"სიხარულის" ტრაგედია - რას ჰყვება მეხანძრე, რომელმაც დაღუპული ბავშვების ოთახში პირველმა შეაღწია - კვირის პალიტრა

"სიხარულის" ტრაგედია - რას ჰყვება მეხანძრე, რომელმაც დაღუპული ბავშვების ოთახში პირველმა შეაღწია

ქობულეთში საშინელი ტრაგედია დატრიალდა - აღმაშენებლის ქუჩაზე, სასტუმრო "არმაზში" გაჩენილმა ხანძარმა სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპული ბავშვების ასაკი 10-12 წელია. რუსთავის ცეკვის ანსამბლი "სიხარული 2" ქობულეთში კონცერტის გასამართად ჩავიდა. კონცერტის შემდეგ ანსამბლის ხელმძღვანელები და მისი წევრები, რამდენიმე მშობელთან ერთად, სასტუმრო "არმაზში" დაბინავდნენ. ანსამბლი რუსთავში 10 მაისს უნდა დაბრუნებულიყო...

10 მაისს, გამთენიისას, პოლიციის თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ სასტუმროდან კვამლი გამოდიოდა. ისინი შენობაში შეცვივდნენ და ხალხის გაღვიძება სცადეს. ცეცხლი შენობას მალე მოედო.  ცეცხლში გახვეული სასტუმროდან პოლიციელებმა და აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა 45 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, 31 ბავშვი იყო.

სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა თორნიკე ხვიჩიას, დათო ზაქარაძისა და რევაზ დემეტრაშვილის გადარჩენა.

თინათინ გოგიშვილი, ერთ-ერთი გადარჩენილი ბავშვის მშობელი: "რამ გამოიწვია ხანძარი, არ ვიცით, მაგრამ ძალიან სწრაფად გავრცელდა. დაღუპული ბიჭების ნომერი სასტუმროს მეორე ნაწილში იყო... ჩვენ გაღვიძებისთანავე ვცდილობდით ბავშვების გამოყვანას. ჩაუცმელები და ყოველგვარი ნივთის გარეშე, გამოვცვივდით ალმოდებული სასტუმროდან. ხანძარი ისე სწრაფად გავრცელდა, ფაქტობრივად, ცეცხლმოკიდებულები გამოვედით შენობიდან".

როგორც ვარაუდობენ, ხანძარი იმ კონდიციონერსა თუ გაუმართავ გაზის გამათბობელს გაუჩნდა, რომელიც დაღუპულების ოთახში იყო ჩართული...

რუსთავიდან ქობულეთში დაღუპული ბავშვების მშობლები ჩავიდნენ. ისინი პედაგოგებსა და იმ მშობლებს ადანაშაულებენ, რომლებიც მოზარდებს თან ახლდნენ და ყურადღება არ მიაქციეს. დაღუპული მოზარდების მშობლები ამბობენ, რომ თუ სასტუმრო "არმაზს" ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, ბავშვები არ უნდა მიეღო.

"სად ვეძებო დამნაშავე, სად არის ჩემი შვილი, მითხარით, რომ ცოცხალია", - მოთქვამდა გამწარებული მშობელი.

შერმადინ ართმელაძე, სასტუმრო "არმაზის" მფლობელი: "ანსამბლის ხელმძღვანელები და პედაგოგები ქეიფობდნენ, ბავშვები კი უყურადღებოდ ჰყავდათ დატოვებული. ვიცით, რომ იმ ოთახის კარი, სადაც ბავშვებს ეძინათ, ჩაკეტილი იყო.  არ ვიცი, ვინ ჩაკეტა კარი,  მასწავლებელმა თუ მშობელმა. მე ხომ არ ჩამიკეტავს?! კარი ვერ გატეხეს".

