ილუსტრირებული ისტორია - ფარნავაზი - კვირის პალიტრა

ილუსტრირებული ისტორია - ფარნავაზი

მკითხველი გაეცნობა ამ პერიოდის მთავარი მოვლენების ვიზუალურ რეკონსტრუქციასა და მნიშვნელოვან ფაქტებს. წიგნი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად 18-დან 25 მაისამდე სპეციალურ ფასად გაიყიდება

ილუსტრაციები მოცულობითი, მოზაიკური კოლაჟებია, რომლებიც ძველი ფოტოებისგან, ნახატებისა და ისტორიული არქივებისგანაა შედგენილი

ბავშვებს კითხვისას აინტერესებთ, როგორ გამოიყურება ესა თუ ის პერსონაჟი, როგორ ვითარდება ამბავი ილუსტრაციებში

ერთ-ერთი უძველესი წიგნი, რომელიც ილუსტრირებული წიგნის პირველ ნიმუშად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ჩეხი პედაგოგისა და ღვთისმეტყველის, იან ამოს კომენსკის Oრბის შენსუალისმ Pიცტუს-ია, რომელიც 1658 წელს გამოიცა. მას შემდეგ არავინ დაობს იმაზე, რომ წიგნში ვიზუალური და ვერბალური ნარატივის ერთობლიობა ბავშვებს სამყაროს აღქმაში, სიტყვების მარაგის შევსებასა და მკითხველისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება.

ხშირად მომისმენია კითხვა, რა არის საჭირო, რომ ბავშვმა ლიტერატურა მცირე ასაკიდანვე შეიყვაროს? ბავშვთა ფსიქოლოგებს ამ კითხვაზე მარტივი პასუხი აქვთ: იმისთვის, რომ პატარებმა წიგნის კითხვას ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ყოფნა არ ამჯობინონ, წიგნის კითხვას ადრეული ასაკიდანვე უნდა შეაჩვიოთ.

ბავშვების წიგნით დაინტერესებაში კი ილუსტრირებული წიგნები დაგეხმარებათ.

ცნობილია, რომ ილუსტრირებული წიგნები არა მხოლოდ პატარებს, უფროსებსაც მოსწონთ - რაც უფრო თვალსაჩინოდაა გადმოცემული წიგნში მოთხრობილი ამბავი, მისი წაკითხვაც მით უფრო სახალისო და საინტერესო ხდება. ალბათ, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ყველა თაობის მკითხველში "პალიტრა L"-ის აქტუალური გამოცემა "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობს.

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" პირველი ტომი თამარ მეფის მოღვაწეობას მიეძღვნა, ამჯერად კი გამოცემა საქართველოს პირველი მეფის - ფარნავაზის მეფობაზე გიამბობთ.

წიგნში ბავშვი ტექსტის სიტყვასიტყვით წაკითხვის გარეშეც შეძლებს სიუჟეტის ამოცნობასა და მოვლენებისა თუ საგნების აღქმას.

წიგნის სიუჟეტი ორიგინალური და ავთენტურია, არ შეგხვდებათ კლიშეები და გაცვეთილი ფრაზები. ილუსტრაციები მოცულობითი, მოზაიკური კოლაჟებია, რომლებიც ძველი ფოტოებისგან, ნახატებისა და ისტორიული არქივებისგანაა შედგენილი. საერთოდ, ბავშვებს კითხვისას ყოველთვის ამახსოვრდებათ და, რაც მთავარია, აინტერესებთ, როგორ გამოიყურება ესა თუ ის პერსონაჟი, როგორ ვითარდება ამბავი ილუსტრაციებში. ასეა 12 წლის ნიკოლოზისთვისაც:

ნიკოლოზ მგელაძე: "თამარ მეფის მოღვაწეობაზე წიგნის კითხვა ცოტა ხნის წინ დავასრულე. ის იმდენად საინტერესო ილუსტრაციებით იყო გაფორმებული, რომ ყველა  მნიშვნელოვანი თარიღისა და ლაშქრობის დამახსოვრება გამიადვილდა... კარგი იქნება, თუ ასეთი წიგნები სხვა გამოჩენილ მეფეებზეც დაიბეჭდება. ასე საქართველოს ისტორიის სწავლაც საინტერესოა. "თამარ მეფის" წიგნს ჩემი მშობლებიც სიამოვნებით კითხულობდნენ. მამაჩემს ერთხელ წამოსცდა კიდეც, თამარის მეფობაზე რამდენი საინტერესო დეტალი არ მცოდნია და ამ წიგნიდან გავიგეო".

ნიკოლოზთან საუბარმა ჩემი ბავშვობა გამახსენა. კარგად მახსოვს, სკოლაში ქართლის სამეფოს შექმნის ამბავს ძალზე პრიმიტიულად გვასწავლიდნენ. ამ ამბავზე წარმოდგენები ხშირად არასისტემური და მითოლოგიზებულია, რაც სამწუხაროა, იმიტომ, რომ „აზოს, ფარნავაზისა და ქუჯის პერიოდი ძალზე საინტერესოა. იმ დროს არა მხოლოდ საქართველოში, მთელ დასავლეთ აზიასა და ბალკანეთში საინტერესოდ ვითარდებოდა მოვლენები, სხვადასხვა ლიდერი კი ერთმანეთს საკუთარი დინასტიის გამეფებისთვის ებრძოდა. ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ფარნავაზმა სწორედ ამ დროს შეიტანა უმნიშვნელოვანესი წვლილი - მან შექმნა ქართული ანბანი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.

