ყველას ეგონა, ახალი ფილმის გადაღებას კიდევ მოასწრებდა - კვირის პალიტრა

ყველას ეგონა, ახალი ფილმის გადაღებას კიდევ მოასწრებდა

ქართული კინოს საგანძურში შესული ფილმები "მაგდანას ლურჯა", "ჩვენი ეზო", "ჯარისკაცის მამა", "ღიმილის ბიჭები", "ნერგები", "დონ კიხოტი" და კიდევ ბევრი სხვა, ერთი სიცოცხლეა - სიცოცხლე კინოფილმებით განვლილი. ამ ფილმებით ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა... ჩვენც გვიყვარს, გვეამაყება. ამაზე დიდი წარმატება რეჟისორისთვის არ არსებობს...

ის ძალიან დიდხანს ემსახურა ქართულ კინოს, ბოლო ხანს ავადობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველას ეგონა, ახალი ფილმის გადაღებას კიდევ მოასწრებდა. რეზო ჩხეიძის ხასიათი და უტეხი ბუნება გაფიქრებინებდა, რომ მას, მიუხედავად ასაკისა, სიბერე ვერაფერს დააკლებდა...

ის არ იყო მარტივი კაცი, არც მისი ცხოვრება ყოფილა მარტივი და ცალსახად გასაშიფრი. არ იყო გრძნობებზე მეტყველი, არც ძალიან გულახდილი. ბევრი რამ ჰქონდა საკუთარ თავში ჩატრიალებული და სამუდამოდ შენახული. ძალიან იშვიათად შეიძლებოდა წასწყდომოდი მის გახსნილ ემოციას. ის ალბათ ერთადერთი იყო, ვინც დატოვა მრავალწახნაგა პორტრეტი საკუთარი თავისა: ნიჭიერი რეჟისორი, რომელიც ყველას უყვარდა და კინოსტუდიის დირექტორი, რომელიც ყველას არ უყვარდა, საბჭოთა კინოს მარწუხებიდან მოქნილად დამსხლტარი შემოქმედი, რომელიც იღებდა საბჭოთა კინოს...

როცა ერთხელ რეზო ჩხეიძეს უსაყვედურეს, - "რაიკომის მდივანს" რატომ იღებო, უპასუხა: იმიტომ ვიღებ, რომ გოდერძი ჩოხელმა და თემურ ბაბლუანმა ეს ფილმი არასოდეს გადაიღონო... ეს კი მართლა შეეძლო: დაეცვა ახალგაზრდა რეჟისორები.

"პოლიტიკური თვალსაზრისით ზეწოლა "მოსფილმსა" და "ლენფილმზე" უფრო იყო, ვიდრე "ქართულ ფილმზე". ჩვენ გვერიდებოდნენ, - მიამბობდა ბატონი რეზო, - ქართული ინტელიგენციის უფრო ეშინოდათ." ალბათ გინახავთ რეზო ესაძის "ერთი ნახვით შეყვარება". ეს სურათი "ლენფილმშია" გადაღებული.

"ერთ ღამეს რეზო ესაძემ დამირეკა ლენინგრადიდან: ფილმის განადგურების ბრძანება გასცეს და რა ვქნაო. ახლავე ჩამოდი-მეთქი. როგორ ჩამოვიდე, გზის ფული მე არ მაქვს, ფილმს არ მომცემენო. გამოგიგზავნი გზის ფულს, სურათი მოიპარე და ჩამოდი-მეთქი. ასეც მოიქცა. ფილმი ვნახე. წავედი მოსკოვში, კინემატოგრაფიის მინისტრ ერმაშს ვკითხე, რატომ არ უშვებთ ამ ფილმს, რა არის აქ ანტისაბჭოური-მეთქი. თუ გაბედავ ტიტრებში "ქართული ფილმის" დაწერას, მაშინ გაუშვიო. ცხადია, გავბედე. პარადოქსია, მაგრამ საქართველოს ერიდებოდნენ და პატივს სცემდნენ".

