შესვლა აკრძალულია! - დახურული ზონები საქართველოში - კვირის პალიტრა

შესვლა აკრძალულია! - დახურული ზონები საქართველოში

საქართველოში არაერთი დახურული დაწესებულება არსებობს, სადაც შესვლის უფლება ადამიანთა საკმაოდ ვიწრო წრეს აქვს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის“ რარიტეტულ განყოფილებაში იშვიათ გამოცემათა საცავია, რომელსაც რკინის უზარმაზარი კარი იცავს. ამ ზღურბლზე გადასვლის უფლება მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს, რადგან საცავში უნიკალური და იშვიათი გამოცემები ინახება. სხვათა შორის, საუკუნის წინ ეს კარი ფასიანი ქაღალდებისა და მილიონობით ფულის ერთგული დარაჯი იყო. ბიბლიოთეკის რარიტეტულ განყოფილებაში ყველაზე დიდი და მცირე ზომის წიგნებიც ინახება. მინიატიურული წიგნების რაოდენობა ამ ფონდში 700-მდეა. ყველაზე პატარა გამოცემის სიგრძე 2,5, ხოლო სიგანე 1,1 სანტიმეტრია. ფონდში შენახული ყველაზე დიდი წიგნი - სიგრძეში ნახევარი მეტრია, სიგანეში - 34, ხოლო სისქეში 20 სანტიმეტრი.

ქართულ-ამერიკულ ლაბორატორიაში, სადაც ქართველ სპეციალისტებთან ერთად ამერიკელი სამხედრო მკვლევრები მუშაობენ, პირველი კვლევები ჯერ კიდევ 2011 წელს მომზადდა. CPHRL საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიაა, რომლის მშენებლობასა და აღჭურვისათვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 100 მილიონზე მეტი დოლარი დახარჯა. ლაბორატორიის მთავარ მისიად, საქართველოში გავრცელებული პათოგენების შესწავლით, საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში მომაკვდინებელი დაავადებების წინააღმდეგ დროული რეაგირება დასახელდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი - ფული, ოქროს ზოდები და სხვა ფასეულობა. შენობას, სადაც ამიერკავკასიაში ყველაზე დაცული საცავი მდებარეობს, დაცვის უპრეცედენტოდ მაღალი ზომების გამო, გარე პერიმეტრზე ერთი ფანჯარაც არა აქვს. ეროვნული ბანკის საცავში დაცულია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო პირთა ქონება. შენობაში ფოტო და ვიდეოგადაღება მხოლოდ სპეციალური ნებართვითაა შესაძლებელი. საინკასაციო ცენტრის ყველა ზონაში შესვლის უფლება თანამშრომლებსაც კი არა აქვთ.

უზენაესი სასამართლოს შენობაში, რომელიც 120 წლის წინ, წარმოშობით პოლონელმა არქიტექტორმა, ალექსანდრე შიმკევიჩმა დააპროექტა, ერთი ოთახის ადგილმდებარეობა, საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებულია. ამ ოთახში საბჭოთა კავშირის დროინდელი საქმეები, სასამართლო პროცესების არქივები, მათ შორის, სიკვდილმისჯილთა დოკუმენტაცია ინახება და შიგნით შესვლის უფლება სპეციალური ნებართვის გარეშე შეუძლებელია.

საქართველოს ეროვნული მუზეუმების კოლექციებში საქართველოს ეროვნული საგანძურის უდიდესი ნაწილია დაცული. შენობის იმ ნაწილში, სადაც უძველესი ოქროს ნაკეთობები ინახება, დაცვის უპრეცედენტო ზომებია მიღებული.

მცხეთაში, თბილისში შემოსასვლელ გზასთან ახლოს, აგვისტოს ომის შემდეგ გზის მიმართულების დასაცავი თავდაცვითი ზღუდეები გაკეთდა, რომელსაც, მართალია, გარედან ყველა ხედავს, მაგრამ შიგნით შესვლის უფლება მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს.

თბილისის სატელევიზიო ანძაზე კავშირგაბმულობის სპეციალური მოწყობილობა არის დამონტაჟებული, რომელთან მიახლოება მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის არის დაშვებული. ამ მოწყობილობის მეშვეობით, სამთავრობო კავშირები ხორციელდება. მაგალითად, პრემიერს მინისტრთან კომუნიკაცია ყოველგვარი მობილური ტელეფონის გარეშე შიდა კომუნიკაციით შეუძლია.

ყველა სამხედრო ობიექტი სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, თუმცა, არსებობს ადგილებიც, სადაც არათუ ჯარისკაცებს, მაღალი ჩინის სამხედრო პირებსაც არ აქვთ შესვლის უფლება. ასეთია შეიარაღებული ძალების მართვის პუნქტი, რომელზეც წვდომა მხოლოდ უმაღლეს მთავარსარდალს და ქვეყნის სხვა პირველ პირებს აქვთ. სწორედ ამ დაწესებულებიდან ხორციელდება კავშირი სამხედრო ნაწილებთან.