"მაკულიტერატურა" - ასეულობით ხე განადგურებას გადაურჩა - კვირის პალიტრა

"მაკულიტერატურა" - ასეულობით ხე განადგურებას გადაურჩა

უპრეცედენტო ეკოპროექტი დასრულდა

"აქციე მაკულატურა წიგნად" - ამ მოწოდებით პროექტ "მაკულიტერატურის" უპრეცედენტო აქცია თბილისით დაიწყო და რეგიონებში გაგრძელდა. პირველი მასპინძელი ქუთაისი გახლდათ, შემდეგ ბათუმი, სენაკი და ხაშური. უკანასკნელი აქცია ყვარელში გაიმართა. ამჟამად, "მაკულიტერატურის" განსაკუთრებული აქცია დასრულებულია, თუმცა, პროექტი გრძელდება და მაკულატურის ჩაბარება შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც.

შეგახსენებთ, უკვე ორი წელია, პროექტის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, უსარგებლო, მეორეული ქაღალდების, ჟურნალების, წიგნების, ფლაერებისა თუ სხვა ქაღალდის ნაწარმის სანაცვლოდ ახალი წიგნები მიიღოს...

თბილისში ერთკვირიან აქციაში წიგნის მოყვარულთა უპრეცედენტო რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ აქციის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი კვირით განისაზღვრა, მასში მონაწილეთა რიცხვი იმდენად მაღალი იყო, რომ პროექტის ორგანიზატორებმა აქცია ერთი დღით გაახანგრძლივეს. საბოლოოდ, რვადღიანი აქციის ფარგლებში 150-160 ტონაზე მეტი მაკულატურა ჩაბარდა, სანაცვლოდ - 150.000 ლარის ღირებულების წიგნი გაიცა.

გარდა იმისა, რომ პროექტი წიგნის მკითხველებს მაკულატურის ახალ წიგნებში გადაცვლის შესაძლებლობას აძლევს, ბუნების გადარჩენის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი წამოწყებაა.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 40 წლის მანძილზე, მსოფლიოში ქაღალდზე მოთხოვნა 400%-ით გაიზარდა - დღეს მსოფლიო წელიწადში 300 მილიონ ტონა ქაღალდს მოიხმარს. შესაბამისად, ხეების ჩეხის სტატისტიკური მაჩვენებელიც კატასტროფულად მატულობს. სხვათა შორის, ამ პროცესის ონლაინრეჟიმში დაკვირვება, ცოტა ხნის წინ, "გუგლის" ახალი პროექტის Global Forest Watch-ის წყალობით გახდა შესაძლებელი - დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ, რეალურ დროში დააკვირდნენ მსოფლიოში ხეების ჩეხის მასშტაბებსა და მიმდინარეობას. ვებგვერდზე გამოქვეყნებულია "ნასას" თანამგზავრების მიერ ბოლო 13 წლის განმავლობაში გადაღებული ფოტოებიც. მეტიც, გამოსახულება საშუალებას გვაძლევს, დეტალურად გამოვთვალოთ ნებისმიერ ტერიტორიასა და ქვეყანაში წლების მანძილზე გაჩეხილი და განახლებული ტყის მასივების მოცულობაც. სამწუხაროდ, აღნიშნული რუკის მიხედვით, საქართველოს ტყის საფარი საგანგაშო მდგომარეობაშია!

არადა, სულაც არ არის აუცილებელი, ახალი ფურცლის წარმოებას მწვანე საფარი შეეწიროს, რადგან საამისოდ მეორეული ქაღალდის გადამუშავება და ამ გზით ქაღალდის ბაზარზე დაბრუნებაა შესაძლებელი. მწვანე საფრის გადარჩენა მედიასახლ "პალიტრის" ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა და პროექტ "მაკულიტერატურის" განხორციელებაც სწორედ ამ მიზნით დაიწყო. ორი წლის განმავლობაში პროექტმა განადგურებას ასეულობით ხე გადაარჩინა.

პროექტის მონაწილეებს მიეცათ საშუალება, გადაეცვალათ ახალ წიგნებში ნებისმიერი ქაღალდის ნაწარმი. ბუნებრივია, იმის საფრთხეც გაჩნდა, რომ მაკულატურას ღირებული ლიტერატურაც გაჰყვებოდა. "პალიტრამ" ეს რისკიც გაითვალისწინა და დახმარება ეროვნულ ბიბლიოთეკას სთხოვა. მათ მაკულატურაში გაბნეული მნიშვნელოვანი წიგნების მოძიება დაიწყეს - 100 ტონა მაკულატურიდან 1 500 წიგნზე მეტი გადარჩა!

გახსოვდეთ, ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს, რის შედეგადაც 26 კუბ/მეტრი წყალი და 2,3 კვმ მიწის მოცულობა დაიზოგება...

მაკულატურის ჩაბარება შეგიძლიათ შემდეგ ფილიალებში:

თბილისი: წერეთლის #116, სავაჭრო ცენტრ "დიდუბე პლაზას" ეზო;

ქუთაისი: ავეჯის კომბინატი, სულხან-საბას 2/ გუგუნავას 5;

ხაშური: რუსთაველის #88;

სენაკი: ცოტნე დადიანის #5;

ბათუმი: აღმაშენებლის #52;

ყვარელი: ჭავჭავაძის #13.

რუსუდან შელია