ქართლის ტერიტორიაზე სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა. ფარნავაზის მეფობამდე, როცა ქვეყანა უკიდურესად სუსტი იყო, ყველა მათგანი თავის ენაზე ლაპარაკობდა. მცხეთაში თურმე ექვსი ენა ითქმოდა: ქართული, სომხური, ებრაული, ბერძნული, ხაზარული და ასურული. ჭკვიანმა მეფემ ქვეყანა ისე გააძლიერა, რომ ქართლში მის დროს ყველა ქართულად ლაპარაკობდა - ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის ფუძეჩამყრელად და დამაარსებლად სწორედ ფარნავაზი მოიაზრება. ასე რომ, "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" ყოველგვარი მითებისა და პროპაგანდის გარეშე, ფარნავაზის მოღვაწეობის შესახებ თანამიმდევრულ ფაქტებს გთავაზობთ. მკითხველი გაეცნობა ამ პერიოდის მთავარი მოვლენების ვიზუალურ რეკონსტრუქციასა და მნიშვნელოვან ფაქტებს. ის გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად 18-დან 25 მაისამდე სპეციალურ ფასად გაიყიდება.

მარიამ წამალაშვილი, "ბიბლუსის" მარკეტინგის მენეჯერი: "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" 24-ტომეული დახლებზე გასვლისთანავე გახდა პოპულარული. ალბათ, ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ წიგნები ასაკისა და სქესის მიუხედავად, ყველასთვის გასაგებ და მისაღებ ფორმატშია წარმოდგენილი. მკითხველის განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მეფეების ცხოვრებამ გამოიწვია. მომხმარებელი აქტიურად იძენდა "თამარ მეფის", "ვახტანგ VI"-ის ტომეულებს. იმავეს ველით ამ სერიის მომდევნო ტომზეც, რომელიც ფარნავაზის მოღვაწეობას მიეძღვნა. წიგნი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იქნება "ბიბლუსის" ყველა ფილიალში.

ვინ იყო ქართლის პირველი მეფე?

ქართული საისტორიო ტრადიცია ორ სხვადასხვა პირს ასახელებს ქართლის პირველ მეფედ - აზონსა და ფარნავაზს. ეს კამათი შუა საუკუნეებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. მეცნიერები ვერ თანხმდებიან, რომელი წყარო ცნონ უპირატესად. როგორც ერთ, ასევე მეორე მოსაზრებას ჰყავს მომხრენი და მოწინააღმდეგენი.

აზონი თუ ფარნავაზი

"მოქცევაი ქართლისაი"  მოგვითხრობს: "ესე იყო პირველი მეფე მცხეთას, აზო, ძე არიანქართველთა მეფისა. და მის შემდგომ დადგა ფარნავაზ. მან აღმართა კერპი არმაზ". ქართლის სამეფოს შექმნის ისტორია აღწერილი აქვს ლეონტი მროველსაც: "და ეს ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლში, ქართლოსისა ნათესავთაგანი".

ფარნავაზის გამეფება

ფარნავაზის გამეფების ზუსტი თარიღი უცნობია. ისტორიკოსები სხვადასხვა მოსაზრებას გვთავაზობენ. ერთი მოსაზრებით, ქართული წელთაღრიცხვის, ანუ ქორონიკონის დასაწყისი - ძვ. წ. 284 წელი - სწორედ ფარნავაზის გამეფებიდან უნდა იღებდეს სათავეს. ყოველ შემთხვევაში, ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისში ქართლში ფარნავაზი მეფდება, რომელმაც საფუძველი დაუდო ფარნავაზიანთა დინასტიას. "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, გამეფებისთანავე ფარნავაზმა კეთილმეზობლური ურთიერთობები დაამყარა მეზობელ ტომებთან. გაატარა რეფორმები, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა სფეროს შეეხო. გამეფებისას ფარნავაზი 27 წლის იყო; იმეფა 65 წელიწადს.

ქართული დამწერლობა

ძველი ქართული საისტორიო ტრადიცია „ქართული მწიგნობრობის - დამწერლობის შექმნას ფარნავაზს მიაწერს. ლეონტი მროველი მოგვითხრობს: "და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხუაი ენაი ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული". ამ ცნობაში მემატიანე ყურადღებას ამახვილებს ორ დეტალზე - ქართული ენის სახელმწიფო სტატუსზე, რომ ამიერიდან ქართლში სხვა ენაზე აღარ საუბრობდნენ, და ქართული დამწერლობის შექმნაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის (წინაქრისტიანული) ქართულ ენაზე შესრულებული ძეგლები ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი, ეს მაინც უმნიშვნელოვანესი ცნობაა.

რუსუდან შელია