ტირილი გურიაში, ანუ მწუხრის კურიოზები
25-05-2015
ტირილი გურიაში, ანუ მწუხრის კურიოზები
- ე, ბიჭო, გადენე აგი ხბოი, თვარა ქე შეჭამა მამაიე!

გურიაში დაკრძალვის მრავალი­ სახეობა არსებობდა - "ბრძან­ებით ტირილი",  "ვექილობით ტირილი", "ნიშნით ტირილი",  "კაი ტირილი", "ტირილის გადადება"


განგებამ ჭირი და ლხინი ძმებად აქცია, თან ისიც გვასწავლა, უშველებელი დარდი­ როგორ შეგვემს­უ­ბუქებინა. მსგავსი ცოდნა ალბათ, ყველა ხალხს აქვს, მაგრამ საეჭვოა, ამ "დარგში" ვინმე მეგრელ-გურულებს გაუტოლდეს. ვისაც გურულების "თეატრალური" დაკრძალვ­ები უნახავს, ამ თემაზე კამა­თ­­საც არ მოჰყვება. მართალია, დრომ ამ რიტუალსაც შეუცვალა ელფერი, მაგრამ გურიაში
დღესაც მოგიყვებიან გურულებზე, რომელთა დაკრძალვის ამბავი კურიოზად იქცა.

არ გაგიკვირდეთ­ და, გურიაში­ დაკრძალვის მრავალი­ სახეობა არსებობდა. მათ შორის: "ბრძან­ებით ტირილი", "ვექილობით ტირილი", "ნიშნით ტირილი", "კაი ტირილი", "ტირილის გადადება" და ა. შ.


მანანა ლომაძე, ისტორიკოსი:
- თეატრალურობა ქართველებისთვის ოდითგან დაკრძალვის ცერემონიალის არცთუ ხელწამოსაკრავი ნაწილი იყო. მართალია,
დრო ყველაფერს ელფერს უცვლის, მაგრამ საფუძველს მაინც ვერ ურყევს. ასე რომ, როცა გურულები ვამბობთ, "ამან და ამან კაი ტირილი გუუმართა თავის მიცვალებულსო", ეს იმას ნიშნავს, რომ ამ "ტირილზე" ყველა ცერემონიალი სანახაობრივადაც ლამაზად იყო მოწყობილი, ამ ფაციფუცში კი ჭირი - შემსუბუქებული. სწორედ ამისთვის - სიცოცხლის გასაგრძელ­ებლად, გულიდან უშველებელი ლოდის მოსახსნელად ხდება გურულ "ტირილში"­ ის ამბები, ათეული წლების შემდეგაც რომ ღიმილს იწვევს. ამ თემას ეთნოლოგებმაც გვერდი ვერ აუარეს და გურული კურიოზული "ტირილები" შემოგვინახეს. მაგალითად, "ბრძანებით ტირილი" თავად ლევან თავდგირიძის ოჯახში: "მოვიდა შიკრიკი და თავადის მეუღლეს მეტად სამწუხარო ცნობა, - ძმის სიკვდილი აუწყა. ცნობის შეტყობინების შემდეგ თეთრულა კუშტად ადგა, აივანთან მივიდა, ჩამოეყრდნო და მოახლე გოგოს გასძახა, - სად ხარ, გოგო, შე სასიკტილეო! გოგო საიდანღაც გამოძვრა, ეზოში დადგა და ქალბატონს თვალ­ებში შეაჩერდა. თეთრულამ თავსაბური გაისწორა და გოგოს უბრძანა: წადი, გუგუნავასკენ გადაიკივლე, შალიკაშვილისკენ გადაიკივლე, - ვაი და უი, ჩემს ქალბატონს საყვარელი ძმაი მოუკტაოოო!"

