ქვაზე დაწერილი ლექსები... - კვირის პალიტრა

ქვაზე დაწერილი ლექსები...

"საბნის დამხურველი არ ჰყავდაო ბეჩავ მამასა..."

გულქანმა ადამიანებისა რომ ვერა გაიგო რა, ისევ ბუნებასა და მის უტყვ შვილებს მიუბრუნდა: წიწილა იყო თუ ხბო, ყველას ელაპარაკებოდა, სითბოს უწილადებდა...

ვაჟას ქალიშვილმა ჩარგალში ასულ სტუმრებს კარი გაუღო, უმასპინძლა, როგორც შეეძლო, მერე კი ნახა, ბალიშის ქვეშ შენახული ფული მოეპარათ... განა რა ფული იყო - მცირედი, მაგრამ გულქანისათვის იმედი...

"როგორც მამამა ვერა გაიგო თავისი დაღალვისა... წვალებითა ვკვდები, უპატრონოდა... ოფლი გადაიდიოდაო, საბნის დამხურველი არ ჰყავდაო ბეჩავ მამასა... ღმერთო, რა საათზე გავჩნდი ნეტავა"...

ამას წინათ, "კვირის პალიტრის" საიტზე, სადაც მკითხველთან უშუალო ურთიერთობის კიდევ ერთი საშუალება გვეძლევა, მთხოვეს: ეთერ თათარაიძესთან ინტერვიუს სიამოვნებით წავიკითხავდითო... მკითხველის ინტერესი ჩემთვის მთავარია, ამიტომ დაუყოვნებლივ დავუკავშირდი ქალბატონ ეთერს.

KvirisPalitra.Geსასაუბრო თემას რა გამოგვილევს, ამჯერად კი ერთ ამბავზე ვჩერდებით - ვაჟა-ფშაველას ქალიშვილზე, გულქანზე ვსაუბრობთ. განა უბრალო ვინმე იყო! აბა, თვითონ გულქანს მოუსმინეთ და თვალით კი არა, გულით წაიკითხეთ მისი ნაამბობი:

"წვიმდა ჩქეფითა. მაშინ ცხრა-ათის წლისა ვიქნებოდი. ძროხაში ვიყავ. ყველას მოუვიდა პატრონი და სახვევები მოუტანეს, მე არა, არავინა. მამა ჩარგალს არ იყო. ჩამდიოდა წკრიალასა წყალ კაბის ბოლოზედა და ვიდეგ აი, იქა... გამყინა, ძალიან გამყინა. მოვიდა უცება ცხელი მზე. გავთბი, მომშივდა კიდეცა, ზაფხული იყო, მომშივდა და ერთი პატარა პურაი მქონდა, ისიც გამხმარი. დავფიქრდი: მე რო ობოლი არ ვყოფილიყავ, განა ეგრე ვიქნებოდიო. დავფიქრდი და ვთქვი:

რად გამაჩინე, უფალო, /რატომ არ მოვედ წვიმადა, ამითვისებდნენ ღრუბელნი, თან მატარებდნენ შვილადა.

ჩემი ობლობა და მწყემსობა ემაგ ორ-სამ სიტყვაში ჩავხატე.

მამამ მითხრა, შენაო, გოგოო, ჩემზე მეტი ნიჭი გქონიაო. დაწერე, როცა რა მოგაგონდეს ესეთი, ქვებზე და მომიტანე, ჩავწერო... დავწერდი, გაიავდრებდა, გადამირეცხდა, დავწერდი ქვაზედა, ძროხები დამიბზიკავდებოდნენ, მივბრუნდებოდი, ადგილი გადამიბრუნდებოდა, დავკარგავდი, ეეე!.. მამა მთხოვდა, ქვებზე წერე და მოიტანეო"...

ეს ამბავი ეთერ თათარაიძემ ჩაიწერა გულქანისაგან, თორემ ამ მშვენიერი და პოეტური ბუნების ქალის ნააზრევი და განცდილ-გადატანილი ცხოვრებაც ისე გადაირეცხებოდა, როგორც ის ლექსებიანი ქვები, ბავშვობაში რომ წერდა...

- 87 წლისა იყო, პირველად რომ ვნახე, - ვაყოლებ ეთერ თათარაიძეს გულქანთან შეხვედრის ამბავს, - წელში მოხრილი, პატარა, ჩია ქალი იყო, ცხვირი მუხლებზე ედო, რაღაც საქსოვს ჩახედავდა. ამომხედა ისეთი თვალებით - უმშვენიერესი მწვანე თვალებით! არ ვიცი, იმ თვალებში რა ენთო! ქათქათა კანი ჰქონდა, ჩამოქნილი, ულამაზესი არსება იყო, რომ გასწორდა...

KvirisPalitra.Geერთ დღეს შინ ვიყავი. ვალაგებდი ჩვენს საექსპედიციო ჩანაწერებს. ამირანის (ეთერ თათარაიძის მეუღლე) უბის წიგნაკი მომყვა ხელთ. გადავშალე. ვკითხულობ: "- ხევსური ხარა?

- კი.

- ააა, მაშ, შენ არ გაგიკვირდება ბურნუთიანთ ცხვირი, მოვსწევ ემ საათშია, კიდევაც გავილამაზებ ცხვირსა!"

