ხელოვანი "ბურნუთა" ხელოსნობით ირჩენს თავს - კვირის პალიტრა

ხელოვანი "ბურნუთა" ხელოსნობით ირჩენს თავს

"როგორც ჩანს, ყველას დავავიწყდი"

დიდი ხნის ძებნის შემდეგ შევიტყვე, რომ ვახტანგ ფანჩულიძეს ვარკეთილის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამწკრივებულ სანტექნიკის მაღაზიებში ვიპოვიდი. სასწრაფოდ იქით გავეშურე. ვიკითხე თუ არა, "ბურნუთ", შენთან არიანო, გასძახეს და შენობის სიღრმიდან ცნობილი ფილმის ("სიყვარული ყველას უნდა") "რადიოზე თმებდაყენებული" პერსონაჟის ნაცვლად საღებავით ხელებმოთხვრილი შუახნის მამაკაცი გამოვიდა.

რომ შევხედე, გავიფიქრე, მისამართი შემეშალა-მეთქი.

- მე მეძებდით? - მეკითხება და თან მიღიმის, თითქოს მელოდება, როდის ამოვიცნობ... თვალები, გამოხედვა არ შესცვლია, თუმცა, წლებს მაინც დაუტოვებია მის გარეგნობაზე კვალი.

- სად ხართ დაკარგული, ვერც კინოსტუდიის თანამშრომლებისგან და ვერც თქვენი კოლეგებისგან ვერაფერი შევიტყვე თქვენ შესახებ.

- როგორც ჩანს, ყველას დავავიწყდი. ბოლოს, 1989 წელს, თემურ ფალავანდიშვილის ფილმში "ოჰ, ეს საშინელი ტელევიზორი", ვითამაშე, შემდეგ ეპიზოდურ როლში - 1991 წელს, მერე აღარავის გადავუღივარ. ძალიან რომ გაჭირდა ცხოვრება, საბერძნეთში წავედი სამუშაოდ. ხუთი წლის შემდეგ, 2004 წელს დავბრუნდი.

- საბერძნეთში რას საქმიანობდით?

- ჯერ მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა, მღებავობაც მოვსინჯე, მძღოლადაც ვიმუშავე. ათასნაირ საქმეს მოვერგე, ოჯახი რომ შემენახა. როცა დავბრუნდი, თბილისი უკეთესობისკენ დამხვდა შეცვლილი. ნაძალადევში, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი. 2008 წელს კერძო სამშენებლო კომპანიამ დაანგრია ჩვენი სახლი. ხელშეკრულებები დავდეთ და მოვრიგდით, რომ სანაცვლოდ ფართს მოგვცემდნენ. ქირით დაგვაბინავეს მეზობლები, წელიწად-ნახევარში ველოდით ახალ ბინაში გადასვლას. შემდეგ ყველაფერი აირია. კომპანიას გეგმები ჩაეშალა და დღემდე ველით ბინას...

ერთი ბიჭი მყავს. მუდმივი სამსახური ვერსად ვიშოვე. ჩემი ხნის კაცს არსად იღებენ. მამიდაშვილს აქვს ვარკეთილში სავაჭრო ობიექტები და ასე გამაქვს თავი...

- როგორ დაიწყო თქვენი კინოკარიერა?

- 1974 წელს, მაშინ მეათეკლასელი ვიყავი, რეზო ესაძემ შემთხვევით მნახა გადასასვლელ ხიდთან, ფილმისთვის კავკასიურ ტიპაჟს ეძებდა. თურმე, დადიოდა ძველ უბნებში და ახალგაზრდებს ათვალიერებდა. ასე გადამაწყდა. გადამიღეს ფილმში "ერთი ნახვით შეყვარება". პირველ ფილმს მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე... ამის შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში გადავწყვიტე ჩაბარება. ხუთი მთავარი როლი მქონდა შესრულებული, მაგრამ ორწლიანი მცდელობის მიუხედავად, ვერა და ვერ ვხდებოდი თეატრალურის სტუდენტი. ერთ დღეს კინოსტუდიის ეზოში რეზო ჩხეიძეს გადავეყარე. ნათელში ამყოფოს მისი სული ღმერთმა. რომ გაიგო ჩემი ამბავი, გაუკვირდა. ბატონი რეზო დამეხმარა და იმ წელს ჩავაბარე. ჩემი ჯგუფელები იყვნენ გია ბურჯანაძე, ია ნინიძე, ნინო ვაჩნაძე, ზაზა კოლელიშვილი... ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კინომსახიობთა თეატრის მსახიობი გავხდი. სულ 2 წელი დავყავი თეატრში. კინოში იმდენად ინტენსიურად მქონდა გადაღებები, რომ ვეღარ ვასწრებდი თეატრის რეპეტიციებზე მისვლას. ასე ჩამოვცილდი თეატრს. შემდეგ კი კინოში აღარ დამიძახეს... თეატრიდანაც წამოსული ვიყავი და დავრჩი ასე, საყვარელი საქმის გარეშე.

- რომელმა როლმა შემოგინახათ ყველაზე მეტად პოპულარობა?

- რა თქმა უნდა, "სიყვარული ყველას უნდა". დღემდე ნაცნობიცა და უცნობიც ბურნუთას მეძახის. დიდ პატივს ვცემ ამ ფილმის რეჟისორებს მიშა ჭიაურელსა (უმცროსს) და გიორგი შენგელაიას. დღეს ურთიერთობა მხოლოდ გიორგი შენგელაიასთან შემომრჩა. მირეკავს მკითხულობს, ფინანსურადაც დამხმარებია.

- გახსოვთ, როგორ დაგამტკიცეს ბურნუთას როლზე?

- მაშინ მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. ბატონმა გიორგიმ მითხრა, ფილმს ვიღებთ კახელებზე, შენ იმერელი კაცი ხარ და კახეთსა და კახურ კილოსთან როგორი დამოკიდებულება გაქვსო? გამიშვით კახეთში 1-2 კვირით და ყველაფერს ავითვისებ-მეთქი. 2 კვირით თელავის "ინტურისტში" დამაბინავეს. დავდიოდი ბირჟაზე, ყველა გავიცანი, ფრაზები, კილო... თბილისში რომ ჩამოვედი, ისე ვმეტყველებდი, ისე ვიქცეოდი, რომ მაშინვე დამამტკიცეს როლზე. ფილმისთვის ბატონმა გიორგიმ გენიალური პერანგი შემირჩია - ვარდებიანი. მსგავსი კახელების ბირჟაზე მქონდა ნანახი. ერთ ბიჭს ეცვა და ვეუბნებოდი: თუ ძმა ხარ, უარი არ მითხრა, ფილმზე თუ დამამტკიცეს, ეგ პერანგი უნდა მათხოვო-მეთქი. ზუსტად ისეთივე პერანგი არ ჩამაცვეს?

"სიყვარული ყველას უნდა" უბერებელი ფილმია. ამ ფილმმა ბევრი დაუვიწყარი დღე მაჩუქა. სამ ათეულ წელზე მეტი დრო გავიდა და დღესაც ისევე უყვარს ხალხს მისი პერსონაჟები, როგორც ადრე.

ეკა სალაღაია