მოკლედ, გოგო წავიდა, სოფელი კივილით მოიარა და გუგუნავებსა და შალიკაშვილებს სულ ცრემლები აღვარღვარებინა. მოახლეები კი, ეტირებოდათ თუ არა, ვალდებულები იყვნენ, ბატონი ეტირათ, მათაც იტირეს, მაგრამ ბრძანებით ტირილის გამო გულმოსულებმა, თეთრულაც "ჩაუშვეს" - თავისი ძმა სხვებს დაატირებინაო...   

- თანამედროვე მსახიობები მაგისთვის სპეციალურ ცრემლის მოსადენ საშუალებებს­ ხმარობენ...
- დაქირავებული მოტირლები ყველა სოფელში იყვნენ, თანაც ისეთი, რომ დაკრძალვაზე მოსულ ხალხს ტირილისაგან თვალებდასივებულებს აბრუნებდნენ შინ - უბრალო გლეხის ქალების დატირება შედევრები იყო... თავადის ქალებიც იყვნენ მოტირლები. მაგალითად, ნინო გურიელი-დადიანისა ყველა გარდაცვლილი გლეხის ოჯახში დადიოდა და ტიროდა, - გლეხებს ეამებათო. მოტირლების დაქირავებას სხვანაირად "ვექილობით ტირილსაც" ეძახდნენ. ვექილი თანამედროვე ადვოკატია, როგორც ადვოკატი აწესრიგებს კლიენტის საქმეებს, ასე აწესრიგებდნენ საგანგებოდ დაქირავებული მოტირლები სიტყვაძუნწი ჭირისუფლების სირცხვილ-ნამუსს და მათ ნაცვლად აღვარღვარებინებდნენ ცრემლებს წამსვლელ-მომსვლელს. უმეტეს შემთხვევაში "ვექილობით მოტირლობა" პროფესიად იქცეოდა. გურიაშიც იყვნენ ასეთი პროფესიონალები. იმ დროიდან მოდის გამოთქმა:­ "ყველას სატირალი ცენტერაძის მალაზონმა იტირაო".  

- ტირილის გადადებაც არსებობდა...
- თუ ვინმეს გარდაცვალება ახალ წელსა და ბედ­ობა დღეს დაემთხვეოდა, ან ქორწილის დღე იყო გამოც­ხადებული... ამ დროს ზოგი გურული "ცოცხალი თავით" არ გამართავდა წივილ-კივ­ილს, - მეფე-პატარძალს ყველაფერი გლახა­ დაებედებათო. მიცვალებულს მიტკალში შეახვევდა (მაგი აღარსად გაიქცევაო!), პირში წყალს ჩაიგუბებდა და ქორწილს გამართავდა. როცა მაყრიონი ჭიშკარს გაიხურავდა, მიცვალებულს გამოაჩენდნენ და ნაქეიფარ ხალხს აატირებდნენ.
ოზურგეთში სირინოზა დარჩიას ამბავი ხნიერ ხალხს დღესაც ახსოვს. როცა ბერიკაცი მოკვდა, ოჯახში ქორწილის დღე უკვე დანიშნული იყო. ჭირისუფლებმაც სირინოზა ბაბუა ბახმაროდან ჩამოტანილ თოვლში შეინახეს, სეფა გაშალეს და ქორწილში­ ცას ქუდი ჰკრეს. მეორე დღეს ეს ყველაფერი მიჭუჭკეს (მიალაგეს) და სირინოზა შეიცხადეს, - მათი კივილი ცას სწვდებოდა.
არანაკლები კურიოზები ხდებოდა "ნიშნით ტირილზეც".

