მილოშ ფორმანის გუგულმა მსოფლიოს "გადაუფრინა" - კვირის პალიტრა

მილოშ ფორმანის გუგულმა მსოფლიოს "გადაუფრინა"

მართალია, უასაკო ადამიანს უწოდებენ, მაგრამ 18 თებერვალს 78 წლის ხდება. მას ორი კონტინენტის სიამაყესაც ეძახიან - ჩეხეთში ეროვნულ გმირად მიიჩნევენ, ამერიკაში კი - საკულტო რეჟისორად. მილოშ ფორმანი მისი ფსევდონიმია, სინამდვილეში კი ტომაში, უფრო ზუსტად კი იან ტომაში ჰქვია.

ტომაში 1932 წელს ჩეხეთის აღმოსავლეთში, პატარა ქალაქ ჩასლავში ებრაელი პროფესორისა და პროტესტანტი ქალის ოჯახში დაიბადა. უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა მანამდე, სანამ ომი არ დაიწყო და გესტაპომ მისი მშობლები არ დააპატიმრა.

მას შემდეგ დედ-მამა აღარასოდეს უნახავს. ბავშვობაშივე სურდა, გამხდარიყო ცნობილი ადამიანი. "ჩემთვის სულერთი იყო, რით ვიქნებოდი სხვებისგან გამორჩეული, მთავარი იყო, რაღაცაში მაინც ვყოფილიყავი პირველი", - წერს ის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში. პირველობამდე კი ობოლმა ბიჭმა რთული გზა განვლო: ხან ბავშვთა სახლში ცხოვრობდა, ხან სკოლა-ინტერნატში, ხანაც ბიძამისის დუქანში, სადაც კომბოსტოს მწნილის კასრზე შემომჯდარი ყურადღებით აკვირდებოდა ყველაფერს.

სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ პრაღის თეატრალურ აკადემიაში სცადა ჩაბარება. დიდხანს და გულმოდგინედ ემზადებოდა, მაგრამ რამდენიმე ქულა დააკლდა. გადაწყვიტა, დრამატურგია აერჩია და ხელოვნებისა და კინოს აკადემიას მიაშურა. ცოტა ხანს უკრაინაში, ქალაქ მუკაჩევოში ცხოვრობდა, შემდეგ მოსკოვში, სადაც კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სწავლობდა. სადებიუტო ფილმ "კონკურსის" გადაღებისას პირველ მეუღლეს, მომღერალ ვერა კრჟესადლოვას შეხვდა. მასთან ფორმანს ტყუპი ვაჟი - პეტრე და მატეი შეეძინა.

KvirisPalitra.Geშორს რუსული ტანკებისგან

მილოშ ფორმანის პირველმა სარეჟისორო ნამუშევარმა - "შავი პეტრე", მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ლირიკულმა კომედიამ, რომელიც ჩეხი მოზარდის ცხოვრების ორ დღეს აღწერს, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო დაიმსახურა. შემდეგ იყო ფერადი კინოფილმი და "ოსკარზე" წარდგენილი "მეხანძრეების მეჯლისი". 1968 წელს მილოშ ფორმანმა პარიზს მიაშურა, სადაც ახალი კინოპროექტისთვის შთაგონებას ეძებდა.

ამასობაში მის სამშობლოში რუსული ტანკები შევიდნენ. მილოშ ფორმანი ჩეხეთში აღარ დაბრუნებულა და ამერიკაში დასახლდა. სხვაგვარად არც შეეძლო, რადგან სძულდა კომუნისტები. "ჩეხეთი ისეთივე ტოტალიტარული ქვეყანა იყო, როგორიც საბჭოთა კავშირი. არც კომუნისტი ვყოფილვარ, არც თავგადაკლული ანტიკომუნისტი და საერთოდაც შორს ვიყავი პოლიტიკისგან, მაგრამ მინდოდა მეჩვენებინა, როგორი ხალხი ცხოვრობდა ჩემ გარშემო, მსოფლიოსთვის ჩემი მეზობლები გამეცნო.

