"საქართველო კავკასიის რეგიონში განათლების ერთ-ერთი უძლიერესი ცენტრი გახდება"
04-05-2015
"საქართველო კავკასიის რეგიონში განათლების ერთ-ერთი უძლიერესი ცენტრი გახდება"
შავი ზღვის საერთა­შო­რისო უნივერსიტეტის რექტორი ეთნიკური ქართველი, ილიას ჩილოღლუ მიიჩნევს, რომ საქართველოს განვითარების იმაზე დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და შეუძლია, რეგიონის უმნიშვნელოვანესი ცენტრი გახდეს.

"კვირის პალიტ­რ­ას­" ილიას ჩილოღ­ლუმ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.


- ხშირად უჩივიან პროფესიონალების, მათ შორის - ეკონომისტების სიმწირეს. თქვენც ასე ფიქრობთ?
- სამწუხაროდ, საქართველოს არა აქვს მდიდარი ბუნებრივი რესურსები, მაგრამ, სამაგიეროდ, აქვს მდიდარი ადამიანური, ინტელექტუალური რესურსი, რომლის ეფექტურად გამოსაყენებლად საჭიროა
მაღალი დონის განათლება. სწორედ განათლება უწყობს ხელს პრობლემების სწორად გაანალიზების უნარის გამომუშავებას, რაც სტრატეგიული პროექტების დაგეგმვა-განხორციელებისა და განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ამიტომაც
დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს განათლების დონის ამაღლებას და გარწმუნებთ, საქართველო კავკასიის რეგიონში განათლების ერთ-ერთი უძლიერესი ცენტრი გახდება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები
ევროპისა და ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობენ და ცოდნით გამდიდრებულები ბრუნდებიან საქართველოში.
ჩვენს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამები. ინგლისურენოვან პროგრამებზე ყველა სასწავლო კურსი იკითხება ინგლისურად. ლექტორთა 80% ქართველია, მათ უმეტესობას უმაღლესი განათლება ცნობილ უცხოურ უნივერსიტეტებში აქვს მიღებული. იცით, რა სიმდიდრეა ინგლისურად მოლაპარაკე ლექტორი? მრავალ ქვეყანაში მათი დეფიციტია - მართალია, ლექტორთა უმრავლესობა
მაღალკვალიფიციურია, იცის ინგლისური ენაც,  მაგრამ თავისი ცოდნის ინგლისურად გადმოცემა არ შეუძლია.

- ფაქტობრივად, განადგურდა ძველი სამეცნიერო სკოლები, კვლევითი ინსტიტუტები. ამბობენ, რომ მეცნიერებს ვეღარ ვზრდით...

- მე კი ვიტყოდი, რომ ქართველი მეცნიერები აქტიურად არიან ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში. ისინი მონაწილეობენ ჩვენი უნივერსიტეტის ორგანიზებით მოწყობილ საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, ამყარებენ სამეცნიერო კონტაქტებს ცნობილ უცხოელ მეცნიერებთან.

- თქვენ სკოლებთანაც გაქვთ ურთიერთობა. როგორი თაობა მოდის?

- ქართული ინტელექტუალური რესურსის საბადოა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, რომელთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ბოლო დროს გაუმჯობესდა. ეს ხელს უწყობს სასკოლო გარემოში  მომავალი მეცნიერების გაზრდას.
მჯერა, რომ ახალგაზრდა თაობა თავის სიტყვას იტყვის მეცნიერებაში.
ბავშვების შესაძლებლობების გამოვლენას გარემო სჭირდება. სწორედ ამიტომ გავხსენით სამეცნიერო ცენტრები, კლუბები, მათ შორის - აბრეშუმის გზის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, ეკონომიკის ცენტრი, რობოტიკის ცენტრი და ა.შ. 

ჩვენი უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებული ეკონომიკური კვლევის ცენტრის მიზანია, გამოიკვლიოს მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები და სახელმწიფოს სტრატეგიის შემუშავებისთვის საჭირო ზუსტი დასკვნები მიაწოდოს. ჩემთვის, როგორც ეკონომისტისა და ეთნიკურად ქართველისათვის, ამ ცენტრის გახსნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ჩვენს დროში, როდესაც პოლიტიკას მართავს ეკონომიკა, ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური მოვლენების საფუძვლიანი, კვლევებზე დაფუძნებული ღრმა ანალიზი.

