"მიუხედავად იმისა, რომ ომი კარგა ხნის დამთავრებული იყო, მე მაინც ომში ვიყავი" - პირველი აფხაზური როკჯგუფი - კვირის პალიტრა

"მიუხედავად იმისა, რომ ომი კარგა ხნის დამთავრებული იყო, მე მაინც ომში ვიყავი" - პირველი აფხაზური როკჯგუფი

ზურაბ მამარდაშვილი: "ყოველი დღე გიტარის დაკვრით იწყება"

როკის წარმოშობის ისტორია ზუსტად არავინ იცის. არც ის იციან, ვინ იყო პირველი შემსრულებელი ან რომელი იყო პირველი როკკომპოზიცია. ამ ჟანრის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ჯერ როკ-ენ-როლმა, შემდეგ კი ბლუზისა და ქანთრის მოტივებმა. ზურაბ მამარდაშვილი სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. როკით "მოწამლულმა" მთელი ცხოვრება მას მიუძღვნა.

- მუსიკით 60-იან წლებში დავინტერესდი, "ბითლზის" გამოჩენის შემდეგ. მძიმე როკი მოგვიანებით, 70-იანი წლებიდან შემოვიდა ჩვენთან. მაშინ ფირფიტები 50 მანეთი ღირდა და ფულს არ ვიშურებდით.

გრძელ თმასა და წვერს ვატარებდით, განსხვავებულად ვიცვამდით. კომუნისტურ რეჟიმს ეს არ მოსწონდა, მოითხოვდნენ თმა და წვერი გაგვეკრიჭა, მერე თითქოს თავი დაგვანებეს. ჩემს ცხოვრებაზე როკ-მუსიკის გამორჩეულმა შემსრულებელმა გიტარისტმა ჯიმი ჰენდრიქსმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა, გიტარას კი "ლედ ზეპელინის" მოსმენის შემდეგ მოვკიდე ხელი. მაშინ მე-8 კლასში ვიყავი. ჩემმა მეგობარმა სერგო გამყრელიძემ, რომელიც მერე ჩვენი დრამერი გახდა, მაჩვენა, გიტარაზე როგორ უნდა ამეღო პირველი აკორდები. მას შემდეგ ხელიდან აღარ გამიშვია. მერე ჯგუფის შექმნის იდეა გაჩნდა. მე და ჩემი თანაკლასელები: სერგო გამყრელიძე, თემურ გორდულავა და თამაზ ტორჩინავა პირველ რეპეტიციებს სახლებში ვატარებდით...

"BLUE  BLUE  STAR"  & "ცხუმი"

1974 წელს დავამთავრე სკოლა და გავხდი სტუდენტი, თუმცა, ჩემთვის მთავარი მუსიკა იყო. დილით დაკვრას რომ ვიწყებდი, როგორ მოდიოდა საღამო, ვერ ვიგებდი. ერთხელ ჩემმა მეგობარმა ილია ჭელიძემ მითხრა, ერთი კაცია, გურამ მამიევიჩი, როკჯგუფის შექმნა უნდა, მაგრამ მუსიკოსი არ ჰყავს, უნდა გაგაცნოო. მისი გაცნობის შემდეგ რამდენიმე ბიჭიც შემოვიერთეთ და დავიწყეთ მუშაობა. აპარატურა არ გვქონდა, ყველაფერს ჩვენ ვყიდულობდით. მერე გადავწყვიტეთ, ჯგუფისთვის "BLUE  STAR" დაგვერქმია. რეპეტიციებს კლუბში ღამღამობით ვატარებდით, რომ ვინმეს არ დავენახეთ. იყო ალკოჰოლიც, ნარკოტიკებიც და

ერთ დღეს რეპეტიციაზე თავს მილიცია დაგვადგა. წაგვიყვანეს განყოფილებაში, პირობა დაგვადებინეს, რომ როკს აღარ დავუკრავდით, მაგრამ ჩუმად მაინც ვმეცადინეობდით. ერთხელაც აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მესამე მდივანმა დაგვიბარა. მასთან მისულები გაკვირვებული დავრჩით. კაცმა, რომელიც მანამდე ჩაგვჩიჩინებდა, როკის დაკვრა არ შეიძლებაო, გვითხრა, სტუმრები ჩამოდიან უცხოეთიდან და მათთვის, რაც გინდათ, დაუკარითო... სცენაზე საოცრება მოხდა: უცხოელი სტუმრები წამოცვივდნენ და სცენას მოაწყდნენ. უმრავლესობა პირველად უსმენდა როკს ცოცხალი შესრულებით.

რამდენიმე წლის შემდეგ ბიჭები ჯარში წაიყვანეს და პირველი აფხაზური როკჯგუფიც დაიშალა. სერგო გამყრელიძე ჯარიდან რომ ჩამოვიდა, ახალი ჯგუფი შევქმენით და "ცხუმი" დავარქვით. იყო ბევრი წარმატება...

21 წლისა დავოჯახდი. მეუღლე, ორი ბიჭი და შვილიშვილები მყავს... უმცროსი შვილი მუსიკოსია. ჩემი ცხოვრება თითქოს ომის დაწყებისთანავე დასრულდა... სამ ეტაპად იყოფა: ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგ...

ომის დროს...

ომი რომ დაიწყო, 23-ე ბრიგადის ბატალიონის ასმეთაური ვიყავი. ბატალიონიდან გადავედი ჯგუფ "იუპიტერში". ჩემთან ერთად იბრძოდნენ ჩემი ჯგუფის წევრებიც. მერე ფეხში დავიჭერი და რამდენიმე თვე ქუთაისში ვიმკურნალე.

ომის შემდეგ...

ჩემი ცხოვრების მესამე ეტაპი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. ფსიქოლოგიურად გავტყდი. მიუხედავად იმისა, რომ ომი კარგა ხნის დამთავრებული იყო, მე მაინც ომში ვიყავი. დეპრესია მომეძალა, ჩაბნელებულ ოთახში ვეღარ ვიძინებდი. ძმაკაცები, რომლებთან ერთად ვიბრძოდი, ხშირად ვიკრიბებოდით, ვსაუბრობდით... ასე გამოვიყვანეთ ერთმანეთი მდგომარეობიდან. ომის შემდეგ მოსკოვში ვცხოვრობდი. საქართველოში 1996 წლის დასაწყისში ჩამოვედი. ერთხანს გერმანიიდან მანქანები ჩამომყავდა, ახლა პატარა ბიზნესი მაქვს.

2006 წელს ნარკოტიკების მოხმარებისთვის დამიჭირეს. 2008 წლის ომის დროს ციხეში 30-კაციანი ბატალიონი შევქმენი და ომი კიდევ ერთ დღეს რომ გაგრძელებულიყო, საბრძოლველად გამოგვიშვებდნენ. ციხიდან 2008 წლის 31 დეკემბერს გამომიშვეს... ვახტანგ გორგასლის ორდენოსანი ვარ...

ყოველი დღე გიტარის დაკვრით იწყება. ეს ჩემთვის წამალივითაა. მომწონს, ახალგაზრდები როკს რომ უკრავენ, თუმცა, მომღერალი მაინც ცოტა გვყავს. ძველი ჯგუფის წევრები დღემდე ვეხმიანებით ერთმანეთს, მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის გარდაცვალების შემდეგ არ შევკრებილვართ და ერთად აღარ დაგვიკრავს...

თორნიკე ყაჯრიშვილი