ანტიომის მწერალი
04-05-2015
ანტიომის მწერალი
ხომ არიან ადამიანები, არაფერი რომ არ შეეხებათ, ისე ჩაივლის მათი ცხოვრება. ახალგაზრდობის დროინდელ ვნებას აჰყვებიან მხოლოდ და მერე, რაც გინდა, შეემთხვეთ, რაც გინდა, ამბავი დატრიალდეს თუნდაც მათ თავსა და თუნდაც მსოფლიოს თავს, არ შეიცვლიან ნირს, ვერ გამოიცვლიან ხელს და წერენ და წერენ იმ ძველს. სულისკვეთებაც იქაური მოჰყვებათ, აზრიც, ფიქრიც, პერსონაჟებიცა და სიტუაციებიც. სხვანი უფრო ფეხის ხმას მიჰყვებიან, საზოგადო ცხოვრების ფეხის ხმას, ისტორიულ კატაკლიზმებს, ბრძოლებს, კრიზისებს, რევოლუციებს, სოციალურს თუ სექსუალურს, ამ
შემთხვევაში, აბა, რა მნიშვნელობა აქვს.

ყველა მწერლისთვის, ვისაც კი ოდესმე იარაღი აუღია ხელში ან აღება ნდომებია, ომი სრულიად განსაკუთრებული რამ არის და ცხადია, საწერად მას ვერაფერი შეედრება. სხვებიც ბევრს წერენ კაცის კვლასა და სროლაზე, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი მაინც სხვაა და თან იმგვარი მუხტის მატარებელი,
მთელი ცხოვრება რომ მოსვენებას არ აძლევთ და ხან სად წამოყოფს თავს ეს ცხოვრებისეული გამოცდილება, ხან სად. 

მწერალზე რომ გავიგებ, სამხედრო პილოტი იყოო, სულ უილიამ ფოლკნერი მახსენდება. ეს მფრინავი მწერლები კიდევ სხვა კასტაა და იმიტომ. ჰო, ფოლკნერი მახსენდება-მეთქი, რადგან პირველი მსოფლიო ომის მიწურულს ფოლკნერსაც ძალიან უნდოდა აშშ-ის არმიაში სამხედრო პილოტი ყოფილიყო, ეგებ მიმიღონო, სცადა კიდეც, მაგრამ დაიწუნეს, როგორც ჩვენში იტყოდნენ ხოლმე, არაო, ფიზიკა არ უწყობს ხელსო. მერე ჯავრობდა კარგა ხანს ფოლკნერი ამ ამბავს, ჯავრობდა და პირველ რომანში დაწერა კიდეც ტკივილითა და ამბით. აი, ჯოზეფ ჰელერმა კი ისროლა და მთელი ცხოვრება ეგ მიჰყვებოდა, რომ ვისროლეო. მგონი, სამოციოდე გაფრენა ჰქონდა, მაგრამ მაინც ეყო - რომანის დასაწერადაც, პერსონაჟებისთვისაც და ისედაც, ცხოვრების ამბად ეყო. აი, იმ ისტორიად, ერთხელ რომ მოხდება და მერე სულ სხვა ამბებსაც, ამასთან, იქნებ სრულიად დაუკავშირებლებსაც რომ განსაზღვრავს.
ჯოზეფ ჰელერი ბრუკლინში დაიბადა, რუსულ-ებრაული წარმოშობის ამერიკულ ოჯახში. როგორც ბევრმა მისი პროფესიის კაცმა, მანაც ბავშვობაში დაიწყო წერა და მისი გზაც არ ყოფილა იოლი, პროფესიონალი მწერლობით ნამდვილად არ დაწყებულა. წვრილმან, დროებით საქმეებს ჰკიდებდა ხელს სკოლის დამთავრების შემდეგ, ხან მჭედლის თანაშემწე იყო, ხან კლერკი და ხან კურიერი. მერე არ ვიცი, პატრიოტიზმის საერთო ტალღას აჰყვა თუ კიდევ სხვა რამ მიზეზის გამოისობით, 19 წლის ჰელერი ამერიკის საჰაერო ძალებში ჩაეწერა, წვრთნა გაიარა და იტალიაში გაგზავნეს.