მას არასდროს აკლდა გამბედაობა,  მხნეობა, სიჯიუტე... ერთგვარი სიჯიუტე უფრო იყო ისიც, რომ თავის სტუდენტებს იმ სიტყვებით მისალმებას სთხოვდა, რომელიც გიორგი ნიკოლაძეს დაემკვიდრებინა თავის დროზე:

- დარაჯობ მამულს?

- მარად!

კარგად იცოდა, სამშობლოს სიყვარულს ვერანაირი ხმამაღალი მისალმება ვერ გააჩენდა და აღზრდიდა. მას სჭირდებოდა, მომავალ რეჟისორებში აღეზარდა ჯიუტად განსხვავებული ადამიანები, რომლებიც საბჭოთა სისტემაში დარჩებოდნენ ნიკოლაძისეულ შევარდნებად. დაახლოებით ისეთი ჯიუტები, თვითონ რომ იყო ახალგაზრდობაში. მოსკოვში ჩასულმა განაცხადი შეავსო და გრაფაში მშობლების შესახებ ჩაწერა: "მამა 1937 წელს დახვრიტეს, დედა - ბიბლიოთეკარი. წარმოშობა - თავადური".

განა ისეთი გულუბრყვილო იყო, რომ არ იცოდა, ამას რა მოჰყვებოდა?! ჯიუტობდა, არ უტყდებოდა ცხოვრებას. გაუტეხლობა კი ქმნის შემოქმედებას! და კიდევ: სწორედ ეს ქმნის საფუძველს, გამოვლინდნენ კეთილი ადამიანები.

"მეორე დღეს მითხრეს, დეკანი გიბარებსო. სულ არ ვიცნობდი, ვინ იყო, პირველად ვნახე. მითხრა: - კარი მოხურეო. დავხურე. და დაიწყო: შენ, ქართველო, ნორმალური თუ ხარ, ეს რა დაწერე, ამით ვინ მიგიღებს ინსტიტუტშიო? რომ წერ, თავადური წარმოშობისა ვარო, ახლავე ჩაწერე: მოსამსახურეთა ოჯახიდან! მამა დაპატიმრებულიაო... ვინ გეკითხება ამას, ვინ იცის მოსკოვში ეს? დაწერე მამის პროფესიაც და დედის პროფესიაცო.  განცხადება გადავწერე. დეკანს შეეძლო, შევერისხე, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ საბჭოთა სახელმწიფოს ინტერესები დაეცვა, მე დამიცვა", - ჰყვებოდა ბატონი რეზო.

80 წელს გადაცილებული იყო, რომ ამბობდა: - "გადაღებაზე მოუმზადებელი არასდროს წავსულვარ. ვმუშაობდი გაუთავებლად.

ერთხელ მიხეილ ჭიაურელმა მითხრა, - გადაღების წერტილის შერჩევისას მიწაზე დაწოლა და მაღლა ასვლა რომ დაგეზარება, მაშინ უნდა დაანებო თავი რეჟისორობასო. მე ჯერ არ დამზარებია"...

მართლა არაფერი ეზარებოდა...

რაკი გადასაღები წერტილის არჩევა ვახსენე, აქვე ვიტყვი: 1956 წელს რეზო ჩხეიძე "ჩვენ ეზოს" იღებდა - ყველაზე შინაურ ფილმს ახალგაზრდებისთვის. მართლაც ყველას ჰქონდა თავისი ეზო - თავისი ახალგაზრდობა და ამ ფილმის ზოგიერთი კადრი სოფელ ტაბაკინში გადაიღო, იქ, სადაც ჩხეიძეების საგვარეულო ეკლესიაა. ამბობდა: "ის ადგილი, სადაც გადაღება გაქვს დაგეგმილი, ძალიან კარგად უნდა გაიცნო, იქაური ხალხი, იქაური ბუნება გაითავისო.  ასე უფრო უახლოვდები და ერწყმი გარემოს"... მისთვის საქართველოს ბევრ კუთხეში იყო ადგილი, რომელსაც შერწყმოდა...

გავა დრო და კიდევ ერთხელ ნახავენ მის ფილმებს, ოღონდ სხვა თვალით: მოძებნიან რეჟისორს, რომელიც საკუთარ შემოქმედებას შეერწყა და ახალ ფურცელს გადაშლიან მის ბიოგრაფიაში.