საქორწინო წეს-ჩვეულებანი - კვირის პალიტრა

საქორწინო წეს-ჩვეულებანი

"დაუფარავად ხდებოდა ქალის გასინჯვა თბილისის აბანოებში,  რომელიც გასულ საუკუნეში ქალთა თავშეყრის ერთ-ერთი ძირითადი ადგილი იყო"

რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში, სამარშრუტო მიკროავტობუსში უცნაურ ამბავს შევესწარი: მძღოლმა ჯიბიდან წითელი, გულის ფორმის ხავერდის კოლოფი ამოიღო და გაჩერებაზე ჩასასვლელად მომზადებულ გოგონას თავისი შვილის სახელით ცოლობა სთხოვა. დაბნეულმა გოგონამ ჯერ მგზავრებს გამოგვხედა, შემდეგ მძღოლს შეხედა და ის იყო, ჩასვლა დააპირა, რომ მიკროავტობუსში 20-ოდე წლის ბიჭი ამოვიდა, მძღოლს წითელი კოლოფი გამოართვა და იმავე კითხვით გოგონას მიმართა. დაბნეულმა ქერათმიანმა თანხმობის ნიშნად თავი დახარა და მის წინ დაჩოქილ ყმაწვილს გადაეხვია. ახალგაზრდები ტაშითა და შეძახილებით ჩავაცილეთ მიკროავტობუსიდან. სამამამთილომ, - ჩემს ერთადერთ ვაჟს პირველი კლასიდან უყვარს თანაკლასელიო. მერე გაიღიმა და - დღეს ყველას უფასოდ გემსახურებითო.

ამ შემთხვევამ ძველი დრო გამახსენა, ოჯახები გარიგებით ან მოტაცებით, უსიყვარულოდ რომ იქმნებოდა. დღეს, საბედნიეროდ, ახალგაზრდების უმრავლესობა მეუღლეს თავისი სურვილით ირჩევს. ეთნოლოგი თინა იველაშვილი დიდი ხანია იკვლევს ოჯახის შექმნის წეს-ჩვეულებას.

- ქორწინების მრავალმა ტრადიციამ საუკუნეებს გაუძლო და დღემდე მოაღწია, როგორც ერის სულიერი ცხოვრების მაჩვენებელმა. ივანე ჯავახიშვილი ამბობდა, - ქორწინების შესახებ მხოლოდ ქრისტიანობის დამკვიდრების შემდგომი ცნობები მოგვეპოვებაო. ქრისტიანობამ წარმართული წესების ნაცვლად თავისი შემოიღო, მაგრამ შორეული წარსულის ნაშთი მაინც დარჩა...

შერჩევა - გაკითხვა

- ძველად ოჯახი როცა შვილის დაქორწინებას გადაწყვეტდა, სასურველი სარძლოს მოძებნას შეუდგებოდა. მაგალითად, აჭარაში კაცს საცოლეს ურჩევდა დედა ან რძალი. ასევე იყო საქართველოს სხვა კუთხეებშიც. ცალკეულ კუთხეში კი (განსაკუთრებით მთიანეთში) სარძლოდ ქალს ძირითადად მამაკაცი (ვაჟის მამა, ძმა) ირჩევდა, რომელიც რელიგიურ დღეობაზე თუ ხელსაყრელ შემთხვევაში შეათვალიერებდა სარძლოს. ზოგჯერ თავად დასაქორწინებელი ვაჟი ქორწილსა თუ რომელიმე დღეობაზე შეარჩევდა საცოლეს და მერე ახლობლის პირით მშობლებს შეატყობინებდა თავის განზრახვას. ქალის ავკარგიანობის გაკითხვის შემდეგ, თუ ვაჟის მშობლები რაიმე მიზეზით სარძლოს დაიწუნებდნენ, ვაჟი ვერ შეეწინააღმდეგებოდა. დიდი ყურადღება ექცეოდა როგორც ქალის, ისე ვაჟის ჯიშ-ჯილაგიანობას. ამით განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ვაჟის ოჯახი, რადგან მას კარგი ჯიშ-ჯილაგის ქალის რძლობა ჯანსაღი თაობისა და სახელისთვის სჭირდებოდა.

ქალის გაკითხვის დროს უპირველესად კითხულობდნენ მის დედას, შემდეგ სარძლოს თვისებებს აკვირდებოდნენ. ეს ფარულად ხდებოდა ნათესავ-ახლობლის ოჯახში, სადაც რაიმე მიზნით (მატყლის ჩეჩვა, ძაფის დართვა და ა.შ.) თავშეყრილი იყო უბნის ქალ-რძალი. ვაჟის ოჯახის წარმომადგენელი, რომლის მოსვლის მიზეზი ხშირად მხოლოდ მასპინძელმა იცოდა, აკვირდებოდა შერჩეული ქალის ხელსაქმიანობას, თავდაჭერილობასა და სიტყვა-პასუხს. ქალის დადებით თვისებად ითვლებოდა სადილ-ვახშმის მომზადების ცოდნა, ფარდაგებისა და შალის ქსოვა.