განვლილ ამბავს, მწერლის საქმე მით უფრო ასეა ყოველთვის, გამოცვლილი და სადმე გზაში დატოვებული ტყავივით უნდა უყურო. ომსაც შეეხება ეგ და სხვა რამესაც. ჰელერი როგორღაც ირონიულად უდგებოდა თავის სამხედრო კარიერას. კიო, იძახდა, სამოცი (მგონი, სამოცი, მე ეგრე მახსოვს, თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი იყო) საბრძოლო გაფრენა შევასრულე და ხალხი, როცა ამ ამბავს­ იგებს, გაფართოებული თვალებითა და აღფრთოვანებული მზერით მიცქერს, არადა, ყველა გაფრენაში როდი გამისვრიაო. ვითომ იოლი საქმე იყო და გასაოცარი და პატივსაცემი ბევრი ეგრეც არაფერი მომხდარაო.

ჯოზეფ ჰელერს ყველაზე მეტად სატირა ეხერხებოდა, საკუთარ ბედსაც და საქმესაც ასე უყურებდა და მით უფრო, სხვისას, თუმცა, მე თუ მკითხავს კაცი, ეს სიცილის სიყვარულისგან როდი მოსდიოდა, უფრო ის სურდა, როგორმე უამისოდაც გატანჯულ ადამიანებამდე სათქმელი ერთგვარი მსუბუქი, იქნებ ნაკლებად დრამატული გზით მიეტანა და ასე მიეპყრო მათი ყურადღება.

როგორი ბრუკლინელიც უნდა ყოფილიყო ჯოზეფ ჰელერი, ნიუ-იორკი მაინც არ იქცა მის მექად და ამოსავალ წერტილად. თვითონვე ,,უსინდისოდ" ამბობდა, სოციალური სათქმელი მეტისმეტად შორს არის ჩემგან და საერთოდაც, სანამ რომანის თუ პიესის ნახევარს არ გადავცდები, ზუსტად არასდროს ვიცი, რაზე ვწერო.
ეს თავმდაბლობა როდია, ერთგვარი თვითირონიის გზაა და თავის მოკატუნება. როგორც სხვებს, ზემოთ ვინც ვახსენეთ, ჰელერსაც შერჩა ომის მწერლის სახელი, - ანტიომის, ცხადია. ამ ჩვენს ახალ დროში ძნელია, იპოვო მწერალი, ომს აქებდეს, აბა, ორიგინალური და გამორჩეული რაა იმაში, კაცის კვლა არ მოგწონდეს ჭკუათამყოფელს.
მწერლობას იელში, მგონი, იქამდე ასწავლიდა, სანამ თვითონ პირველ წიგნს დაწერდა. ,,ხაფანგი-22" თავიდანვე პოპულარული არ ყოფილა, ცოტა მერე გახდა, ვიეტნამის ომის დროს. მეორე წიგნის დაწერა ომზე არ უნდოდაო, ამბობენ, არ გამოუვიდაო. ვიეტნამის ომზე დაწერილმა პიესამ ,,ჩვენ დავბომბეთ ნიუ-ჰეივენი" გაამყარა ჰელერის, როგორც ავტორის რეპუტაცია. დღეს ზოგჯერ წერენ, რომ ჰელერმა თომას პინჩონსა და კურტ ვონეგუტზე მოახდინა გავლენა. ალბათ, მართალია, პინჩონს მართლაც ჰგავს, განსაკუთრებით თავისი 1974 წელს გამოსული რომანით ,,რაღაც მოხდა". მის მსგავსად იკვლევს სიგიჟის, სოციალური წინააღმდეგობის, ნაწილებად დამსხვრეული და მერე ვეღარ აწყობილი სამყაროს ტრაგიკულობას.

როგორც ლიტერატორს, და არა მხოლოდ მწერალს, ჰელერს წიგნისმიერი, რომანისმიერი გადაძახილები უყვარდა და სიკვდილის შემდეგ, მისი გარდაცვალების წლისთავზე, ბოლო რომანიც გამოსცეს გამომცემლებმა, ,,ხელოვანის პორტრეტი მოხუცებულობისას" - ალბათ, იოლად მიხვდება ყველა, ჯოისს რომ გაჰკრა კბილი და შეიძლება ეგრეც ითქვას, ანტიჯოისური რომანი დაწერა.

ხანგრძლივი ლიტერატურული კარიერის მიუხედავად, ბევრი წიგნი არ დარჩენია, არც აქვს, იმაშიც ზოგან პერსონაჟები გადადიან ერთმანეთში, ზოგან სიტუაციები, და განწყობები ხომ, მით უფრო. არადა, პიესებსაც წერდა შიგადაშიგ, სცენარებსაც, მოთხრობებსაც და რომანებსაც. სახელი, როგორც ზემოთაც ვთქვით, სოციალური სატირით დაიგდო. ისე, ერთი ცოლი და ორი შვილი ჰყავდა.

ზაალ ჩხეიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით