"ჩვენ არ გავტყდებით!" - კვირის პალიტრა

"ჩვენ არ გავტყდებით!"

აქაურების გაუტეხლობამ გამაოცა. მათ შორის ვერ ნახავთ მხრებჩამოყრილს, უიმედოს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირთ

წეროვანის დევნილთა დასახლებაში გამომცემლობა "პალიტრა L“-ის ამანათს ჩავყევი - ერთადერთ ბიბლიოთეკას წიგნები ჩავუტანეთ საჩუქრად. ბიბლიოთეკა კულტურის სახლის შენობის ორ პატარა ოთახში შეყუჟულა. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, წიგნის მოლოდინში, აქ მოსწავლეთა გრძელი რიგი დგება(!).

ახალგორელები წეროვანში რომ დაასახლეს, ბიბლიოთეკის დევნილმა თანამშრომლებმა მაშინვე ახალი ბიბლიოთეკის შექმნაზე დაიწყეს ზრუნვა. მუნიციპალიტეტმა ადგილი გამოუძებნა, ინტერნეტი ჩაურთო, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და კერძო პირებმაც შეაშველეს ხელი. ბიბლიოთეკებში მარაგის შესავსებად სახელმწიფოს დარიგებული ვაუჩერებიც წაადგათ, თუმცა, თანამედროვე წიგნების ნაკლებობა აშკარად შესამჩნევია.

ძირითადად, "პალიტრა L“-ის წიგნებს ვყიდულობდითო, მეუბნებიან და ნაჩუქარ წიგნებს სიამოვნებით ალაგებენ ყუთებიდან.

ესმა ქენქაძე, კულტურის სახლისა და ბიბლიოთეკის გაერთიანების დირექტორის მოადგილე: "წიგნები ნელ-ნელა გვიგროვდება, მაგრამ პრობლემები არ გველევა. სხვა შენობების მსგავსად, აქაც თხელი კედლებია, ჭერი მაღალია და პატარა ოთახის გასათბობად ორი მძლავრი ელექტროღუმელი გვჭირდება. სისტემა დატვირთვას ვერ უძლებს და ღუმელიც ირთვება... ზამთარი ძნელი გადასატანია, ზაფხულში კი გაუსაძლისი ხვატია.

საბავშვო ლიტერატურა გვიჭირს. წიგნების სია შევადგინეთ მათთვის, ვისაც სურს, დაგვეხმაროს.

"პალიტრა L"-საც ის გამოუგზავნია, რაც მკითხველს სურდა.

კულტურის სახლის გვერდით მოსწავლე-ახალგაზრდობის შენობას აგებენ ცენტრალური გათბობის სისტემით და ვენტილაციIით. რა დაშავდება, ეს შენობაც რომ ასე მოაწყონ? ბიბლიოთეკაც რომ არ იყოს აქ, კულტურის სახლის დარბაზმა ხომ უნდა იმუშაოს? ბავშვების რეპეტიციები არ წყდება. მღერიან, ცეკვავენ, საერთაშორისო ფესტივალებზე დადიან, იმარჯვებენ. ხომ იმსახურებენ მხარდაჭერას? მოწიფულ ხალხსაც ხომ უნდა კულტურული ცხოვრება?"

ნინო ჟივიძე: "ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტროდან დაგვირეკეს, დაინტერესდნენ ჩვენი მდგომარეობით. გავიგეთ, რომ სადაც იუსტიციის სახლებს აშენებენ, იქვე საზოგადოებრივ ცენტრებს ქმნიან. ჩვენც სწორედ ეგ გვინდა. ბიბლიოთეკა ხომ მხოლოდ წიგნების საცავი არ არის. ადგილი გვინდა, რომ მკითხველთან ერთად ღონისძიებები მოვაწყოთ, მწერლებს, საინტერესო ადამიანებს შევხვდეთ".

