მართალთა რიგში ჩასაწერი კაცი
18-05-2015
მართალთა რიგში ჩასაწერი კაცი
ჯოზეფ ჰელერის "ხაფანგი-22" სასოწარკვეთილთა რომანია

ამერიკელები მამაცი ხალხია, მათ არ სჭირდებათ, მოეფერონ საკუთარ სამშობლოს, მათ არ ეშინიათ, დასცინონ საკუთარ სამშობლოს. მათ, უბრალოდ, უყვართ იგი, უყვართ და არ ეშინიათ. როგორღაც ისეა მოწყობილი ამერიკული ლიტერატურა, დიდზე დიდი ამერიკული ლიტერატურა, რომ არც ერთ მწერალს არ ღალატობს მწერლური პატიოსნება და ყველა ერთად, ყველა მრისხანედ და თავგამოდებით ცდილობს, ერთი ნაბიჯი რაა, ერთი ნაბიჯი არ აპატიოს გვერდზე გადადგმული თავისივე ხალხს, თავისივე ქვეყანას.

ჯოზეფ ჰელერიც სწორედ მათ
რიცხვში შედის. ან რა ღმერთი გაუწყრებოდა, არ შესულიყო?! არა აქვს მნიშვნელობა, პრობლემა, რომელსაც ამერიკელი მწერალი ეხება, მოზრდილია, საშუალო თუ ყოვლისმომცველი, მწერლები დაოსტატებულ ქირურგებად იქცევიან და ჭრიან და კერავენ მრავალთათვის სრულიად უცხო და შოკის მომგვრელი გულუძვრელობით.

დიდი ნოვალისი ასე იწყებს,­ მგონი, თავის უკიდურესად მნიშვნელოვან ესეის, "საქრისტიანო,
ანუ ევროპა" ჰქვია ამ ესეის, "იყო ბედნიერი დრო, როცა...". ვერაფერს იტყვი, გენიალური დასაწყისია, რასაც გინდა, იმას მიაწერ შემდეგ, ნოვალისი იმ წერილში თავისას წუხს, ერთიანი ევროპული ოჯახის, როგორც დღეს უყვართ თქმა, დაშლასა და დანაწევრებას, ევროპული ცივილიზაციის საზღვრების დადგენას და სხვა, ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს ახლა. მხოლოდ ეს პირველი ფრაზა გვჭირდება მისგან. მოკლედ, იყო ბედნიერი დრო, როცა სამყარო, ანუ ხედვა მსოფლიოსი, ლიტერატურული მაინც, იყო განუზომლად ფართო, უსაზღვრო ლამის. და სწვდებოდა ეს სამყარო თუ ხედვა, თუ მზერა, თუ რაც ჰქვია, კონტინენტებს, რუკაზე არსებულთაც და არარსებულთაც. როგორც "ოდისეაშია", როგორც "ვეფხისტყაოსანშია", როგორც მეფე ართურთანაა, როგორც მელვილთანაა, ჰო, უკანასკნელად, ასე გაბედულად და თავბრუდამხვევად, მგონი, მელვილთანაა. ჰო, ტურნიესთან კიდევ. და იყო ყველა კმაყოფილი და ბედნიერი: ბრმა აედიც, ამბის მთხრობელი, მსმენელიც, მკითხველიც, თავად პერსონაჟიც თუ პერსონაჟებიც, რომელია XX საუკუნის ყველაზე დიდი შიში, იცის ვინმემ? ბევრი ვიკამათოთ იქნებ ამაზე და ვერც ვერაფერი დავასკვნათ საბოლოოდ, მაგრამ ამჯერად მე მაინც ვიტყვი ისე, როგორც არტურო პერეს რევერტემ დაწერა ერთ თავის რომანში - კაცობრიობის უბედურება ისაა, რუკაზე თეთრი ლაქები რომ აღარ არისო, ვითომ გამოკვლეულია ყველაფერი, შესწავლილი, რომ გეოგრაფიამ გაასწრო ფანტაზიას და საზღვრები დაუგმანა. XX საუკუნის პროზა ამ საზღვრებზე დარდია და დარდია ამ საზღვრებს შიგნით. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ იგი უფრო წერტილზე, ადამიანზე, უმცირესზე ყურადღებამიქცეული თხრობა და ამბავია, ვიდრე გრანდიოზული და ექსპრესიული. ყველას არ ეხება ჩემი ნათქვამი, რასაკვირველია, უდიდეს უმრავლესობას - კი. ჰოდა, აქ, ამ საზღვრის შიგნით დარჩენილებში, ყველა გმირი ტრაგიკულია. არა, ტრაგიკული კი არა, უბედური, უბედურია საკუთარი სიმცირით და მონატრული იმ თავისი ლანდის, ორეულის, სარკის მეორე მხარეს დარჩენილის.

