”ჩვენ ვიყიდით გემებს!” - ვინ და როგორ აპირებს ქართული საზღვაო-სავაჭრო ფლოტის შექმნას?! - კვირის პალიტრა

”ჩვენ ვიყიდით გემებს!” - ვინ და როგორ აპირებს ქართული საზღვაო-სავაჭრო ფლოტის შექმნას?!

საქართველოს საზღვაო ფლოტის აღორძინების გეგმა?!

არცთუ დიდი ხნის წინ ”კვირის პალიტრაში” გამოქვეყნდა სტატია - ”რა ბედი ეწია ქართულ გემებს”, რასაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მკითხველი გულისტკივილს გამოხატავდა იმის გამო, რომ საქართველოს სანაოსნომ 56 გემი ვერ შეინარჩუნა. ახლახან საინტერესო ინიციატივით გამოგვეხმაურნენ ადამიანები, რომლებმაც წლების წინ საზღვარგარეთ გააგრძელეს საქმიანობა. ისინი მზად არიან, საკუთარი რესურსები ჩადონ იმ დიდ საქმეში, რასაც ქართული საზღვაო-სავაჭრო ფლოტის შექმნა ჰქვია.

ემილ კოგანი, ბათუმელი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, საზღვაო ფლოტის მართვისა და ექსპლუატაციის საკითხებზე არაერთი ნაშრომის ავტორი, ისრაელის მოქალაქე: - მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მოქალაქე ვარ, საკუთარ თავს ქართველად, ბათუმელად მივიჩნევ. მართალია, იქ აღარაფერი მაბადია, გარდა იმისა, რომ ბათუმის სასაფლაოზე წინაპართა ძვლები განისვენებს, მაგრამ ამ ქალაქსა და ზღვაზე ფიქრი დღემდე მოსვენებას მიკარგავს. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იქ მაქვს გატარებული.

ბათუმი ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში დავტოვე. რაც მებადა, გავყიდე, პატარა თევზსაჭერი გემი შევიძინე, აღვჭურვე შესაბამისი ნავიგაციით და საქართველოდან ისრაელისკენ გავცურე, 8 დღესა და ღამეში უკვე ხაიფასთან ვიყავი.

მთელი ცხოვრება საზღვაო სფეროს მივუძღვენი. მაწუხებს, რომ საქართველო, ზღვისპირა ქვეყანა, საზღვაო სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდა. სანაოსნო განადგურებულია. საქართველოს ტერიტორიის გავლით აზიიდან ევროპისკენ და პირიქით, ტვირთების გადაზიდვებით საქართველოს ბიუჯეტში არ შედის სოლიდური შენატანები. საქართველო ვერ სარგებლობს იმ გეოპოლიტიკური უპირატესობით, რაც ბუნებრივად აქვს მინიჭებული... ადრე თუ გვიან, საქართველოს კვლავ ეყოლება საკუთარი საზღვაო-სავაჭრო ფლოტი და სატრანზიტო ფუნქცია სრულად ამოქმედდება. ძალიან მინდა, ეს პროცესი დაჩქარდეს. უკვე შევქმენით საინიციატივო ჯგუფი. ტვირთების საზღვაო გადაზიდვები ხომ ყველაზე რენტაბელური და მომგებიანი დარგია. საბედნიეროდ, გვყავს პროფესიონალი კადრები, რომლებიც აღდგენილ სანაოსნოში დასაქმდებიან. მთავარია, სახელმწიფომ გამოიჩინოს ნება და სათანადო ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს. მით უმეტეს, რომ ჩვენს სპეციალისტებს შეუძლიათ, არა მარტო რეკომენდაციებით შემოიფარგლონ, ფინანსური მონაწილეობა მიიღონ იმაში, რომ სახელმწიფომ გემები იყოლიოს.

- რა მხარდაჭერას ელოდებით?

- სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საზღვაო-სავაჭრო ფლოტის შექმნას და ფუნქციონირებას. ერთია, გემების ყოლა, მეორე კი მათი გადაზიდვებში ჩართვა, მართვა და ექსპლუატაცია. ეს საკითხები ერთობლივად უნდა დავამუშაოთ.

ჩვენი საინიციატივო ჯგუფი შედგება წარსულში ცნობილი შორეული ნაოსნობის კაპიტნებისგან, სპეციალისტებისგან. ისინი დღესაც აქტიურად არიან ჩართული მსოფლიო საზღვაო სფეროში მიმდინარე პროცესებში. სწორედ ისინი შექმნიან სააქციო საზოგადოებას, რომელიც ქართულ საზღვაო-სავაჭრო ფლოტს დაუდებს სათავეს.

ჯგუფის მიზანი ინვესტორების მოზიდვაც იქნება, ვინაიდან საზღვაო-სავაჭრო ფლოტი დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. სასურველია, თუ სახელმწიფო თავად გახდება ამ სააქციო საზოგადოების 30%-იანი წილის მფლობელი და თავის სახსრებსაც დააბანდებს ამ დიდებულ საქმეში. ეს ინვესტორებისთვის მეტი გარანტია იქნება. ზოგიერთ მათგანთან უკვე გვაქვს მოლაპარაკება, რადგან მხოლოდ საზღვაო სფეროს წარმომადგენელთა კაპიტალდაბანდებები ვერ გასწვდება ამ დიდ საქმეს, რომლის დაწყებაც 20 მილიონი აშშ დოლარითაც შესაძლებელია. იმისთვის კი, 3-4 გემით გადაზიდვებში რომ ჩავერთოთ, გაცილებით მცირე თანხაა საკმარისი. საქმის სწორად მართვის შემთხვევაში, გემები კონკურენტუნარიან ბაზარზე გავლენ.

რომან ახობაძე, შორეული ნაოსნობის სახელგანთქმული კაპიტანი, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსი 1991-1993 წლებში, კრიუინგული კომპანია MARINE UNITI-ს ხელმძღვანელი, ამჟამად ნოვოროსიისკში მუშაობს: ”ჩვენი ინფორმაციით, დღეს საქართველოს გავლით საზღვარგარეთ მიედინება 12 მილიონი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ფლოტს, რომელსაც შევქმნით, ექნება მუდმივი დატვირთვის რეჟიმი, ჩვენ კი - მუშაობის შესაძლებლობა.  გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსოფლიოში გემების რაოდენობა მათზე მოთხოვნას აღემატება. აქედან გამომდინარე, ბევრია მსურველი, რომელიმე საზღვაო საწარმოს მიაქირაოს გემი შემდგომი შესყიდვის პერსპექტივით.

თუკი საქმე აეწყობა, ყოველწლიური მონაგებიდან რამდენიმე გემის თანდათან შესყიდვას შევძლებთ. მსურს ყველას სჯეროდეს, რომ ზღვისპირა ქვეყნის საზღვაო სახელმწიფოდ გადაქცევა არა მითი, არამედ რეალობაა!”