"წამოდი, ხერხეულიძეების საფლავზე შესანდობარი ვთქვათ" - კვირის პალიტრა

"წამოდი, ხერხეულიძეების საფლავზე შესანდობარი ვთქვათ"

- მარაბდის სასაფლაოზე 9 ძმა ხერხეულიძის საფლავებზე ყოფილხარ? - მკითხა ბატონმა ენრიკომ რედაქციაში შემოსვლისთანავე. არა-მეთქი და შემრცხვა. ის თუ იცი, საიდან არიან ხერხეულიძეები? კი, სამაჩაბლოდან, ფრონეს ხეობიდან. კარგია, რომ იცი, ბევრმა არც ეს იცის... მეც სამაჩაბლოდან ვარ. უმიწაწყლოდ დარჩენილი ხერხეულიძეების საფლავზე ავდივარ და მათ შევთხოვ, ჩემი მიწა დამიბრუნონ. ომი არც მარაბდაში მოგვიგია, - 9 000 ქართველი ვაჟკაცი იმ დღეს ერთად დაგვეხოცა, მაგრამ ნახე, რა ქნეს ხერხეულიძეებმა, - ძმებს და და დედა გაჰყვნენ და როცა ყველა ძმა დაიხოცა, ქართული დროშა დამ აიტაცა... მერე დედას მანამდე ეჭირა, სანამ თვითონაც არ მოკლეს. აი, ეს არის ბრძოლა, - თუნდაც ერთი კაცი დარჩეს მთელი ერიდან ცოცხალი, იმ ერთსაც უნდა შეეძლოს თავისი მიწის დაცვა! მერე დამარცხებულმა ქართველებმა ხერხეულიძეები 9 000 მკვდარში ამოარჩიეს და მარაბდის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვინც მომავალში ამ საფლავებთან მივიდოდა, უნდა ესწავლა, სამშობლოს დაცვა რა არის. ჩვენ ეს ვერ შევძელით. რა გასაკვირია, მარაბდელების საფლავებიც კი გაფანტულია, - ბატონი ენრიკო გაჩუმდა, მერე უცებ: - წამომყვები ხერხეულიძეების სასაფლაოზე? ლიახველებსაც წამოვიყვან, ისინიც შესთხოვენ ამ ბიჭებს თავიანთი მიწის დაბრუნებას!

და წავედით მაისის ერთ დილას ხერხეულიძეების საფლავზე მე, ენრიკო კვიღინაძე, ციცინო ბაბუციძე და ვახტანგ კობერიძე. გზადაგზა ყაყაჩოები გვეგებებოდნენ. მარაბდელი პაპა-შვილიშვილი შემოგვეყარნენ. როცა გაიგეს, სად მივდიოდით, გაუხარდათ და სასაფლაოს კარიბჭეც შეგვიღეს. პატარა ეკლესია და ბალახებში გაფანტული ხავსიანი ქვები გამოჩნდა.

- ეს ხერხეულიძეების დისა და დედის საფლავებია, ძმებისა კი გაფანტულია! - ბატონმა ენრიკომ ანთებული სანთლები საფლავებთან ახალაღმართულ პატარა ობელისკზე დაამაგრა და არაყი ჩამოასხა. ჩავიჩოქე და ნაცრისფერ ქვებზე ამოჭრილ წარწერებს ხელი გადავუსვი: "და ხერხეულიძეთა", "დედა ხერხეულიძეთა"...

ციცინო ბაბუციძე ატირდა: -

სამაჩაბლოში ჩემს სახლს და მოხუც მამას ვტირი. 84 წლისა იყო და არ მომყვებოდა, - ჩემს სახლში უნდა მოვკვდეო. თბილისში რომ გამოვკეტე, 2 წელიწადი გაუნძრევლად იჯდა და გაუთავებლად იმეორებდა, ეს რა დაგვემართაო... 4 ვაჟი მყავს, უფროსი რომ ომში წავიდა, დანარჩენებიც მის კვალზე დადგნენ. მეც მზადება დავიწყე. ბიჭებმა - შენ სადღა მოდიხარო?! აქ ვიღას ვუყურო-მეთქი!

ამის გაგონებაზე სამაჩაბლოელმა კაცებმა გვერდზე გაიხედეს. მივხვდი, რატომაც, - ცრემლის დამალვა უნდოდათ...

- ახლა შესანდობარი ვთქვათო და ბატონმა ენრიკომ მეც მომაწოდა სასმისი.

- აწი მაინც ისე გვეცხოვროს, 4 საუკუნის შემდეგ დღევანდელი ქართველების საფლავებზეც მოსულიყვნენ შესანდობრის სათქმელად-მეთქი, ვთქვი და სასმისი გამოვცალე. თავი დამიქნიეს და ძმების საფლავების მოსაძებნად გაიფანტნენ. მეც მივყევი. რვა საფლავი ვიპოვეთ. მეცხრე ვეღარ - ბალახს იქაურობა დაეფარა...

მარაბდის ბრძოლა

1625 წელს მარაბდის ველზე გამართულ ბრძოლაში მცირერიცხოვან ქართველთა სიმამაცემ შაჰ-აბასის ურდოები უკუაქცია, მაგრამ სარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა ბრძოლა არ დათმო. ამასობაში აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰ-ბენდე-ხანიც მიეშველა და ქართველები უკუიქცნენ. დაეცა თეიმურაზ მუხრან-ბატონიც. მისი სიკვდილი ქართველებმა ომის დასასრულად მიიღეს. ეს იყო საბედისწერო შეცდომა, რასაც დავით ჯანდიერის, აღათანგ ხერხეულიძის, ბაადურ ციციშვილის, რუსთაველი და ხარჭაშნელი ეპისკოპოსების სიკვდილი მოჰყვა. ქართული დროშა ხერხეულიძეების ხელში რიგრიგობით გადადიოდა... გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა გვიან ღამით ქართველთა მარცხით დამთავრდა. ბრძოლის ველზე მკერდგანგმირული იწვა ქრისტესა და მამულისთვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი, მათ შორის ცხრა ძმა ხერხეულიძე, მათი დედა და ერთადერთი ნაბოლარა და...