ხელოვანი "ბურნუთა" ხელოსნობით ირჩენს თავს
18-05-2015
ხელოვანი "ბურნუთა" ხელოსნობით ირჩენს თავს
"როგორც ჩანს, ყველას დავავიწყდი"

დიდი ხნის ძებნის შემდეგ შევიტყვე, რომ ვახტანგ ფანჩულიძეს ვარკეთილის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამწკრივებულ სანტექნიკის მაღაზიებში­ ვიპოვიდი. სასწრაფოდ იქით გავეშურე.­ ვიკითხე თუ არა, "ბურნუთ", შენთან არიანო, გასძახეს და შენობის სიღრმიდან ცნობილი ფილმის ("სიყვარული ყველას უნდა") "რადიოზე თმებდაყენებული" პერსონაჟის ნაცვლად საღებავით ხელებ­მოთხვრილი შუახნის მამაკაცი გამოვიდა.

რომ შევხედე, გავიფიქრე, მისამართი შემეშალა-მეთქი.
- მე მეძებდით? - მეკითხება და თან მიღიმის, თითქოს მელოდება, როდის­ ამოვიცნობ... თვალები, გამოხედვა არ შესცვლია, თუმცა, წლებს
მაინც დაუტოვებია მის გარეგნობაზე კვალი.


- სად ხართ დაკარგ­ული, ვერც კინოსტუდიის თანამშრომლებისგან და ვერც თქვენი კოლეგებისგან ვერაფერი შევიტყვე თქვენ შესახებ.
- როგორც ჩანს, ყველას დავავიწყდი. ბოლოს, 1989 წელს, თემურ ფალავანდიშვილ­ის ფილმში "ოჰ, ეს საშინელი ტელევიზორი"­, ვითამაშე, შემდეგ ეპიზოდურ როლში - 1991 წელს, მერე აღარავის გადავუღივარ.
ძალიან რომ გაჭირდა ცხოვრება, საბერძნ­ეთში წავედი სამუშაოდ. ხუთი წლის შემდეგ, 2004 წელს დავბრუნდი.

- საბერძნეთში რას საქმიანობდით?

- ჯერ მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა­, მღებავობაც მოვსინჯე, მძღოლადაც ვიმუშავე. ათასნაირ საქმეს მოვერგე, ოჯახი რომ შემენახა. როცა დავბრუნდი, თბილისი უკეთესობისკენ დამხვდა შეცვლილი. ნაძალადევში, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი. 2008 წელს კერძო სამშენებლო კომპანიამ დაანგ­რია ჩვენი სახლი. ხელშეკრულებები დავდეთ­ და მოვრიგდით, რომ სანაცვლოდ ფართს მოგვცემდნენ. ქირით დაგვაბინავეს მეზობლები, წელიწად-ნახევარში ველოდით ახალ ბინაში გადასვლას. შემდეგ ყველაფერი­ აირია. კომპანიას გეგმები ჩაეშალა და დღემდე­ ველით ბინას...
ერთი ბიჭი მყავს. მუდმივი სამსახური­ ვერსად ვიშოვე. ჩემი ხნის კაცს არსად იღებენ. მამიდაშვილს აქვს ვარკეთილში სავ­აჭრო ობიექტები და ასე გამაქვს თავი...

- როგორ დაიწყო თქვენი კინოკარიერა?
- 1974 წელს, მაშინ მეათეკლასელი ვიყ­ავი,­­ რეზო ესაძემ შემთხვევით მნახა გადას­ა­სვლელ ხიდთან, ფილმისთვის კავკასიურ ტიპაჟს ეძებდა. თურმე, დადიოდა ძველ უბნებში და ახალგაზრდებს ათვალიერებდა. ასე გადამაწყდა. გადამიღეს ფილმში "ერთი ნახვით შეყვარება". პირველ ფილმს მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე... ამის შემდეგ თეატ­რალურ ინსტიტუტში გადავწყვიტე ჩაბარება. ხუთი მთავარი როლი მქონდა შესრულ­ებული, მაგრამ ორწლიანი მცდელ­ო­ბის მიუხედავად, ვერა და ვერ ვხდებოდი­ თეატრალურის სტუდენტი. ერთ დღეს კინ­ო­სტუდიის ეზოში რეზო ჩხეიძეს გადავეყარე.­ ნათელში ამყოფოს მისი სული ღმერთმა. რომ გაიგო ჩემი ამბავი, გაუკვირდა. ბატ­ონი რეზო დამეხმარა და იმ წელს ჩავაბარე­. ჩემი ჯგუფელები იყვნენ გია ბურჯანაძე, ია ნინიძე, ნინო ვაჩნაძე, ზაზა კოლელიშვილი... ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კინომსახიობთა თეატრის მსახიობი გავხდი. სულ 2 წელი დავყავი თეატრში. კინოში იმდენად ინტენსიურად მქონდა გადაღებები, რომ ვეღარ ვასწრებდი თეატრის რეპეტიციებზე მისვლას. ასე ჩამოვცილდი თეატრს. შემდეგ კი კინოში აღარ დამიძახეს... თეატრიდანაც წამოსული ვიყავი და დავრჩი ასე, საყვარელი­ საქმის გარეშე.