როცა ფილმს საგიჟეთზე ვიღებდი, რა თქმა უნდა, იმ ცხოვრებას ვიხსენებდი, რომელიც წლების წინ განვვლე", - იხსენებდა ფორმანი ერთ-ერთ წვეულებაზე. 1971 წელს ამერიკაში პირველი დრამა გადაიღო, რომელიც სახლიდან გაქცეული გოგონას ამბავს მოგვითხრობს. ფილმი "მოწყვეტა" აშკარად ჩავარდა - ირონიით სავსე კინოსურათი ამერიკელმა მაყურებელმა არ მიიღო.

გიჟები გიჟების როლებში

ფორმანმა ამის შემდეგ უარი თქვა საავტორო ფილმების გადაღებაზე და რომანებისა თუ პიესების ეკრანიზაციას მიჰყო ხელი. ასე გაჩნდა ხუთი "ოსკარის" მფლობელი "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", კენ კიზის რომანის მიხედვით და ჯეკ ნიკოლსონით მთავარ როლში. დიდებასთან ერთად ფილმმა რეჟისორს ფინანსური დამოუკიდებლობაც მოუტანა. იმავე წელს ფორმანს ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭეს და კოლუმბიის უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის ერთ-ერთ დირექტორადაც დანიშნეს. სამაგიეროდ, მისი ფილმების ჩვენება აიკრძალა საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის მშობლიურ პრაღაში.

"ცხოვრებისგან სრულფასოვან სიამოვნებას ვერ მივიღებ, რადგან ვიცი, რომ ჩემი ბავშვობის ქვეყნისკენ ყველა გზა მოჭრილი მაქვს. ვერ ვეკარები ჩემს საწყისს, იმას, რამაც ასეთად მაქცია", - წერს ფორმანი მოგონებებში. ამის შემდეგ მის შემოქმედებაში ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა ფილმები "თმა", "ამადეუსი", რომელმაც რვა "ოსკარი" მოიპოვა, "ოქროს გლობუსის" მფლობელი "ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ", "ადამიანი მთვარეზე"... სულ თვრამეტი.

"როცა ფილმს "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" ვიღებდით, დეკორაციებისთვის ფული არ გვქონდა, რომ სურათი პავილიონში გადაგვეღო. ამიტომ ფილმს ნამდვილ ჰოსპიტალში ვიღებდით, სადაც ათასამდე პაციენტი მკურნალობდა. საავადმყოფოს მთავარი ექიმი თავადაც მონაწილეობდა ფილმში. მე მას მაკ მერფის საქაღალდე მივეცი და ვუთხარი, რომ ის მისი პაციენტია და მისთვის ჩვეული სამუშაო უნდა შეესრულებინა.

ჯეკ ნიკოლსონს კი ვუთხარი, რომ მის კითხვებზე ეპასუხა. ეს სცენა სრული იმპროვიზაცია იყო და კარგიც გამოვიდა. ძალიან მიყვარს იმპროვიზაცია. ზოგჯერ ისეთ შედეგს იძლევა, რომელიც სხვაგვარად არ მიიღწევა. ფილმისთვის 1000-ზე მეტი მსახიობი ვნახე. ყველა როლისთვის, მათ შორის ყველაზე უმნიშვნელოსთვისაც კი, თავად ვარჩევდი. ფილმში არაპროფესიონალებიც თამაშობდნენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა ის, ვისთან ვმუშაობ: ვარსკვლავთან, კარგ მსახიობთან თუ არაპროფესიონალთან, არამედ ის, რომ მსახიობი კარგად ერგებოდეს როლს", - ამბობს მილოშ ფორმანი.