- ეგ რაღაა?
- როცა ოჯახს გარდაცვლილი შინ რაიმე მიზეზით არ ჰყავდა (უბედური შემ­თხვევისას დაიკარგებოდა, ან გადამდები დაავადება ჰქონდა და სასწრაფოდ კრძალ­ავდნენ), ოჯახი მას ხელსაყრელ დროს "ნიშნით"­ დაიტირებდა - ისლის ან ღომის ჩალით გააკეთებდნენ ფიტულს, ჩააცმევდნენ მიცვალებულის სამოსს, დაასვენებდნენ საწოლზე, მოიწვევდნენ ნათესავ-მოყვარეებს­ და ზარით გააბამდნენ ტირილს. გინდა, არ გინდა, ამ "თეატრს" თავისი უხერხულობებიც ახლდა.
როდესაც ჩოხატაურის სოფელ სურებში გოგია სარჯველაძე ყვავილით გარდაიცვალა, მის ნაცვლად ტანსაცმელი ჩალის ფიტულს ჩააცვეს. როცა ჭირისუფლები ფიტულის დატირებით დაიღალნენ და "ზალაში" მარტო დატოვეს, მშიერმა ხბომ ოდის კარი დრუნჩით მისწია,  ოთახში შებაკუნდა და ჩალა გემრიელად შეახრამუნა. სწორედ ამ დროს "ზალაში" გარდაცვლილის პატარა ბიჭიც შებაჯბაჯდა და ხბოს დანახვაზე ძმას აუყვირდა: - ე, ბიჭო, გადენე აგი ხბოი, თვარა ქე შეჭამა მამაიე!

- თანამედროვე დაკრძალვის კურიოზებიც­ გექნებათ.

- ერთი ნამდვილი ამბავი, შემდეგ ანეკდოტად იქცა: გურიაში პანაშვიდზე იმდენი ხალხი იყო, რომ ოთახში შესულ ბავშვებს უკან გამოსვლის საშუალება აღარ მიეცათ და მიცვალებულს წრე მეორედ დაარტყეს. ამ დროს ტირილით გადაქაჩულმა ჭირისუფალმა ბავშვებს მიაძახა, - რაია, ბაღნებო, იოლკაა?!
კიდევ ერთი ამბავი: ლანჩხ­უთში, სოფელ გვიმბალაურში, ოჯახის უფროსის დაკრძალვა მაკვარანცხმა გვიმბალაურელებმა გააშარჟეს:

დედა ვაჟს: - მეიტანე იგიც, მაგ პალტო უყვარდა და უნდა ჩავატნიო კუბოში.
ვაჟი: - კაი, დედა, არ გინდა ახლა გატანება (პალტო მაინც მოაქვს)!
დედა: - მაგი კაშნიც მეიტანე! ხო, ლურჯი ჯემპრეც. ის სპორტული შარვალი მომაწოდე და კიდო აგი ჟაკეტი არ დამიტიოთ, ჩოუტნიე გვერდში!
ვაჟი: - წევედი მე!
დედა: - სა მიხვალ ამ შუაღამისას?!
ვაჟი: - მეორე კუბო უნდა მევიტანო, ამაში აღარ ეტევა და დავმარხოთ ორი კუბოთი.
დედა: -  რაია, ბიჭო, რაცხა უყვარდა, რაცხას ხმარობდა­ მთელი სიცოცხლე, იგი არ უნდა ჩავატნიოთ შით?!
ვაჟი: - ხოდა, ჩაგატნევ, დედაჩემო, შით და ეგ იქნება!
...
18 თებერვალი 2018 14:43
თქვენ ფშაური დატირება უნდა ნახოთ, მე ოჯახის წევრები გავაფრთხილე თუ მოვკვდი ფშაურად დამიტირეთ მეთქი
01 აპრილი 2017 17:55
უყურე შენ!თურმე ყოფილი იუმორისტი შევარდნაძის მშვენიერი მონოლოგი სინამდვილისგან ძალიან შორს ყოფილა;ჰოიტე მორგენ ფრაუ ბარბარა გეშტორბენო,--რომ არის,და მერე მისი აივანზე,სიცივეში გატანა,--როგორც ქართული სინამდვილისათვის სრულიად წარმოუდგენელი და მიუღებელი.სინამდვილეში კი სწორედ ასეთი რაღაც,თანაც წესად მიღებული,--მის მშობლიურ გურიაში ყოფილა სწორედ.მოდი და ნუ გაოცდები...
...
03 ნოემბერი 2016 00:19
gurulebi miyvalarien reiza gikvilarien :p bujoooo?

რედაქტორის რჩევით