- რატომ უნდა იყოს ყველაფერი ხელმისაწვდომი მხოლოდ ქალაქში? ასე ახალგაზრდას აიძულებ, იფიქროს, ყველაფერი საინტერესო მხოლოდ ქალაქშიაო და მომავალ თაობას თვალი სულ გაქცევაზე ექნება, - ამბობენ ისინი, ვისაც საკუთარ მიწაზე დევნილად თავის მოხსენიება არ მოსწონთ.

წეროვანში აქაურების გაუტეხლობამ გამაოცა. მათ შორის ვერ ნახავთ მხრებჩამოყრილს, უიმედოს, მიუხედავად იმისა, რომ უჭირთ, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, შესაძლოა - მეტადაც. უმრავლესობას სამსახური არა აქვს და სოციალური დახმარების იმედზეა. სახლების გვერდით მიწები თანაბრად დაინაწილეს. თუმცა, რა მიწა - ხელს გაიწვდენ ბაღჩების კიდიდან კიდემდე. სარწყავად ჭები გათხარეს, საიდანაც წყალს ელექტროენერგიის გარეშე ვერ ამოიღებ. ეს ხარჯებს და საფიქრალს ზრდის, მაგრამ...

- აქ რომ ჩამოგვასახლეს, მიწებიც რომ მოეცათ, სახელმწიფოს იქით დავეხმარებოდით და კისერზე ტვირთად არ დავაწვებოდით. მთის ფერდობს შეხედეთ, რამხელა ფართობია დაუხვნელი, ცდება უქმად, - ამბობს ერთი და იქვე მდგომნი სევდიანი თვალებით ეთანხმებიან.

დასახლებაში უზარმაზარი სათბური ცდება. სათბურში კიტრი და პომიდორი მოჰყავდათ. 150 კაცი ყოფილა დასაქმებული. საწარმო "ბერტაში" ოთხასი დევნილი მუშაობდა. ახლა გაჩერებულია(?!).

- სადაც ვცხოვრობდით, ზოგიერთს პატარა ბიზნესიც გვქონდა. აქაც შევძლებდით იმავეს კეთებას, სახელმწიფო რომ გვეხმარებოდეს, მაგრამ არავინ მოდის მოსასმენად. თუ მოვლენ, საამებლად შეაგებებენ მათ, ვისთვისაც თითქოს ცხოვრება საამურია და მთავრობის წარმომადგენლებიც იჯერებენ, რომ ყველაფერი კარგად არის, თუმცა, ჩვენ მაინც არ გავტყდებით. მაინც დავდგებით ფეხზე, - ამბობენ წეროვნელები.

დევნილთა დასახლების მეათე რიგში პატარა სახლს არასამთავრობო ორგანიზაციის ემბლემა ამშვენებს. "უკეთესი მომავლისთვის"- ვკითხულობ წარწერას. დევნილმა ნანა ჩქარეულმა თანამოაზრე ქალებთან ერთად 2009 წელს ორგანიზაცია შექმნა. ამერიკის საელჩოს დახმარებით დევნილთა დასახლებებში დადის ავტობუსი, "ბუქმობილი" და მოსწავლეებს ინგლისურ ენას ასწავლის, გასართობ და შემეცნებით პროექტებში მონაწილეობას სთავაზობს. "ბუქმობილი" ერთ კვირას წეროვანში ატარებს, მერე დევნილთა სხვა დასახლებებში გადავა.

ნანამ და მისმა თანამოაზრეებმა ლიტერატურული კაფეც გახსნეს, სადაც სამი ადამიანია დასაქმებული...

წეროვანში, სადაც 2006 ოჯახი და 10 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ეს კაფეც ზღვაში წვეთია, ბიბლიოთეკაც და ნანას მინანქრის საწარმოც, მაგრამ ქალები მაინც ახერხებენ და ამხნევებენ თანასოფლელებს. კაცები კიდეც აღიარებენ, ქალები ყოჩაღები აღმოჩნდნენ, უფრო მალე დაიწყეს ბრძოლა უკეთესი მომავლისთვისო.