ჯოზეფ ჰელერი საზღვრის შიგნით დარჩენილთა მწერალია, ის არც გამოსავალს სთავაზობს მკითხველს, არც ახსნას ცდილობს მიზეზებისას, ფაქტს აღწერს მხოლოდ, თამაშობს და შემთხვევის იმედზეა, შემთხვევის და ეგებ სათანადო წამს უეცრად მოზღვავებული გამბედაობის. ლოურენსმა დაწერა, ჩვენ ისეთ სასოწარკვეთილ დროში მოგვიწია ცხოვრებამ, იძულებულნი ვართ, არ შევიმჩნიოთ ეს სასოწარკვეთაო. ჯოზეფ ჰელერის "ხაფანგი-22" სასოწარკვეთილთა რომანია.

კაცის ამბავი, რომელიც ცდილობს, სიგიჟე მოუგონოს საკუთარ თავს, ოღონდ სამხედრო სამსახურს დააღწიოს თავი, სამ­ხედროს რა, სამსახურს, სისტემის ნაწილად ყოფნას, სისტემის მსხვერპლად ყოფნას. როცა მდგო­მარეობის მძევალი ხარ, როცა არ ამაყობ საკუთარი ცხოვრებითა და საქციელით, როცა შენი არსებობა-არარსებობა (ჰამლეტი როგორც ამბობდა, ისე, ყოფნა-არყოფნა) არ ენაღვლება სამყაროს, როცა არ გიმჩნევს და ვერ გამჩნევს, გამოსავალი ხშირად გაქცევაშია, ჩაძირულ გემზე ყოველთვის როდი აქვს აზრი გმირობას, ისიც საკითხავია, აქვს კი ოდესმე.
XX საუკუნე ისე აეწყო, პატრიოტიზმის მეტისმეტად ბევრი მახინჯი ფორმა გაჩნდა და ამ ფორმებმა გამორიცხეს ადამიანი, ადამიანი კი არა, ადამიანურობა, ჰუმანურობა, ის, რაც მთავარი ნიშანია დასავლეთისა, იქაური კულტურისა და ცივილიზაციისა. უილიამ საროიანი, ეს კიდევ ერთი გენიალური ამერიკელი, ხუმრობდა მეორე მსოფლიო ომზე, "ხაფანგი-22"-იც ხომ ამ ომს ეხება, გმირობისა და სახელის დაგდებისა რა გითხრათ, მაგრამ ჩვენს დროში მნიშვნელოვანია, კაცს სანამ ფრონტზე სამშობლოს სახელით გაუშვებ, ცოტა ხანს შიშველი ძუძუებისთვის აყურებინოო. ასე მოჩვენებითი სიცილით აღწერდა დაცემას სახელმწიფოსი, როგორც ერთი რამ საგანგებო წარმონაქმნისას და სა­ზოგადოების გაუცხოებას მისგან. ჯოზეფ ჰელერიც ამას გვიყვება, მარტოხელა მფრინავის ამბავს, გალიაში გამოჭერილი მფრინავის ამბავს, იტალიის ფრონტზე რომ ჩარჩენილა და თავი ვერ დაუღწევია ვერასგზით.

სულ თავიდან ვთქვი, ამერიკელი მწერლები როგორღაც მუდამ ახერ­ხებენ სიმართლის თქმას­ და თავის სამშობლოს, რომელიც, რა დასამალია და, სანიმუშოდ უყვართ, ყველაფერი შეულამაზებლად პირში მიახალონ-მეთქი. სინკლერ ლუისი, როცა ამერიკელ ავტორთაგან პირველი იღებდა ნობელს, წუხდა, ამერიკელებს ეშინიათ ლიტერატურისო, ვითომ, გაურბიან შიშველ სიმართლესო. ჰო, ეგ მართალია, მაგრამ ისე,
ნეტავ იმ ლიტერატურას, რომელსაც უფრთხიან; ნეტავ იმ მწერალს, რომლისაც ეშინიათ. ჯოზეფ ჰელერიც ეგეთი იყო, მართალთა რიგში ჩასაწერი კაცი. ჯოზეფ ჰელერისაც ეშინოდათ!

ზაალ ჩხეიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით