მხატვარი აფხაზების ტყვეობაში გატარებულ დღეებს იხსენებს - კვირის პალიტრა

მხატვარი აფხაზების ტყვეობაში გატარებულ დღეებს იხსენებს

"ზღვა, რომელმაც გაგვზარდა, უჩვენობით გაღიზიანებულია"

დავით ბაძაღუას გამოფენები სხვადასხვა ქვეყნის სახელგანთქმულ გალერეებშიც ეწყობა. ხშირად აინტერესებთ, რას ნიშნავს წითელი ლაქა, რომლის კვალი ყველა ნახატს ატყვია. მხატვარი "კვირის პალიტრას" მონატრებულ აფხაზეთსა და იქ გატარებული ტყვეობის ორთვიან პერიოდზე ესაუბრა:

- 2001 წელს სამხატვრო აკადემიაში  დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია "აფხაზთა და ქართველ ახალგაზრდა ხელოვანთა კავშირი", რომლის მიზანი აფხაზ ახალგაზრდებთან ურთიერთობების დათბობა იყო. ხელოვნება ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. მამებმა ერთმანეთს იარაღი დაუმიზნეს, შვილებმა - არა. ამიტომ ახალგაზრდებმა უნდა აიღონ სადავე. დღეს უკან-უკან მიდის ასეთ თემაზე ფიქრიც და აქტივობაც, შედეგად კი გული ცივდება.

- იქნებ გაიხსენოთ ის დრო, როცა აფხაზეთში დატყვევებული იყავით და ბევრს გარდაცვლილიც კი ეგონეთ...

- ეს ამბავი წლების წინ ჩვენი ორგანიზაციის აქტიურობას მოჰყვა. მახსოვს, გალის ტერიტორიაზე იქ დარჩენილი პედაგოგების ძალისხმევით ქართული სკოლები აღდგა. ისინი ჩვენ დაგვიკავშირდნენ, ვიდეოკამერით აღვიჭურვეთ და გალში გადავიღეთ ეს სავალალო მდგომარეობა, რაც შემდეგ დოკუმენტურ ფილმში - "ბედთან გაჯიბრება" აისახა. ამას დიდი რეზონანსი მოჰყვა. გვინდოდა აფხაზეთის სკოლებში ჩაგვეტარებინა შემოქმედებითი კონკურსები და გამარჯვებული აფხაზი მოსწავლეები ქართველ ბავშვებთან ერთად დასასვენებლად საზღვარგარეთ გაგვეშვა. პროექტმა ნიუ-იორკში გაეროს ოფისში დიდი მოწონება დაიმსახურა, ფაქტობრივად, ყველაფერს გვიფინანსებდნენ. სოხუმში ჩავედი და შევხვდი იქაური პარლამენტის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბათალ კობახიას. განვიხილეთ იდეები, რომელიც პროექტების განხორციელებას უკავშირდებოდა. თუმცა, ბოლოს პასუხად მივიღე, შეცდომა დაუშვი, აფხაზეთში არ უნდა ჩამოსულიყავიო.

- თუ კარგად დაიწყო მოლაპარაკება, მერე რატომ გაღიზიანდნენ აფხაზები?

- 2004 წელს ვარდებით ენგურის ხიდის მოხატვის იდეა გაგვიჩნდა. ხიდზე მოდის ჩვენება უნდა გამართულიყო, მაგრამ მერე სხვებმა განახორციელეს ეს იდეა... მახსოვს, გამოქვეყნდა სტატია "ვარდები უკვე ვლადისლავ არძინბასთვის", რამაც მაშინ აფხაზები ძალიან გააღიზიანა... ჩათვალეს, რომ აფხაზეთში არეულობის მოსაწყობად შევდიოდი. ჰოდა, სწორედ იმ დღეს, როცა კობახიამ გამომისტუმრა და უკან ვბრუნდებოდი, ენგურის ხიდთან მე და ჩემი მეგობარი აფხაზებმა გაგვაჩერეს. იკითხეს, ბაძაღუა რომელიაო. ჩემი მეგობარი გაუშვეს, მე კი თვალები ამიხვიეს და სახლის სარდაფში 2 თვით გამომამწყვდიეს. თავიდან ძალიან მავიწროებდნენ, იარაღს მაბჯენდნენ, მოკვლით მემუქრებოდნენ, მეუბნებოდნენ, გვიამბე, ვისგან რა დავალებას იღებ და რა მიზნით ხარ შემოსულიო. ვამბობდი, რომ მხოლოდ შემოქმედებითი პროექტების განხორციელება მსურდა. ათასჯერ მიბრუნებდნენ კითხვას  და ათასჯერვე ამას ვპასუხობდი.

მახსოვს, ხის ჯვარი მქონდა, რომელიც ერთ დღეს ტუჩთან მივიტანე, საოცრად გაცხელებული იყო. ეს სასწაულად აღვიქვი. ამ ჯვარმა ენით აუწერელი იმედი და ენერგია მომცა. თითქოს რაღაც ხმა მეუბნებოდა, გაძლიერდი, გადარჩებიო. უფრო დედაჩემსა და ძმაზე ვნერვიულობდი, რომლებმაც არ იცოდნენ, ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი. იმ პერიოდში აფხაზები თვეში ერთხელ წმენდას ატარებდნენ და იქ გადასული ქართველი თვალში თუ არ მოუვიდოდათ, შეეძლოთ მოეკლათ.

უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩემს გადასარჩენად ენერგიას არ ზოგავდნენ... ორი თვის შემდეგ, აფხაზებმა ისევ ამიხვიეს თვალი, სარდაფიდან გამიყვანეს და ჩაის პლანტაციაში დამაგდეს, სოფელ სიდასთან, საიდანაც ენგურის ხიდამდე 12-15 კმ-ია. ენგური გადმოვცურე და გადმოსვლა ასე მოვახერხე.

- თქვენს შემოქმედებაში აფხაზეთის თემა დომინანტურია. ყურადღებას იქცევს ნახატების სახელებიც: "ჩემი ზღვა", "ნავსადგური", "გადარჩენა", "მოლოდინი სოხუმის პორტთან"...

- ბევრი მათგანი ტყვეობის შემდგომ დავხატე, 2000-ზე მეტი სურათი. დღის განმავლობაში ემოციები გროვდება და ვცდილობ, ეს ტილოზე გადავიტანო. ყველა სურათზე წითელ ლაქას ვტოვებ. ის ჩემი ქართველების ტანჯვასა და აფხაზეთის დაკარგვას უკავშირდება. ტილოებზე ზღვის ტალღები თითქმის ყოველთვის აბობოქრებულია, თითქოს ერთმანეთს ეჭიდებიან, მაგრამ კომპოზიციურად ეს ყველაფერი აწყობილია. ეს არის სწორედ ჩემი ზღვა, რომელმაც გაგვზარდა და ჩვენ უმისობით ვართ გაღიზიანებული, ის კი უჩვენობით.

- სხვადასხვა ჟანრში ხატავთ, მაგრამ ამბობთ, აბსტრაქცია ჩემიაო...

-  აბსტრაქცია ხომ რაღაც გაუგებარს ნიშნავს. მეც რაღაც გაუგებარ სამყაროში დავიბადე, გაუგებარ სიტუაციაში ვარ (ჩემს ხალხთან ერთად). ამიტომ ამ გაუგებრობას ვხატავ, თუმცა, მასში მაინც რაღაცას ხედავენ... რაღაცის გაგება გაუგებრობაშიც შეიძლება. რას ვიზამთ, გაუგებრობა არის ჩვენი ქვეყნის ბედი. ასეა ნახატშიც!