- რომელმა როლმა შემოგინახათ ყველაზე­ მეტად პოპულარობა?

- რა თქმა უნდა, "სიყვარული ყველას უნდა". დღემდე ნაცნობიცა და უცნობიც ბუ­რნუთას მეძახის. დიდ პატივს ვცემ ამ ფილმის რეჟისორებს მიშა ჭიაურელსა (უმც­როსს) და გიორგი შენგელაიას. დღეს ურთიერთობა მხოლოდ გიორგი შენგელ­აიასთან შემომრჩა. მირეკავს მკითხულობს, ფინანსურადაც დამხმარებია.

- გახსოვთ, როგორ დაგამტკიცეს ბურნუთას როლზე?

- მაშინ მეორე კურსის სტუდენტი ვიყ­ავი. ბატონმა­ გიორგიმ მითხრა, ფილმს ვიღ­ებთ კახელებზე, შენ იმერელი კაცი ხარ და კახეთსა და კახურ კილოსთან როგორი დამ­ოკიდებულება გაქვსო? გამიშვით კახეთში 1-2 კვირით და ყველაფერს ავითვისებ-მეთქი­. 2 კვირით თელავის "ინტურისტში"­ დამაბინავეს. დავდიოდი ბირჟაზე, ყველა გავიცანი, ფრაზები, კილო... თბილისში რომ ჩამოვედი, ისე ვმეტყველებდი, ისე ვიქცე­ოდი, რომ მაშინვე დამამტკიცეს როლზე. ფილმისთვის ბატონმა გიორგიმ გენიალური­ პერანგი შემირჩია - ვარდებიანი. მსგავსი­ კახელების ბირჟაზე მქონდა ნანახი. ერთ ბიჭს ეცვა და ვეუბნებოდი: თუ ძმა ხარ, უარი არ მითხრა, ფილმზე თუ დამამტკიცეს,­ ეგ პერანგი უნდა მათხოვო-მეთქი. ზუსტად ისეთივე პერანგი არ ჩამაცვეს?

"სიყვარული ყველას უნდა" უბერებელი­ ფილმია. ამ ფილმმა ბევრი დაუვიწყარი დღე მაჩ­უქა. სამ ათეულ წელზე მეტი დრო გავიდა და დღესაც ისევე უყვარს ხალხს მისი პერსონაჟები, როგორც ადრე.

ეკა სალაღაია
ნატო
06 აპრილი 2018 21:02
ნამდვილად შესანიშნავი პერსონაჟია ბურნუთა ფილმიდან ,,სიყვარული ყველას უნდა'', მაგრამ არავინ გაიხსენა ამ ფილმის სცენარის ავტორი ქ ნი ლეილა ბეროშვილი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.ის რომ არა ეს ფილმიც არ იქნებოდა
...
01 ივლისი 2016 16:48
დღეს მუშტაეთში მუშაობს ბურნუთა ატრაქციონებზე :)
mm
28 ივნისი 2016 12:28
დიდი მადლობა, კარგი განწყობა მოიტანა ამ სტატიამ,თუმცა ცოტა გულიც დამწყვიტა.დღემდე კახელი მეგონა ბურნუთა და ეს იმერელი ბიჭი რა მაგარი კახელი გამოდგა ფილმში. გაიხარეთ!!!!


რედაქტორის რჩევით