სამწუხაროდ, მწირია ზუსტი ეკონომიკური დასკვნები, რადგან საუნივერსიტეტო დონეზე არცთუ ბევრი კვლევა ტარდება, ხოლო დასკვნები ხშირად ზედაპირული და უსაფუძვლოა. მაგალითად, არავინ იკვლევს, რა გავლენას მოახდენს საქართველოზე თუნდაც მეზობელ თურქეთში მიმდინარე დევალვაცია ან სხვა ეკონომიკური პროცესები. არადა, ნებისმიერი  სტრატეგია და რასაკვირველია, უპირველესად, ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიები ფაქტების კვლევის საფუძველზე  მუშავდება.

ეკონომიკის ცენტრთან ითანამშრომლებენ ეკონომიკის ექსპერტები, აგრეთვე - ჩვენი უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებების დოქტორანტები. კვლევის შედეგებს მივაწვდით დაინტერესებულ პირებს, ორგანიზაციებს. ვფიქრობ, წარსულს ჩაჰ­ბარდება ეკონომიკურ მოვლენებზე ილუზიური, წარმოსახვითი­ მსჯელობები, შეიცვლება ზედაპირული თვალსაზრისის გამოთქმის ტენდენცია; იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ცენტრში ჩატარებულ კვლევებს გამოიყენებენ როგორც აქ, ასევე უცხოეთში.


ფესვებთან დაბრუნება...


ილიას ჩილოღლუ თურქეთში, ქალაქ ორდუს რაიონ უნიეში გაიზარდა, სადაც  მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დასახლდნენ ქართველები. დღემდე იქ მხოლოდ მათი შთამომავლები ცხოვრობენ. 1995 წელს მეგობარმა იმ მოსამზადებელ ჯგუფში მოსახვედრად გამართულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია, საიდანაც სწავლას თბილისში ახალდაარსებულ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განაგრძობდა.

- სარფის საზღვარზე გადმოსულს მეგონა, ფერადი ფილმიდან შავ-თეთრ, დაუმონტაჟებელ ფილმში მოვხვდი. სიცივე, უშუქობა, უგაზობა - ყველაფერი ანაცრისფრებდა აქაურ ყოფას, მაგრამ ასეთ პირობებშიც კი კარზე მეზობელი რომ მოგვიკაკუნებდა ხელში ცხელი კერძით, ,,ბავშვებო, ისადილეთო", გულში სითბო გვეღვრებოდა. ამიტომაც მოგვიანებით გერმანიაში სამუშაოდ წასული ჩემი მეგობარი, მიუხედავად იდეალური სოციალური სტატუსისა და მატერიალური შესაძლებლობებისა, ტელეფონით საუბრის დროს მეუბნებოდა ხოლმე, საქართველოში გატარებული სტუდენტობა დღემდე სამოთხედ მეჩვენებაო, - იხსენებს ილიას ჩილოღლუ.

"1999 წელს, უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, საქართველოში დავრჩი, ამერიკასა და თურქეთში მუშაობის შესაძლებლობაც მქონდა, აშშ-ის“"მწვანე ბარათიც" მოვიგე, თუმცა, განაცხადი აღარ შევიტანე, რადგანაც ჩემთვის საქართველოში მუშაობა უფრო საინტერესო და დასაფასებელია. ვიმუშავე უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა პოზიციაზე,  მათ შორის - დეკანის მოადგილედ; მერე ვიყავი დეკანიც, რექტორის მოადგილე. წარმატების მიღწევა შესაძლებელია ყველგან, სადაც ყოფნა გიყვარს. ხშირად ეროვნებით არაქართველ საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს ვსაყვედურობ ქართული ენის არცოდნის გამო. თურქეთში თურქული ენის გარეშე სამსახურს ვერ იშოვი. ჩემთვის მიუღებელია, არ იცოდე იმ ქვეყნის ენა, სადაც ცხოვრობ და მუშაობ".
პაატა
25 მაისი 2015 15:45
არა მარტო ქართული ენა უნდა ისწავლონ,არამედ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში,ყველა ფაკულტეტზე უნდა ისმინებოდეს საქართველოს ისტორია და ლიტერატურა,არა საბჭოური არამედ რელური
ia
04 მაისი 2015 19:14
მასე არის ევროპასი.დამლაგებლის და მოხუცის მომვლელად სამუსაოს სოვა გიწირს სანამ ენას არ ისწავლი.საქარტველოსი ტუ მოტხოვე სხვა ეროვნების წარმომადგენელს ქარტულის ცოდნა,დისკრიმინაციას გნვიცდიტო,ამბავს ტეხენ.კანონი უნდა გამოუსვას სახელმწიფომ რომ ყველა ეტნიკურმა წარმომავობამ ისწავლოს ქარტული.

რედაქტორის რჩევით