დაუფარავად ხდებოდა ქალის გასინჯვა თბილისის აბანოებში, რომელიც გასულ საუკუნეში ქალთა თავშეყრის ერთ-ერთი ძირითადი ადგილი იყო...

თუ ქალის ოჯახს სასიძო გარეგნულად არ მოეწონებოდა, სტუმრებს სუფრასთან არ მიიწვევდა. თუ მიიწვევდა, ისე უგულოდ, რომ ვაჟის მხარე ხვდებოდა, საქმე არასასიკეთოდ დამთავრდებოდა და თავად ამბობდა პურმარილის მიღებაზე უარს.

ქორწინების ამკრძალავი ფაქტორები

- ქორწინების ამკრძალავ ფაქტორთა შორის ოდითგანვე ერთ-ერთი პირველი ნათესაობა იყო. საქართველოს მოსახლეობაში სისხლით ნათესავთა (პირდაპირი თუ გვერდითი ხაზით) დაქორწინება შვიდი თაობის მანძილზე დაუშვებელი იყო. ნათესავთა დაქორწინება ზნეობრივ-ფსიქოლოგიურად და ეთიკურად იმდენად მიუღებელი ყოფილა, რომ ამ აკრძალვის თუნდაც უნებლიე დამრღვევი თვითმკვლელობით ამთავრებდა სიცოცხლეს.

თუმცა, მიუხედავად მკაცრი აკრძალვებისა, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება ცალკეული გვარები, რომელთა შიგნით ქალ-ვაჟის დაქორწინება ნებადართული იყო (ასეთ გვარებს "გატეხილ გვარებს" უწოდებდნენ). წერილობითი მონაცემებით, ქართველ დიდგვაროვანთა წრეში, განსაკუთრებით კი სამეფო საგვარეულოში, სისხლით ნათესავი ქალ-ვაჟის დაქორწინება ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

ნათელმირონობით დანათესავებულთა შორის ქორწინება არ შეიძლებოდა. "მირონის გაცვლა-შებრუნება" ყოვლად დაუშვებელი იყო.

ქალ-ვაჟის ქორწინების ამკრძალავი ფაქტორი იყო სოციალური მდგომარეობაც. თავადი არათუ გლეხთან, არამედ აზნაურთანაც კი ერიდებოდა დამოყვრება-დამძახლებას. ასევე იქცეოდა აზნაური გლეხის მიმართ.

თუ ქალიშვილი მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ ჩუმად გაჰყვებოდა მასზე წოდებრივად დაბლა მდგომ ვაჟს, მამის ოჯახი სამუდამოდ თუ არა, ხანგრძლივი დროით მაინც მოიკვეთდა მას.

ქალ-ვაჟის დაქორწინების ამკრძალავ ფაქტორს წარმოადგენდა რელიგიის სხვადასხვაობაც.

ასევე მიუღებელი იყო (განსაკუთრებით მთაში) არათუ უბნის, არამედ ერთი სოფლის ქალ-ვაჟის დაქორწინება. მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში (მთიულეთ-გუდამაყარი, ხევსურეთი, ხევი) სოფელი არ იძლეოდა ნებართვას თანასოფლელი ქალ-ვაჟის დაქორწინებაზე. ფშავში სამოსახლო ერთეულისა და სალოცავის მიხედვით გამოყოფილი ჯგუფის შიგნით სასტიკად იკრძალებოდა ქორწინება. იქ თორმეტი გვარი თორმეტ თემად იყო დანაწილებული და თითოეული "ძმათაშვილებად" იწოდებოდა.

მიუხედავად ამისა, გადახვევებს მაინც ჰქონდა ადგილი. მაგალითად, უკანა ფშაველს ნება ჰქონდა, თავისი თემის წევრის ქვრივთან ქორწინებისა.

პირველი ღამის უფლება

ქორწილის პირველ სამ ღამეს ნეფე-დედოფალს ერთად დაძინება არ შეეძლოთ.

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში (იმერეთი, გურია, სამეგრელო) არსებობდა რწმენა, რომ ამ სამ ღამეს ნეფეს "ვაზირისთვის" (უცნობია ვინაობა) უნდა ეცა პატივი და ცოლის გვერდით არ უნდა დაეძინა. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში, დედოფალს როგორც პირველი, ისე მეორე ღამე ნათლიასთან ერთად უნდა დაეძინა...

თორნიკე ყაჯრიშვილი