონდენტები არიან წამყვანი და რეჟისორი - ორი გიორგი. მკითხველი რომ არ დავაბნიო, ორივეს მეტსახელებით მოვიხსენიებ.

მეგრელა: - რასაც გავიფიქრებ, მისრულდება ხოლმე. ეს, ალბათ, გადაცემა "ექსტრასენსებიდან" მომდევს. ვფიქრობდი, კარგი იქნებოდა გადაცემა კინოზემეთქი. ერთ დღეს "პალიტრის" ხელმძღვანელობას ამგვარი გადაცემის იდეა გაუჩნდა და მისი წაყვანა მე შემომთავაზეს, რეჟისორობა კი - ბაჯოს.

ბაჯო: - როდესაც პროექტს ადგენდნენ, არ იყო მინიშნებული, რომ საუბრები კინოზე საბილიარდოში უნდა წარმართულიყო, მაგრამ საბოლოოდ შევჯერდით, რომ საბილიარდოს სხვაგვარი აურა აქვს. გადაცემა გამოვიდა თავისუფალი და დინამიკური.

მეგრელა: - ასე დაიბადა თვალსა და ხელს შუა გადაცემა, რომელსაც როგორც ვიცი, ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს. მოსწონთ, სიამოვნებით ხდებიან მისი მონაწილენი, თამაშობენ ბილიარდს. თემატურადაც არა ვართ შეზღუდული, შესაძლოა, ფილმზე საუბრიდან უცბად გადახვიდე სამშობლოზე. როგორც ფილმებია მრავალწახნაგოვანი, ისეა ჩვენი სასაუბრო თემებიც. ერთ გადაცემაში, მაგალითად, ზუზუ და რობი კუხიანიძე გვყავდა მოწვეული. უნდა განგვეხილა ფილმი "კოკაინი", მაგრამ უფრო ნარკომანიაზე და პრობლემებზე საუბარი გამოგვივიდა, ვიდრე ფილმზე.

სტუდიაში იმდენად თავისუფალი გარემოა, რომ სტუმრები გულახდილად საუბრობენ სხვადასხვა თემაზე. ეს რა კარგი გადაცემააო, ამ სიტყვებით გვშორდებიან.

- როგორია ბაჯოსა და მეგრელას დუეტი?

მეგრელა: - ძალიან კარგად შევეწყვეთ, ორი სიტყვით ვუგებთ ერთმანეთს. თუმცა, იშვიათად, მაგრამ ვკამათობთ კიდეც, აი, მაშინ იწყება ბრძოლა. მახალისებს სამონტაჟოში გამართული ჩვენი ორთაბრძოლები.

- ვინ იმარჯვებს?

- საბედნიეროდ, ყოველთვის ორივე და ჩვენთან ერთად მაყურებელიც...

- მეგრელას როგორი დამოკიდებულება აქვს ბილიარდთან?

ბაჯო: - ძალიან აზარტულია. კი არ თამაშობს, ანუ იტყუება მაყურებლის წინაშე, არამედ  მართლა აგებს და მერე ძალიან ნერვიულობს, მოგება კი სასწაულად ახარებს. გადაცემაში ყველა ემოცია ცოცხალია.

მე "პალიტრა TV"-ზე ჟანრობრივად განსხვავებულ რამდენიმე გადაცემას ვაკეთებ. თითოეულს თავისი სპეციფიკა და მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ გადაცემას ის პლუსი აქვს, რომ არ სჭირდება მაყურებლამდე ინფორმაციის "დავარცხნილი" სახით მიტანა. თავისუფალია, მსუბუქი, თუმცა, იმავდროულად, შემეცნებითი. ბევრი ახალი და საინტერესო ამბავი შეიძლება შეიტყო მასში.

- ფილმებს როგორ არჩევთ?

მეგრელა: - ყველაზე დიდი სიამოვნება ამ გადაცემაზე მუშაობისას ის არის, რომ ძალიან მაგარი რეჟისორებისა და მსახიობების ნამუშევრებსა და ნააზრევს ჩვენებურად ვაანალიზებთ. არ მოგვწონს მდარე ხარისხის ფილმები, არც ჩვენ და არც ჩვენს მაყურებელს. ძალიან მინდა განვიხილოთ ბერგმანის, ტარკოვსკის, ჰიჩკოკის ფილმები - მათ ეპოქა შექმნეს კინოინდუსტრიაში. ახლახან კანჩალოვსკი გავიხსენეთ. ბოლოს, გიო მგელაძე მყავდა მოწვეული, მექსიკელი რეჟისორის, ალეხანდრო გონსალესის "ბერდმენზე" უნდა გვესაუბრა, მაგრამ ისე უყვარს ტარკოვსკის "ანდრეი რუბლიოვი", რომ იმ ფილმზე დაიწყო საუბარი და ისე შევედით როლში, კინაღამ სტუმრობის მთავარი მიზეზი დაგვავიწყდა.

- "ლუპას" რადიკალურად განსხვავებული პროფესიის სტუმრები ჰყავს...

