"მე ვარ ის ბავშვი "ცისფერი მთებიდან"
25-05-2015
"მე ვარ ის ბავშვი "ცისფერი მთებიდან"
ოლიკო მელაძეს ბავშვობიდან ძალიან კარგი სახსოვ­არი დარჩა. ელდარ შენგელაიას ფილმში - "ცისფერი მთები" - იმ სამუშაო ოთახში, სადაც "გრენლანდია" კიდია, მაგიდასთან ზის დარეჯან სუმბათაშვილის პერსონაჟი - ბელა. მას სამსახურში ხშირად აკითხავს ხელიხელჩაკიდებული ქმარ-შვილი. ბელას ქმარს, რომელსაც ხშირად ავიწყდება ქუდის მოხდა, გურამ პეტრიაშვილი განასახიერებს, მათ გერმანულად მოტიკტიკე გოგონას კი - ჩვენი რესპონდენტი ოლიკო მელაძე.


"ცისფერი მთები" 1983 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ოლიკო მაშინ 6 წლის იყო, თუმცა, გადასა­ღები მოედანიც და მაშინდელი ემოციებიც
კარგად ახსოვს.


ოლიკო მელაძე:
- მოსამზ­ადებელ კლასში ვსწავლობდი. გერმანული ენის წრეზე დავდიოდი. ჩემი ხასიათის გამო ხშირად ვიქ­ც­ევდი ყურადღებას. ასე მოხდა­ იმ დღესაც, როცა სამასწავლებ­ლოში ამიყვანეს. იქ უცხო მამაკაცი­ (ელდარ შენგელ­აიას ასისტენტი ოთარ ლითა­ნი­შვილი. - ავტ.) დამხვდა. რომ დამინახა, წამოიძახა, ზუსტად ასეთი გოგონა გვჭირდებაო. მით­ხრეს: "ფურცელი
აიღე, გადი კარს უკან, დააკაკუნე, შემოდი და თქვი: "დედიკო, დედიკო, აი, ნახე რა მოგ­იტანე". ეს ძალიან იოლი აღმოჩნდა. გაოცდნენ - რა ნიჭიერი და თავისუფალიაო. მე კი მიკვირდა, რა ნიჭი უნდა კარზე დაკაკუნებას­-მეთქი.

ჩემს "მშობლებს" დარეჯან სუმბათაშვილსა და გურამ პეტრიაშვილს ისე დავუახლოვდი, შესვენებების დროსაც დედასა და მამას­ ვეძახდი. ორივე ძალიან თბილად­ მეპყრობოდა. მახსოვს, ერთ­ხელ ქალბატონ დარეჯანს ვკითხე, მამი­კო ხმას რატომ არ იღებს-მეთქი. გაეცინა - ცუდი ხმა აქვს და არ ალაპარაკებენო. არადა, ბატონი გურამი ძალიან კარგი მოსაუბრე იყო, ლექსებსაც მიკითხავდა ხოლმე და მიკვირდა, თუ ცუდი ხმა აქვს, მე რატომ მომწონს-მეთქი.
მსახიობებიდან ყველაზე ნათლად სოსოს როლის შემსრულებელი რამაზ გიორგობიანი დამამახსოვრდა. სულ ხუმრობდა. შესვენებების დროს ჩაის რომ მასმევდნენ, ყოველთვის ტკბილეულით მანებივრებდა. ის რომ შემოდიოდა გადასაღებ მოედანზე, ყველას თვალები უნათდებოდა.

დღემდე თვალწინ მიდგას თითქმის ყველა­ კადრი, რომელშიც გადამიღეს. ზოგი მოხვდა ფილმში, ზოგიც ამოჭრეს.

- ამ ფილმში თქვენს პერსონაჟს­ სახელი არ აქვს?
- სახელი არ გვაქვს, არც მე და არც "მამაჩემს". მუშაობის პროცესში რაღაცებს ვიგონებდი კიდეც­. ერთ სცენაში მანდარინებს­ ვანაწილებ: "ეს, დედიკო, შენ, ეს, ბიძია, - თქვენ, ეს - მე და ეს - მამი­კოს!" ეს ტექსტი მე მოვიფ­იქრე და მოეწონათ. ერთ სცენაში მე და "მამა" ჩამოვდივართ სამთო­ ქიმიის შენობის კიბეზე. მე "მამას­" ხელი გავუშვი და ჩამოვირბინე. ესეც დატოვეს ფილმში.

