რა ღირს ქორწილი საქართველოში
25-05-2015
რა ღირს ქორწილი  საქართველოში
ქორწინების ორგანიზება უცხოეთში დიდი ხანია აპრობირებული მეთოდია და ის საქართველოს ბაზარზეც ფეხის მოკიდებას ცდილობს. თუმცა, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა­ - მოსაწვევები, რესტორანი, თაიგული, ტორტი, გახმოვანება, სპეცეფექტები - ეს ამ დღისთვის აუცილებელი ატრიბუტების მცირე ჩამონათვალია.
ვისაც გრანდიოზული ქორწილის გადახდა სურს, ამ დღისთვის მზადებას რამდენიმე თვით ადრე იწყებს და ქორწინების ორგანიზატორ კომპანიებს ანდობს.

მხოლოდ საქორწილო ცერემონიისთვის საჭირო ატრიბუტიკა - ნიშნობის ბეჭდები, პატარძლის კაბა, საქორწილო ვარცხნილობა, ტორტი, ხელმოწერის ცერემონია, ფოტოგრაფი და სხვ. საშუალოდ 7.000
ლარამდე ჯდება.
თუკი არჩევანს ღია ცის ქვეშ ხელმოწერის ცერემონიალზე შეაჩერებთ, ეს 150-170 ლარი დაგიჯდებათ, ქორწინების სახლში (სამუშაო დღეებში) - 90 ლარი, შაბათ-კვირას კი 150 ლარი. საჯარო რეესტრში ხელმოწერის ცერემონია უფასოა. თუმცა, ყოველგვარი გაფორმებისა და მუსიკის გარეშე.

რაც შეეხება რესტორანსა და მენიუს, არჩევანი ნეფე-დედოფალზეა - შეუძლიათ
აირჩიონ ტრადიციული, ან ევროპული ქორწილი. 100 სტუმარზე გათვლილ სუფ­რაში, სულ მცირე, 5.000 ლარის გადახდა მოგიწევთ. შედარებით მაღალი დონის რესტორანში 300-კაციანი სუფრა საშუალოდ 20.000 ლარი ჯდება.
ე.წ. საპატარძლო მაგიდის მოწყობა 300-დან 1.000 ლარამდე ღირს, დერეფნის მოწყობა 300 ლარიდან იწყება. მოსაწვევების ფასიც მისი პოლიგრაფიული ხარისხისა და დიზაინის მიხედვით იცვლება.
რაც შეეხება საქორწილო ტორტს, ფასი ზომის, ფორმისა და დიზაინის გათვალისწინებით 500-დან 2.000 ლარამდე მერყეობს.

ბოლო ორი წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს ქორწილის ღია ცის ქვეშ გამართვა. ეს სიამოვნება 10-15 ათას ლარზე მეტი ჯდება.
კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართველებისთვის ქორწილის ორგანიზება ჯერ კიდევ უცხო ხილია და ამჯობინებენ, თავად დაგეგმონ ყველაფერი, რათა  ნაკლები ხარჯი გასწიონ.

"ყოფილა შემთხვევა, როცა წყვილს მხოლოდ რესტორნის დიზაინის მოწყობისთვის­ 3.000 ლარი გადაუხდია. ღია ცის ქვეშ ცერემო­ნიისთვის 80 კაცზე 10.000 ლარიც კი დაუხარჯავთ. რესტორანში სტუმრების იმავე­ რაოდენობის შემთხვევაში ეს თანხა გაცილებით ნაკლებია, რადგან ჩვენ მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე ვზრუნავთ - რესტორნის გაფორმება 1.500-დან 2.000 ლარამდე ჯდება. თუ ტორტიც ემატება,  2.500 ლარიც შეიძლება იყოს. სხვათა შორის, ქორწილის ორგანიზების სრული სერვისი გაცილებით იაფი ჯდება.

წლის განმავლობაში 300-დან 500-მდე წყვილი სარგებლობს ჩვენი კომპანიის მომსახურებით, რაც ბევრი ნამდვილად არ არის. სამწუხაროდ, სავალუტო კრიზისმა შემკვეთები ძალიან შეგვიმცირა", - წუხს  ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი.