"ჭორბიურო იუწყება"

სხვათა შორის, ფილმს "ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ" აღიარებასთან ერთად, ბევრი მითქმა-მოთქმაც მოჰყვა. მილოშ ფორმანმა დაურეკა კურტ კობეინის ქვრივ კორტნი ლავს და მთავარი როლი შესთავაზა. პორნოგრაფიული გამოცემის მაგნატის ნარკომანი ცოლის როლის შესრულებისთვის კორტნი "ოქროს გლობუსის" ნომინანტთა სიაში მოხვდა, მაგრამ ყვითელ პრესას ჭორებისთვის ახალი საბაბი მიეცა. თუმცა ჭორები კორტნი ლავს არც მანამდე აკლდა. ამბობდნენ, რომ კურტ კობეინი თვითმკვლელობამდე სწორედ მან მიიყვანა. იმასაც ამბობდნენ, რომ კორტნი ფორმანის მუზა და საყვარელი იყო. მართალია, ეს არავის დაუდასტურებია, მაგრამ ფაქტია, რომ "ლარი ფლინტის" შემდეგ ფორმანმა კორტნი კიდევ ერთ ფილმში გადაიღო.

საკულტო რეჟისორის ინტერესის ობიექტივში საქართველოც მოხვდა. თანაკლასელ და ბავშვობის მეგობარ ვაცლავ ჰაველთან ერთად, რომელიც, თავის მხრივ, ცნობილი მოღვაწე, მწერალი და ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტია. ფორმანი ახალ ფილმზე მუშაობს, რომლის სამუშაო სახელწოდებაა "მიუნხენის აჩრდილი". ფილმის სცენარს ვაცლავ ჰაველი წერს. მთავარი გმირი ახალგაზრდა ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც 70 წლის წინანდელ ისტორიულ ფაქტებს იკვლევს. საინტერესოა, რომ მილოშ ფორმანის ახალ ფილმში ისტორიული პარალელები რუსეთ-საქართველოს ომისა და ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მაგალითზე გაკეთდება.

მეგობრები ფორმანზე ასე ხუმრობენ: ჩვენი მილოში სანახევროდ არაფერს აკეთებს, შვილებიც კი ორ-ორი უჩნდებაო. ფორმანი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი ორი ვაჟი ჩეხეთში ცხოვრობს, ორიც - ამერიკაში.

ქალებზე რეჟისორი ასე მსჯელობს: "ძალიან მიყვარს, როცა ქალი მღერის, ძალიან უხდება. და ძალიან არ მომწონს, როცა სიგარეტს ეწევა, მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმეს მოწევა ავუკრძალო, ჩემს მეუღლესაც კი. მაინც თმა ყალყზე მიდგება, როცა ვხედავ, ახალგაზრდა ქალი ცხვირის ნესტოებიდან სიგარეტის კვამლს რომ უშვებს. ეს საშინელებაა".

KvirisPalitra.Geაქ ხომ არ არის სექსი?!

1977 წლის გაზაფხულზე კინოს სახლში მილოშ ფორმანის ოსკაროსანი ფილმის - "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" დახურული ჩვენება მოეწყო. პირველ სეანსზე ბრბომ შენობის კარი შეამტვრია. კინემატოგრაფისტთა კავშირის მესვეურები იძულებული გახდნენ, მილიცია გამოეძახათ. რამდენიმე კაცი დააპატიმრეს კიდეც.

ჯეკ ნიკოლსონის გმირზე იმხანად მთელი თბილისი ლაპარაკობდა: "რატომ არ იყიდეს ფილმი საბჭოთა კინოგაქირავებისთვის, აქ ხომ არ არის სექსი?!" იმ დროს მილოშ ფორმანის ფილმის ყიდვა სახიფათო იყო. საზოგადოებას შეიძლებოდა არასასურველი ასოციაცია გასჩენოდა. ხალხმა ხომ მშვენივრად იცოდა, რა ხდებოდა ამ დროს საბჭოთა ფსიქიატრიულ კლინიკებში, ჩვენი საპატიმროების ფილიალებში, სადაც საბჭოთა სისტემის მოწინააღმდეგეებს "მკურნალობდნენ".