ტყვეთა ბანაკში თქვენმა წიგნმა ერთი ქალის სიცოცხლე იხსნა - კვირის პალიტრა

ტყვეთა ბანაკში თქვენმა წიგნმა ერთი ქალის სიცოცხლე იხსნა

"რატომ უნდა წავიკითხოთ აგათა და საზოგადოდ, წიგნები? ეს იგივეა, ვიკითხოთ, რატომ უნდა დალიოს ადამიანმა წყალი?"

წელს გასული საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენლის, "დეტექტივების დედოფლის", აგათა კრისტის დაბადებიდან 125 წლის იუბილეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ამ თარიღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძება იგეგმება, მათ შორის, სასაჩუქრე წიგნების გამოცემაც.

ამ მოვლენას ეხმიანება მწერლის შვილიშვილის, მეთიუ პრიჩარდის, გადაწყვეტილება, ბებიის პირადი მიმოწერა მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. მიმოწერა რამდენიმე ასეულ წერილსა თუ მცირე ბარათს მოიცავს. მათ შორის არის არა მხოლოდ ოჯახის წევრების მიერ გაგზავნილი წერილები, არამედ მიმოწერა კოლეგებთან, აგათა კრისტის თანამედროვე ხელოვანებთან, პოლიტიკოსებსა და, რა თქმა უნდა, მკითხველთან. მათ შორის აღმოჩენილია ლონდონში მცხოვრები, წარმოშობით პოლონელი ქალის წერილიც. საუბარია 1924 წელს გამოსულ დეტექტიურ რომანზე "ადამიანი ყავისფერ კოსტიუმში", რომლის სიუჟეტიც სამხრეთ აფრიკაში ვითარდება. როგორც წერილიდან ირკვევა, მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვეთა ბანაკში მოხვედრილმა ქალმა სანთლის პატარა ნაწილი მისთვის უცნობ წიგნში გადაცვალა და რამდენიმე თვე მხოლოდ მას კითხულობდა.„"წიგნს პირველი გვერდები აკლდა, ამრიგად, არც მისი სახელწოდება ვიცოდი, არც ავტორის ვინაობა და არც ის, თუ როგორ იწყებოდა ამბავი, თუმცა, კითხვას მაინც ვაგრძელებდი, რადგან სწორედ ეს წიგნი იყო ნორმალურ სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალება. იმდენჯერ მქონდა გადაკითხული, რომ ზეპირად ვიცოდი. ვიცი, რომ თქვენს ნაწარმოებებს მილიონობით მკითხველისთვის მიუნიჭებია სიამოვნება, მაგრამ იცოდეთ, რომ ერთმა მათგანმა ვიღაცის სიცოცხლე იხსნა", - წერს წერილის ავტორი. წერილებს შორისაა 14 წლის ბრისტოლელი ბიჭის წერილიც, რომელმაც სკოლაში წიგნის მოყვარულთა კლუბი მხოლოდ იმიტომ ჩამოაყალიბა, რომ აგათა კრისტის ახალი რომანი ეყიდა. ბიჭუნა წერს: "უკვე თქვენი 28 წიგნი მაქვს. ვისაც მათი სკოლაში წაკითხვა სურს, სამი პენი უნდა გადამიხადოს, ხოლო თუ შინ წაიღებენ - 6 პენი".

განსაკუთრებით საინტერესოა აგათა კრისტისა და პელამ ვუდჰაუსის მიმოწერა. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი წერილი 1969 წლითაა დათარიღებული, სადაც წერს, რომ აგათა კრისტის ყველა ნაწარმოები მოვლენაა და ამაყობს, რომ რომანი "ჰელოუინის წვეულება" სწორედ მას ეძღვნება.

ცნობილია, რომ აგათა კრისტის წერილების კრებული მიმდინარე წელს გამოვა. გარდა ამისა, აგათა კრისტის დაბადებიდან 125 წლის აღსანიშნავად დიდ ბრიტანეთში ღონისძიებების სერიაა დაგეგმილი, რომელიც მწერლის ძეგლის გახსნას, სხვადასხვა კონკურსის ჩატარებასა და გრანდიოზულ რამდენიმედღიან ფესტივალსაც მოიცავს. ყველა აქტივობის კულმინაცია სექტემბერში, აგათა კრისტის დაბადების დღეზეა დაგეგმილი. მკითხველთან ერთად, კონკურსში მსოფლიოში ცნობილი ადამიანებიც მონაწილეობენ და რამდენიმე სიტყვით ან ვრცელი წერილით "დეტექტივის დედოფლის" მიმართ თავიანთ დამოკიდებულებაზე ჰყვებიან. მათ ცნობილი ქართველებიც შეუერთდნენ, რომლებიც ახალგაზრდებს აგათა კრისტის დეტექტივების წაკითხვისკენ მოუწოდებენ.

დათო ტურაშვილი, მწერალი: "პატარა ვიყავი, ალბათ, 13-14 წლის, როცა აგათა კრისტის დეტექტივების კითხვა დავიწყე. დღემდე ჩემთვის აგათას ერთ-ერთ საყვარელ რომანად "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში" რჩება... ნამყოფი ვარ სტამბოლში იმ ოთახში, სადაც აგათამ ეს დეტექტივი დაწერა. სხვათა შორის, იმავე სასტუმროს საბანკეტო დარბაზში 1908 წელს აკაკი წერეთელს საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს... საერთოდ, აგათა კრისტის დეტექტივები კარგი წასაკითხია, ამიტომ ყველას ვურჩევ, გაეცნოს. რატომ უნდა წავიკითხოთ აგათა და საზოგადოდ, წიგნები? ეს იგივეა, ვიკითხოთ, რატომ უნდა დალიოს ადამიანმა წყალი?"

რუსკა მაყაშვილი, მსახიობი: "აგათა კრისტის დეტექტივების კითხვისას ყველაფერს პირველივე წინადადებიდან საკუთარ წარმოდგენაში ხედავ - არარეალური ისტორიები შენ თვალწინ თავისთავად იხატება. აგათა კრისტის დეტექტივებიდან ყველაზე ცნობილს, "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში" გამოვყოფ. ასევე, მიყვარს "ტრაგედია სამ აქტად" და "დიდი ოთხეული". ჩემი აზრით, აგათა კრისტის დეტექტივების წაკითხვა ახალგაზრდობისთვის აუცილებელია".

27 აპრილს კრისტის საუკეთესო რომანის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო, რომელიც სექტემბერში შეჯამდება და მკითხველის მიერ დასახელებული აგათა კრისტის საუკეთესო რომანი სპეციალური ლოგოთი დაიბეჭდება. მსოფლიო ლიტერატურაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოც უერთდება. 27 აპრილიდან ქართულ საიტებზე: ამბები.გე, მარაო.გე, პალიტრატვ.გე და იპნ.გე-ზე სასურველი რომანისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა თავადაც გექნებათ.

რუსუდან შელია