ქორწილის ორგანიზებას უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც უკვეთენ. ერთი ასეთი ქორწილი 65.000 ლარი დაჯდა. წყვილი უცხოეთში მცხოვრები ქართველები იყვნენ და სამშობლოში­ ქორწილის გადასახდელად ჩამოვიდნენ.

ცნობილ პირთა გრანდიოზული ქორწილები


2009 წელს ბიზნესმენ კობა ნაყოფიას ვაჟისა და ხათუნა სხირტლაძის ("მის საქა­რთველო 2008") ქორწილის შესახებ მთელი თბილისი ლაპარაკობდა. კობა ნაყოფიამ ვაჟს გრანდიოზული ქორწილი სტამბოლში, სასტუმრო Grand Hôtel Kempinski-ში გადაუხადა. როგორც ამბობდნენ, საქართველოდან ორი სპეციალური ჩარტერული რეისით მთავრობის წარმომადგენლები და მიხეილ სააკაშვილიც კი გაემგზავრნენო. პატარძალს D&G-ს კაბა ეცვა. წყვილმა ჯვარი სტამბოლში მდებარე მართლმადიდებლურ ტაძარში დაიწერა. ჯვრისწერა ქართულ ენაზე ჩატარდა, მგალობლებმა კი ბერძნულად იგალობეს. ქორწილში უფროსი თაობისთვის მიწვეული იყვნენ "ქართული ხმები", ნანი ბრეგვაძე და სხვა ქართველი მომღერლები. ახალგაზრდების განწყობაზე კი ლეგენდარულმა ჯგუფმა Earth,­ Wind & Fire-მა იზრუნა.


მუსიკოს დავით ევგენიძის ქალიშვილი, ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილს დაუნათესავდა,  ის ცოლად­ თემურ ალასანიას ვაჟს, ნიკა ალასანიას გაჰყვა. წყვილმა ჯვარი მამა დავითის ტაძარში დაიწერა, ქორწილი კი მთაწმინდის პარკში, ღია ცის ქვეშ გადაიხადეს. პატარძალს ქორწილში ქართველი დიზაინერის, ნინო ჩუბინაშვილის შეკერილი კაბა და კრისტიან ლაბუტენის” ფეხსაცმელი ეცვა. სტუმრებს შორის იყო სანდრა რულოვსიც.

ქართველი მომღერლები ქორწილებში

კარგა ხანია, რაც ქართულ შოუბიზნესში სრული წყვდიადია, ამიტომ მომღერლების ძირითადი შემოსავალი სწორედ კორპორაციულ ღონისძიებებზე, ქორწილებსა და დაბადების დღეებზე მოდის. მათ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც იწვევენ, სადაც ანაზღაურება გაცილებით მაღალია და არსებული ინფორმაციით, საშუალოდ 7.000 დოლარს შეადგენს. ჰონორარი შესრულებული სიმღერების მიხედვით განისაზღვრება. ემიგრანტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ლელა წურწუმია. მას ყველაზე ხშირად ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელები იწვევენ. რა თანხას შეადგენს მომღერლის ჰონორარი, უცნობია.

როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ხშირად იწვევენ გია სურამელაშვილს. მას 8 სიმღერაში 2.000 ლარს უხდიან, საზღვარგარეთ კი გაცილებით მეტს. ქორწილებში უმღერიათ ვერიკო ტურაშვილსა და ანრი ჯოხაძესაც.

სალომე გოგოხია
შორენა
01 მარტი 2017 22:24
გამარჯობათ, ჩვენ გვინდა ღია ცის ქვეშ ხელის მოწერა თბილიში,აპრილის ბოლოს და გვაინტერესებს სავარაუდოდ რა ღირს?
versace s
04 ივნისი 2015 11:29
მარტლა შენს პატრონს ეს საქარტველოს 5-10 % და 85 % შიმსილობს
versace
28 მაისი 2015 01:00
აკი შიმშილიაო,?აკი გაჭირვებააოო?ვაი,ვაი,ვაიიი ტქვენს პატრონებს

რედაქტორის რჩევით