- ასეა. ამას წინათ, მაგალითად, გელა დუმბაძე გვყავდა, - სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში. ხშირად ურეკავდნენ გადაცემის მსვლელობისას და ისიც კანჩალოვსკის ფილმის განხილვისა და ბილიარდის თამაშის პარალელურად გადაერთვებოდა ხოლმე სახელმწიფო საკითხებზე. ჩვენთან სრული თავისუფლებაა.

უფრო ადრე კაბუ გვყავდა "კრავთა დუმილზე" სასაუბროდ. ჩაწერა რომ დაიწყო, იმდენ ხანს დუმდა, რომ ავნერვიულდი, ვიფიქრე, გადაცემა ჩავარდა-მეთქი, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ფილმის სათაურიდან გამომდინარე დუმდა. მერე ალაპარაკდა ძალიან საინტერესოდ და ბილიარდიც საინტერესოდ ითამაშა.

ბაჯო: - როგორც მეგრელამ თქვა, ჩვენს გადაცემაში შეიძლება თავისუფლად მოქცევა.

ერთ გადაცემაში იყო შემთხვევა, შუა გადაღებისას საფერფლე გადმოვარდა და დაიფშვნა. თავიდან გვეგონა, რაღაცა აფეთქდა, მაგრამ მალე მოვეგეთ გონს და განვაგრძეთ საუბარი, არ დავბნეულვართ.

მეგრელა: - მახსოვს, ერთი ჩაწერის წინ გადაცემის სტუმარმა, თინათინ ყაჯრიშვილმა, დაგვირეკა: მოვდივარ ჩაწერაზე, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ბავშვს ვერ ვტოვებო. განვიხილავდით კანის ფესტივალის 2012 წლის გამარჯვებულ ფილმს "მონადირე". გამახსენდა, რომ მისი მთავარი პერსონაჟი ბავშვია და გადავწყვიტეთ, თინათინის ბავშვიც ჩვენი გადაცემის მონაწილე გაგვეხადა. შედეგით კმაყოფილი დავრჩით.

ბაჯო: - კიკალასთან ერთად გადაცემა ძალიან საინტერესო იყო. როდესაც სტუმარი ემოციურია და ფილმის მონაწილე ხდება, კარგი გადაცემა გამოდის.

- მოდი, "ლუპას" იმ ნაწილზე ვისაუბროთ, რომელშიც სტუმარი გადაცემის მონაწილე ხდება.

- ეს გადაცემის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია - სტუმარი და წამყვანი კონკრეტული ფილმის როლებს ინაწილებენ და მისი პერსონაჟებივით საუბრობენ, ჰბაძავენ ჩაცმის სტილით, ჟარგონით, მანერებით... ასე ვთქვათ, აცოცხლებენ ფილმის ეპიზოდს.

მეგრელა: - ზოგ სტუმარს გადაცემის ეს ნაწილი აბნევს. თუმცა, მერე ძალიან მოსწონს.

- სტუმრებს როგორ არჩევთ?

- ვფიქრობთ, ჩვენს ფორმატსა და კონკრეტულ ფილმს ვინ უფრო მოუხდება. გვაქვს შემოთავაზებებიც...

ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია რომ მოვიდა, გააქრო ბილიარდის ყველა ბურთი, მგონი, შინ წაიღო,

- ათასნაირად იფოკუსნიკა, ოღონდ მოეგო. მას შემდეგ, სადაც მხვდება, მეუბნება: კიდევ მოვალ, ძალიან ვისიამოვნეო.

- აუცილებელია, სტუმარი მაინცდამაინც ცნობილი ადამიანი იყოს?

- სულაც არა. სასურველია, კარგად იცნობდეს კინოს, შეეძლოს ანალიზის გაკეთება და კარგად აყალიბებდეს თავის ხედვას. შედეგად, საინტერესო პოლემიკა იმართება.

ბაჯო: - საუკეთესო გადაცემა მაშინ გამოდის, როდესაც პერსონაჟი ძალიან ჰგავს სტუმარს. აი, მეგრელას "მარტო სახლშის" განხილვისას მოწვეული ჰყავდა ორი ადამიანი, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ ფილმის იმ ორ პერსონაჟს, რომლებიც მაკოლეი კალკინის გმირს დასდევენ და ფათერაკებს უქმნიან. ისინი არ იყვნენ ცნობილი ადამიანები, მაგრამ მანერებით, გარეგნობით, იმდენად ჰგავდნენ რეალურ პერსონაჟებს, იფიქრებდი, ფილმში მოვხვდიო. ძალიან მხიარული გადაცემა გამოვიდა.

მეგრელა: - ცოდვა გამხელილი სჯობს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ რამდენადაც წარმატებულია ჩვენი გადაცემა, იმდენად წარუმატებელი ვარ ბილიარდის თამაშში. მოკლედ, როგორც ჰერმან მელვილის "მობი დიკში"”თეთრ ვეშაპს დასდევენ მოსაკლავად, ისე დამდევს მთელი თამაშის განმავლობაში ეს თეთრი ბურთი და ბოლოს ლუზაში ვარდება. დაახლოებით 30 გადაცემა მაქვს ჩაწერილი და მათგან სამჯერ თუ მომიგია პატიოსნად, ჩაწყობის გარეშე.

ეკა სალაღაია