"აფეთქების­ ხმა გაისმა და მეზღვაური ნაწილებად იქცა" - რას ჰყვება დაბომბილ გემზე გადარჩენილი ქართველი მეზღვაური - კვირის პალიტრა

"აფეთქების­ ხმა გაისმა და მეზღვაური ნაწილებად იქცა" - რას ჰყვება დაბომბილ გემზე გადარჩენილი ქართველი მეზღვაური

"საკუთარი თვალით ვნახე ეს საშინელება... მე ავკრიფე მისი სხეულის ნაწილები და თეთრ ზეწარში გავახვიე"

რამდენიმე დღის წინ ლიბიის ტერიტორიულ წყლებში მშრალტვირთმზიდი "თუნა1" დაიბომბა, რომელზეც ქართველი მეზღვაურებიც იყვნენ და საბედნიეროდ, გადარჩნენ. "კვირის პალიტრა" ქართველ მეზღვაურებს დაუკავშირდა.

გოჩა შერვაშიძე, მოტორისტი: - ორი თვეა, რაც ამ გემზე ვმუშაობ. იტალიის ერთ-ერთი ქალაქის, ჩიტა-დი-კასტელოს პორტში სამშენებლო მასალით დავიტვირთეთ, რომელიც ლიბიაში გადაგვქონდა. ლიბიის ტერიტორიას რომ მივუახლოვდით, მაშინ დაგვბომბეს. როგორც ჩანს, ის მონაკვეთი გადავკვეთეთ, რომელსაც ტერორისტული ჯგუფი აკონტროლებდა. თავიდან სახმელეთო ცეცხლი გაგვიხსნეს. ცეცხლის წვიმა საკმაოდ შორიდან წამოვიდა. მერე კი გამანადგურებლებმა გადაგვიფრინეს და ბომბები ჩამოყარეს. ერთიმეორის მიყოლებით რვა აფეთქების ხმამ შეგვაზანზარა. გემის გასანადგურებლად ერთი ბომბიც საკმარისი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ტერორისტებმა რაც მიზანში ამოიღეს, იმას ვერ მოარტყეს. ჯერ გემის ბორტი დაზიანდა, ცეცხლი მოედო. ჩაქრობა დავიწყეთ, მალე კი ავტომატური მართვის სისტემა გამოვიდა მწყობრიდან...

დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა თურქეთის მოქალაქე, კაპიტნის მესამე თანაშემწე. ის ე.წ. მოსტიკზე იდგა. უცებ ყვირილით გამოვარდა, ბიჭებო, მარჯვენა მხრიდან გვირტყამენ, მარცხნივ წავიდეთო. ამ დროს აფეთქების ხმა გაისმა და მეზღვაური ნაწილებად იქცა. საკუთარი თვალით ვნახე ეს საშინელება... მე ავკრიფე მისი სხეულის ნაწილები და თეთრ ზეწარში გავახვიე. სხვები ისე იყვნენ შეძრწუნებული, ვერც კი მიეკარნენ. ისევ ქართველებმა ვიყოჩაღეთ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მისთვის პატივი ღირსეულად მიგვეგო.

- ქართველები არ დაშავებულხართ?

- როგორ არა... ეკიპაჟში ექვსი ქართველი ვართ. ერთი ფეხში დაიჭრა, ერთიც - მუცლის არეში. ყველამ ისეთი სტრესი მივიღეთ, ახლაც თურქეთის საავადმყოფოში რეაბილიტაციის კურსს გავდივართ.

- თურქეთამდე როგორ მიაღწიეთ?

- თავიდან ვფიქრობდით, როგორმე საბერძნეთის კუნძულ კრეტამდე მივსულიყავით, თუმცა, ჩვენს დასახმარებლად თურქული სამხედრო ხომალდი მოვიდა. დაზიანებული გემით დღე-ნახევარი ვიცურეთ - ავარიულ რეჟიმზე, მექანიკური მართვის სისტემაზე გადავიყვანეთ. მერე ზღვაში თურქული სამხედრო ხომალდი შეგვხვდა და მასზე ცხედარი გადავასვენეთ, ჩვენ კი დაზიანებულ გემზე დავრჩით და სამხედრო ხომალდმა ქალაქ ფეტიემდე გამოგვაცილა. მადლობელი ვართ საქართველოს საზღვაო სააგენტოსი, ჩვენს დასახმარებლად ყველაფერი გააკეთეს.

- საქართველოში როდის ჩამოხვალთ?

- ამჯერად გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ. მე მაქვს ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ეკიდა გემს ცეცხლი... ეს ფოტოები გამოძიებას გადავეცით; მათი გავრცელების უფლება არ გვაქვს. ამასთანავე, ქალაქ ფეტიეში მოგვიწევს გემის შეკეთება, რადგან სტამბოლამდე უნდა ჩავიდეთ. შემდეგ ალბათ, ჩვენი საქართველოში დაბრუნების საკითხიც გადაწყდება. ისეთი სტრესი მივიღეთ, მუშაობას კარგა ხანს ვეღარ გავაგრძელებთ. ზღვაში ყოფნისას ხიფათს ბევრჯერ გადავყრივარ, ტყვეობაშიც ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი საშინელება არასდროს მინახავს...