ვინ არის ქართველი "რკინის კაცი" ჰოლანდიაში? - კვირის პალიტრა

ვინ არის ქართველი "რკინის კაცი" ჰოლანდიაში?

გოჩა ლაღიძის მეხუთე გრან-პრი მხატვარ-მეიარაღეთა საერთაშორისო გამოფენაზე

ნიდერლანდებში ყოველწლიურად მხატვარ-მეიარაღეთა საერთაშორისო გამოფენა ტარდება, რომელზეც ხუთი წელია, გრან-პრი ნიდერლანდებში მცხოვრებ ქართველ გოჩა ლაღიძეს ენიჭება. "ქართველი მესაჭურვლე", "რკინის კაცი", "ცივი იარაღის ქართველი ოსტატი", - ასე მოიხსენიებს დღეს გოჩა ლაღიძეს ევროპული პრესა.

გოჩა ლაღიძე: - წელს გურული ხანჯალი "გურიელი" მქონდა წარდგენილი. "ეს პრიზი უკვე რამდენიმე წელია, ერთ ქართველს ხვდება. გვინდა, სხვასაც მივცეთ გამარჯვების შანსი, მაგრამ ეს კაცი არ აძლევსო" - ასე, ხუმრობანარევი სიტყვებით გადმომცეს გრან-პრი.

- დიდი ხანია ნიდერლანდებში ცხოვრობთ?

- 1994 წელს საქართველოდან წამოვედი ოჯახითურთ. ჰოლანდიის სამეფო საარმიო მუზეუმმა ძალიან საპასუხისმგებლო დაკვეთა მომცა...

ნიდერლანდებში,  XVII საუკუნეში, პრინცმა მაურიც ორანელმა რეგულარული ჯარი ჩამოაყალიბა. მან თავისი აბჯარი უსახსოვრა ავსტრიის ერცჰერცოგს, ფერდინანდ ვან ტიროლს, რომელიც აგროვებდა ცნობილი პირების სამხედრო იარაღს (ის კოლექცია ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმშია გამოფენილი). მთხოვეს, იმ აბჯრის ასლი შემექმნა, რომელიც ავსტრიაში ინახება. შედგა კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან. ერთი წელი ვმუშაობდი. შემდეგ მრავალი შეკვეთა მქონდა. ასე დავრჩი ამ ქვეყანაში.

- ალბათ, ბევრი საინტერესო ნივთი მოხვედრილა თქვენს ხელში.

- პირველად ერთი ძვირად ღირებული ხმალი მომიტანეს. დავინახე და მაშინვე მივხვდი, ქართული იყო, თუმცა, არაბულად ეწერა - "უდიდებულესი იმპერატორის მეიარაღე გეურგ".

თბილისელ გიორგი ელიზარაშვილს, როგორც მეიარაღეს, საქართველოს ისტორიაში ალბათ იგივე ადგილი უჭირავს, რაც ლეონარდო და ვინჩის იტალიურ ხელოვნებაში. დღეს ელიზარაშვილის ნამუშევრები სხვადასხვა მუზეუმშია დაცული. ამის შემდეგ მისი შექმნილი კიდევ 2 ხმალი მოხვდა ჩემთან. დადიანების ხმალიც მომიტანეს, გურიელებისაც, ცნობილი გენერლებისაც...

სარესტავრაციოდ ევროპული იარაღი მოაქვთ, მათ შორის კავკასიურიც ხვდება... ეს ნივთები თავის დროზე საქართველოდან გაიტანეს.

- როდის დაინტერესდით ამ ხელობით?

- კომაროვის სკოლაში ვსწავლობდი. მერვე კლასში ისტორიას გვასწავლიდა ჯუანშერ ჯურხაძე. რაინდი იყო, მეფური გარეგნობისა. ზვიად სპასალარის როლს თამაშობდა "დიდოსტატის მარჯვენაში". ისეთი ღონიერი იყო, ხუთკაპიკიანს ღუნავდა სამი თითით. იმ პერიოდში დანებს ვაკეთებდი და ერთხელ სკოლაში მივიტანე... მეორე დღეს თავისი ხელით გაკეთებული პატარა ხმალი - ჯავარდენი მაჩუქა. როცა მის ოჯახში მოვხვდი, ვნახე ჯაჭვის პერანგები, ხმლები, ფარები... ამ სანახაობამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გავაკეთე ხევსურული ჩაჩქანი და ჯაჭვის პერანგი. შემდეგ მოვიარე ჯარი. ამ საქმეს 1986 წლიდან დავუბრუნდი...

საათობით ვიდექი ეროვნულ მუზეუმში ექსპონატებთან და ვიხატავდი. ასე აღვადგინე ხევსურული აბჯარი.

ზურაბ წერეთელმა ხევსურული აბჯრის კომპლექტი დამიკვეთა და შემდეგ ეს ქმნილება გამადიდებინა ორჯერ. ერთი წელი ვმუშაობდი, მაგრამ ღირდა წვალებად, რადგან სოლიდური გასამრჯელო გადამიხადეს. ამ თანხით ვიყიდე ახალი 07 მარკის ავტომანქანა. მაშIინ 21 წლის ვიყავი. ეს იყო 1988 წელს. ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი - ჩემი ოცნებაა ევროპული აბჯრის გაკეთება-მეთქი. მაშინ რას ვიფიქრებდი, თუ ჰოლანდიაში მოვხვდებოდი და ოცნება ამიხდებოდა... ახლა ისე გიყვებით, თითქოს სირთულეები არ ყოფილა. სინამდვილეში კი... სინიორ რობინზონი ხომ გაქვთ ნანახი? თვალახვეულმა მოძრავ ლოდებს შორის რომ უნდა გაიაროს, ფაქტობრივად, მეც ასევე გავიარე ეს გზა...

3 შვილი მყავს... იცით, როგორი განცდა მაქვს? - როცა იმ ქვეყნად წასვლის დრო დამიდგება, ჩემი შვილების დარდი  ნაკლებად წამყვება, ვიდრე ამ ნამუშევრებისა, რადგან მათ მოვლა-პატრონობა და სპეციალური მოპყრობა სჭირდება...

"ფრანგული" ხმალი

"ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა, /სცადა ფრანგული ფხიანი. /ცუდას რად უნდა მტერობა, /კარგია მუდამ მტრიანი!"

ხმლის ერთი კატეგორია ჩვენში "ფრანგულად" მოიხსენიება, მაგრამ საფრანგეთში ზოგადად ევროპა იგულისხმება. იტყვით, რად უნდა დასჭირვებოდათ საქარხნო წარმოების ხმალი იმ კუთხეში, სადაც აპარეკა "ბაწარაულსა" სჭედდაო? - რად და იმად, რომ "ბაწარაულები" და "გველისპირულები" ოცდაათ ძროხად ფასობდა. "ფრანგული" მათ ბევრად ჩამოუვარდებოდა ხარისხით, მაგრამ საიმედო იყო და ხუთ ძროხად შეიძენდი.

ეკა სალაღაია