”ინტელექტის დღე” - ინტელექტის ზეიმი საქართველოში - კვირის პალიტრა

”ინტელექტის დღე” - ინტელექტის ზეიმი საქართველოში

ინტელექტუალური თაობა – საქართველოს ხვალინდელი დღე

“მივხვდით რომ ჩვენც ისეთივე მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნისთვის, როგორც ჩვენი გარეთმყოფი თანატოლები" - თორნიკე, 16 წლის, პატიმარი.

“რეგიონებში გამარჯვებულ გუნდთა უმეტესობა, სოფლის გუნდს წარმოადგენდა.”

საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლეთა შორის ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ -  „ინტელექტის დღე“ წელს უკვე მეოთხედ გაიმართა. 18 აპრილს  71 სათამაშო მოედანზე ერთდროულად პროექტის პირველი, მუნიციპალური ეტაპი გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 1500-მდე სკოლის გუნდმა მიიღო, რაც დაახლოებით 15 000 მოსწავლეა.

პროექტის დასკვნითი ეტაპი 16 მაისს, თბილისში გაიმართა, სადაც 72 გუნდი მონაწილეობდა. საჯარო  სკოლებთან ერთად თამაშობდა საქართველოს კადეტთა კორპუსის გუნდიც.

ფინალურ თამაშს საქართველოს ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა, რომელიც პროექტის იდეის ერთ-ერთი ავტორიცაა: "პროექტის მთავარი მიზანი არის ინტელექტის და წიგნიერების პროპაგანდა ახალგაზრდობაში. ამ თვალსაზრისით ჩვენ დავისახეთ მიზნად რომ შევიდეთ ყველა რაიონში და ყველა სკოლაში. წლევანდელი წლის შედეგების მიხევდით შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს მიზანი მიღწეული იქნა, რადგან სკოლების 60%-ზე მეტმა მონაწილეობა მიიღო." აღსანიშნავია რომ პროექტში ჩართული იყო ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაც და ფინალური ეტაპიც პარალელურ რეჟიმში საპატიმროშიც იმართებოდა: "ჩვენთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ძალიან დიდი სტიმული იყო, ერთფეროვანი ყოფა გავიხალისეთ. ბევრი  ახალი რაღაც ვისწავლეთ და რაც მთავარია მივხვდით რომ ჩვენც ისეთივე მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნისთვის, როგორც ჩვენი გარეთმყოფი თანატოლები" - თორნიკე, 16 წლის, პატიმარი.

ფინალურ ეტაპზე 36 შეკითხვა დაისვა, გამარჯვება ხაშურის მუნიციპალიტეტის გუნდმა მოიგო, მეორე-მესამე ადგილზე ბათუმის და ცაგერის გუნდები გავიდნენ: "ძალიან კარგი შედეგები იყო, საუკეთესო გუნდმა თითქმის გროსმაისტერული შედეგი აჩვენა. “- აღფრთოვანებას ვერ მალავადა შეკითხვების მთავარი რედაქტორი ლაშა კილაძე

წლევანდელ ტურნირზე, სასიამოვნო პრეცედენტი დაფიქსირდა, რეგიონებში გამარჯვებულ გუნდთა უმეტესობა, სოფლის გუნდს წარმოადგენდა. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე რომ სოფლებში ბავშვები ბევრს კითხულობენ და რაც მთავარია, სწორად შერჩეულ ლიტერატურას.

ფინალურ ეტაპს სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც ესწრებოდა: "სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარადჭერით უკვე მეოთხე წელია ეს ღონისძიება ტარდება. ეს არის ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური შეჯიბრი. ყველაზე მეტად ის მახარებს რომ აქ წარმოდგენილია საქართველოს ხვალინდელი დღე "

ფინალური ეტაპი ევროპის კვირეულს ეძღვნებოდა ამიტომაც სიმბოლური იყო პირველი კითხვა, რომელიც შენგენის შეთანხმებას ეხებოდა. სასიამოვნოა, რომ კითხვა ყველა მონაწილემ გამოიცნო

ტურნირს საქართველოში წარმატებული კომპანიები უწევდნენ სპონსორობას, მათ შორის იყო გამომცემლობა "პალიტრა L", რომელიც ყოველთვის იქაა სადაც ინტელექტი და ახალგაზდობა. "პალიტრა L"-მ გამარჯვებულებს წიგნები აჩუქა.

2015 წლის "ინტელექტის დღე" შედგა. იყო ბევრი სიხარული, იყო იმედგაცრუებაც, თუმცა გარეშე თვალისთვის ყველაზე სასიამოვნო მაინც ნიჭიერი ბავშვების დანახვა იყო, რადგან სწორედ ეს ბავშვები არიან საქართველო მომავალი, რომელთაც ძალიან მალე ვიხილავთ პოლიტიკაში, კულტურაში, ბიზნესში და სხვ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ასეთ თამაშებზე მომავლის საქართველო იბადება.

ლადო გოგოლაძე