ანსამბლის ხელმძღვანელი გოგი მარღანია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ნასვამი არ ყოფილა, რადგან გული აწუხებს და მისთვის დალევა არ შეიძლება. ამბობს, რომ ყველას ეძინა, როცა ერთ-ერთი დაღუპულის დამ განგაში ატეხა, სასტუმრო იწვისო...

ქორეოგრაფი გოგი მარღანია, ანსამბლის პედაგოგები და მშობლები პოლიციამ დაჰკითხა. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სამი ბავშვის დანახშირებული ცხედარი სახანძრო სამსახურის ოცმეთაურმა, მალხაზ ვერულიძემ და მისმა კოლეგამ იპოვეს. მათ პირველებმა შეაღწიეს ცეცხლში გახვეულ ოთახში. მალხაზი მომხდარით შეძრულია:

- უმძიმესი სურათი დაგვხვდა, ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული. ირგვლივ საშინელი პანიკა სუფევდა, ყვიროდნენ, გვიშველეთ, ბავშვები არიან დაკარგული და ვერ ვპოულობთო. ზოგი ამბობდა, სამი ბავშვია დაკარგულიო, ზოგიც ოთხს ასახელებდა. გამწარებულები ყველგან ვეძებდით. Gგვქონდა ინფორმაცია, რომ მესამე სართულზე უნდა ყოფილიყვნენ. სამწუხაროდ, მესამე სართულზე ასვლა ვერ შევძელით, ხის კიბეები იყო და იმხელა ცეცხლი გაჩნდა, კიბე ჩამოიშალა. სახანძროს სპეცმანქანა მოვიდა, იმ მანქანის კიბით ავედი მესამე სართულზე, მერე სხვებიც ამომყვნენ. ცეცხლის პატარ-პატარა კერებს ვაქრობდით. ამ დროს ვნახეთ ბავშვები... ჩემმა კოლეგამ მითხრა, ეს რა არისო... იმ ოთახს, სადაც ბავშვები იყვნენ, აღარც კარი ჰქონდა და აღარც ფანჯარა, არც საწოლები გვინახავს, რადგან ყველაფერი დამწვარი, დახრუკული და მიწასთან გასწორებული იყო. ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია...

- შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბავშვები გამოსვლას ცდილობდნენ და ვერ გამოაღწიეს? ერთ-ერთი ინფორმაციით, კარი ჩაკეტილი იყო.

- არ ვიცით, კარი მთლიანად დამწვარი იყო და როგორ გითხრათ, ჩაკეტილი იყო თუ არა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს დეტალები. როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, მესამე სართულზე უნდა ყოფილიყვნენ, იმწუთიდან ვცდილობდით მათ პოვნას. პლასტმასს და ხეს უცბად წაეკიდა ცეცხლი, საშინელი ალი იყო. ამ ბავშვებმა რატომ ვერ გამოაღწიეს, არც ამაზე მაქვს პასუხი. მესამე სართულზე მხოლოდ ეს სამი ბავშვი იყო. დანარჩენები მეორე და პირველ სართულებზე იყვნენ და ისინი გადარჩნენ. იქ საშინელი არეულობა იყო, ვცდილობდით ხანძარი ჩაგვექრო, მაგრამ ყველა მხრიდან ცეხლი ძლიერდებოდა. ვაქრობდით, თან გამწარებულები ვამტვრევდით ოთახების კარებებს ქვედა სართულებზე იმ იმედით, რომ დაკარგულ ბავშვებს ვიპოვიდით. სხვების გამოყვანა დროულად მოხდა.

დავით ჯიქია, რუსთავის მერი: "სავარაუდოდ, ცეცხლი კონდიციონერს გაუჩნდა, რომელიც გამათბობლის ფუნქციას ასრულებდა. გადარჩენილი ბავშვები შოკში არიან, მათი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ფსიქოლოგების ჯგუფის დახმარება დასჭირდათ. ცხედრები ამოსაცნობად სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადაასვენეს".

თეა ხურცილავა