- კიდევ რა გახსენდებათ?
- თუ გახსოვთ სცენა, სადაც ბატონი ვასო ლიფტშია გაჭედილი.­ მაგ დროს "მშობლებთან" ერთად­ ვაშლის ჭამით ჩამოვდივარ კიბ­ეზე­.­ რადგან ზედა სართულიდან­ მოვდივართ, ამ მომენტისთვის ნახევარი მაინც უნდა მქონოდა შეჭმუ­ლი, ამიტომ ვაშლი გადაღების დაწყებამდე მომცეს. დავიწყე ჭამა, მაგრამ ისე ნელა ვიციცქნებოდი, მიხვდნენ, ლოდ­ინი მოუწევდათ და განათებასა და დეკორაციებს მიუბრუნდნენ. ჰოდა, როცა გავახსენდი, სადღა იყო ვაშლი... სასწრაფოდ მეორე მომცეს. ისევ დავიწყე ჭამა, მათ კი ისევ გვიან გავახსენდი­ და მეორე ვაშლიც შემომეჭამა. მესამე ვაშლი აღარ ჰქონდათ და ელდარ შენგელაიამ სასწრაფოდ თანამშრომელი გაგზავნა საყიდლად­. მახსოვს, უკმაყოფილო მიდიოდა, ამხელა კაცს ამ გალეული გოგო­სთვის ბაზარში მიმარბენინებენო. რომ დაბრუნდა, მასვე დაავალა ბატონმა ელდარმა, სანამ ჩვენ სხვა სცენას ვიღებთ, შენ ადევნე ოლიკოს თვალი, კიდევ არ შემოეჭამოსო. იმ დღეს შინ ვაშლით დატვირთული გამომიშვეს - ჰყვარებიაო.

- მიკვირს, რომ მსახიობობის სურვილი არ გაგიჩნდათ.
- პირველად კი მომეწონა, მაგრამ მერე სურვილი გამინელდა. არ მომეწონა ზაფხულში ზამთრის სცენებისთვის ქურთუკითა და წინდებით სიარული. თან გავნაწყენდი, ფილმის გამო არდადეგებზე რომ ვერ დავისვენე.
პროფესიად ჟურნალისტიკა ავირჩიე. შემდეგ დიუსელდორფში ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრატურა დავამთავრე სოციალური მეცნიერებების განხრით, მეორად პროფესიად კი მედია და პოლიტიკური ინფორმაცია ავირჩიე. მოგვიანებით ისევ საქართველოში­ დავბრუნდი.

- დღეს როგორ ცხოვრობთ?
- დღეს პროფესიით არ ვმუშაობ. დავოჯახდი და 10 თვის ლიზიკო ტატუნაშვილს ვზრდი.  
ჩემი მეუღლე ყველგან ამბობს, რომ "ცისფერ მთებში" ვთამაშობ,­ მე კი, პირიქით, ამაზე არასოდეს ვლაპარა­კობ. შესაძლოა, ბევრმა ჩემმა ნაცნობმა ამ ინტერვიუთი შეიტყოს, რომ სწორედ მე ვარ ის ბავშვი "ცისფერი მთებიდან".

ეკა სალაღაია
Levan
09 ივნისი 2015 10:17
დიდი დიდი მადლობა ყველას ასეთი ლამაზი და თბილი კომენტარებისთვის:):)
Levan
09 ივნისი 2015 10:16
ჩემი ლამაზი ოჯახიიი თქვენ გენაცვალეეეეეთ!
თამარი
28 მაისი 2015 18:31
Rezo 43 თბილისი პატარაა და ადამინის პოვნაც იოლია. მერწმუნეთ ნამდვილად ის ბავშვია და კარგი იქნება ამ სტატიით თუ არ შემოიფარგლება ჩვენი ბავშვობის ტკბილი მოგონებები.

რედაქტორის რჩევით