ეს ჩემთვის სრული აღმოჩენა იყო იმ ინტერვიუების მერე, რომლითაც ვიცნობდი გულქანს. ჩარგალი მანამ თვალით არ მქონდა ნანახი. კარი გაიღო და არ მავიწყდება ამირანის გაშტერებული სახე, როცა ვაჯახე: - ამირან, ჩარგალში ხო წამიყვან გულქანთან? რაებს მოიგონებ, ვინ გულქანთანო?! ვაჟას გულქანთან-მეთქი. ვაჩვენე უბის წიგნაკი. წავედით,  დავბანაკდით ჩარგლის სკოლის მასწავლებლის, მართა მაუბარაშვილის ოჯახში. გულქანი უსახურ თანამედროვე სახლში - ვაჟას მუზეუმში ცხოვრობდა, ზემოთ - ალექსი რაზიკაშვილი და მის მეზობლად ჩვენი მასპინძელი მართა.

როცა გაიგო, რისთვის ვიყავით ჩასულები, - ვაიმე, ეთერო, ისეთი უკუღმართი ხასიათისაა, შეიძლება გამარჯობაზე გაგიმარჯოს არ გითხრასო. გული დამწყდა. აღარც-რა, თუ ეგეთია, მაგრამ ვაჟას შვილს ხელს მაინც ხო შევახებ, მაინც შემახვედრე-მეთქი. ჩავედით საღამოს. ორად მოკეცილი იჯდა გარეთ გამდგარ სკამზე. გამარჯობა ვუთხარით. ვინ ამოგხედა?! მართამ წაუფშაურა: დეიდა გულქანო! იცი, ვინ მოგიყვანე? თუშურად რო სწერს ლექსებსაო. ამოიხედა და თავისი თხელი ხელებით წამოვიდა ჩემსკენ. მექანიკურად გავუწოდე ხელები და მის კალთასთან ჩავიმუხლე, რადგან უჭირდა გასწორება. მომაჩერდა მწვანე თვალებით, ხმელ თითებს მისვამდა ხელზე, მითხრა: - იიი, ეხლა შენ შეგჭამენ, ეხლა შენ ამაგაძრობენ სულსა! ფშაურის გამო იყო, ენას გიწუნებ, ფშაველოო... შენ თუ თუშურად წერ, შენც ეგ მოგელისო...

რა შესადარებელი ვიყავი ვაჟასთან, უბრალოდ, დიალექტის გამო მითხრა. ღმერთმა აცხონოს, ვინც ჩემთვის სულის ამოძრობას ცდილობდა, მაგრამ ეგრე ადვილი ხომ არ არის, რომ სული ამოაძრო კაცს! ჭკვიანი მეგობრები მყავდა, მეუბნებოდნენ, არც ქებას მოუსმინო, არც - ძაგებასო! თენგიზ მირზაშვილი მარიგებდა, - ერთ ყურში შეუშვი, მეორეში გაატარეო, ვახუშტი მასწავლიდა: სისულელეები არ დაიჯერო, რომ დაწერენო. ეს ადამიანები მყავდა ბურჯად, მათ ხელში გავიზარდე, მათი გემოვნების, სიბრძნისა და გამოცდილების წყალობით...

- და კიდევ მომიყევი გულქანზე რამე, - პატარა ბავშვივით ვამბობ, ძილის წინ რომ ზღაპარს ითხოვს...

კიდევ რა... რა უნდა მომიყვეს, ის, რომ უსაზღვროდ ხელმოკლედ ცხოვრობდა ვაჟას ქალიშვილი მამის კერაზე? თუ ის, რომ საჭმელიც არ ჰქონდა, ოღონდ გულქანი ის ქალი არ იყო, ეწუწუნა, ვინმესთვის რამე მოეთხოვა, ან გულისგამაწვრილებლად ბევრი ექსკურსანტისათვის შეეტყობინებინა თავისი ვარამი. ისინი კი მოდიოდნენ, მასაც, ცოცხალ ადამიანს, როგორც ექსპონატს, ისე ათვალიერებდნენ და მიდიოდნენ: აი, როგორ უცხოვრია ვაჟას, რა პატარა სახლი ჰქონია! ალბათ, ზამთრობით როგორ უჭირდათ აქაურებს თოვლთან გამკლავება... უყურებდნენ და ფანტაზიას იმრავლებდნენ... გულქანი კი სწორედ ისე განაგრძობდა ცხოვრებას, როგორც მისი მამა-პაპა: ხელმოკლედ და ამაყად.

P.S. ისე მომინდა გავჩუმებულიყავი, აღარაფერი მითქვამს ეთეროსათვის (სხვათა შორის, ისე არაფერი უხდება, როგორც ეს სითბოთი სავსე სახელის დაბოლოება... "ქალბატონი ეთერი" სულ სხვაა, თითქოს სხვაზე ლაპარაკობ).

მანაც ბოლო სიტყვად მითხრა:

- მე რა ვარ? - არაფერი, მაგრამ ჩემს შემდეგ დატოვებულ საქმეებში ერთი ესეც იქნება... მადლობა უფალს ამისთვის, რომ ამის შესაძლებლობა მქონდა და დამამთხვია იმ დროს, როცა გულქანი ცოცხალი იყო, - ამოკვნესასავით გამოუვიდა.