"დეტექტივების დედოფლის" შემოქმედება კიდევ არაერთ ასწლეულს გაუძლებს!..
11-05-2015
"დეტექტივების დედოფლის" შემოქმედება  კიდევ არაერთ ასწლეულს გაუძლებს!..
აგათა კრისტი - 125

საშუალოზე დაბალი, მსუქანი, ასაკოვანი მამაკაცი, კვერცხის ფორმის თავითა და იდეალურად მოწესრიგებული ულვაშით. კარგად იცვამს და დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარ ჯანმრთელობას, შემოდგომაზე ყოველთვის ხმარობს შარფს და არ უყვარს გაუმართლებელი რისკები. გურმანია, განსაკუთრებით კი, ფრანგულ სამზარეულოს აფასებს. ყოველთვის კარგ და ძვირად ღირებულ რესტორნებში დადის, მაგრამ, როგორც წესი, კომპანიონების გარეშე. არ სვამს ლუდს და უყვარს შავი მოცხარის სიროფი. წარმოშობით ბელგიელია და ინგლისელების ბევრ წეს-ჩვეულებას უცნაურად მიიჩნევს. არ უყვარს სახლის
განიავება და ფანჯრების გაღება, მიიჩნევს, რომ კარგი ჰაერის ადგილი ქუჩაშია. ყველგან და ყველაფერში სიმეტრია და წესრიგი მოსწონს. მის ბინაში ყველაფერი კვადრატულია, სახლის ჩათვლით. გამოძიებას ყოველთვის "საკუთარ სავარძელში" აწარმოებს. როგორც განმარტავს, არ არის საჭირო, თვითონ ეძებოს ნაფეხურები თუ სხვა სამხილები, სავარძელში მოკალათებული ბევრს ფიქრობს და საქმეებსაც
სწორედ ასე ხსნის...

დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას გეცნოთ აგათა კრისტის დეტექტივების ლეგენდარული გამომძიებელი ერკიულ პუარო, რომელმაც მილიონობით ადამიანზე, მათ შორის, ჩემზეც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა - აგათა კრისტის რომანები დღესაც ბესტსელერებად ითვლება. დიახ, "დეტექტივების დედოფლის" შემოქმედება კიდევ არაერთ ასწლეულს გაუძლებს!..

წელს, სექტემბერში, აგათა კრისტის დაბადებიდან 125 წელი გადის, ამიტომ 2015 წელი მსოფლიომ სწორედ აგათას წლად გამოაცხადა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით არაერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთში, ღონისძიებების სერიაა დაგეგმილი, რომელიც მწერლის ძეგლის გახსნას, სხვადასხვა კონკურსის ჩატარებასა და გრანდიოზულ რამდენიმედღიან ფესტივალს მოიცავს.

მსოფლიო მასშტაბის ლიტერატურულ მოვლენაში საქართველო და გამომცემლობა "პალიტრა L"-ც ჩაერთო. მოგეხსენებათ, 27 აპრილს აგათა კრისტის საუკეთესო რომანის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო, რომელიც სექტემბერში შეჯამდება და მკითხველის მიერ დასახელებული აგათა კრისტის საუკეთესო რომანი სპეციალური ლოგოთი დაიბეჭდება.

წამოწყებას საქართველოშიც მკითხველების უპრეცედენტო რაოდენობა გამოეხმაურა, რის გამოც "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა, აგათა კრისტის დეტექტივების მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი შეეთავაზებინა.
გამომცემლობამ ბრიტანეთში "დეტექტივების დედოფლის" ოფიციალური წარმომადგენლობისგან საქართველოში საიუბილეო სერიის გამოცემის უფლება ექსკლუზიურად მოიპოვა და მის დეტექტივებს პერიოდულად გამოსცემს!
ამ ეტაპზე ქართულ საიტებზე მიმდინარე გამოკითხვებში "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში" ლიდერობს,­ ამიტომ "პალიტრა L" მკითხველებს პირველად სწორედ ამ დეტექტივს შესთავაზებს.

სპეციალური ლოგოთი დაბეჭდილი წიგნი 22 ივნისს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება. რომანში "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში" ლეგენდარული დეტექტივი აღმოსავლეთის ექსპრესში სხვადასხვა წარმოშობისა და ფსიქოლოგიის ადამიანთან ერთად მგზავრობს. ექსპრესში მგზავრობის პირველივე ღამეს მკვლელობა ხდება. მიუხედავად სირთულეებისა, ერკიულ პუარო ერთი შეხედვით გაუხსნელი საქმის გამოძიებას მაინც ახერხებს... დეტექტივის კითხვისას თავს თქვენც ერთ-ერთ მგზავრად წარმოიდგენთ!
აღსანიშნავია, რომ მკითხველთან ერთად, კონკურსში მსოფლიოში ცნობილი ადამიანებიც მონაწილეობენ და რამდენიმე სიტყვით ან ვრცელი წერილით "დეტექტივის დედოფლის" მიმართ მათ დამოკიდებულებაზე ჰყვებიან. მათ ცნობილი ქართველებიც შეუერთდნენ, მათ შორის, მწერალი დავით ტურაშვილი და მსახიობი რუსკა მაყაშვილი, რომლებიც ახალგაზრდებს აგათა კრისტის დეტექტივების წაკითხვისკენ მოუწოდებენ. ქართველების ვიდეომიმართვები აგათა კრისტის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე აიტვირთა!

აგათა კრისტი დიდი პოპულარობით განსაკუთრებით მოზარდებში სარგებლობს. როგორც ირკვევა, მისმა დეტექტივებმა არაერთი ადამიანის ცხოვრებაც კი შეცვალა.

ირაკლი ღვინიაშვილი, 15 წლის: "აგათა კრისტის დეტექტივებიდან რამდენიმე უკვე წავიკითხე, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოვყოფ რომანებს:  "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში" და "კარტები მაგიდაზე". ორივემ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და მინდა გითხრათ, რომ პროფესიაც უკვე შერჩეული მაქვს - იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარებ და პუაროს მსგავსი გამომძიებელი გავხდები".
შეგახსენებთ, 27 აპრილიდან ქართულ საიტებზე: ამბები.გე, მარაო.გე, პალიტრატვ.გე და იპნ.გე-ზე თქვენთვის სასურველი რომანისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა თავადაც გაქვთ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით