კოსტიუმირებული კარნავალი თინეიჯერებისთვის - კვირის პალიტრა

კოსტიუმირებული კარნავალი თინეიჯერებისთვის

ახალგაზრდულ პროექტ Liberteens ერთი წელი უსრულდება

ფურცლების შრიალი, ემოციური რეპლიკები, შთაბეჭდილებების გაცვლა-გამოცვლა... ზოგან მსოფლიო ბესტსელერები მოგწყვეტს თვალს ან საბავშვო ლიტერატურის სერიების "ტყვე" აღმოჩნდები. შეუძლებელია, სტენდებზე გამოფენილ ასეულობით წიგნს გულგრილად ჩაუარო, ისეთი განცდა გიპყრობს, თითქოს გინდა, მათი შეძენა მოასწრო და სასურველი ლიტერატურის მარაგი ამ ოთხ დღეში დააგროვო.

წიგნის მოყვარულთათვის წლის ლიტერატურული მოვლენა, თბილისის წიგნის მე-17 საერთაშორისო ფესტივალი, 28 მაისს გაიხსნება და ტრადიციულად, ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეხვედრის ადგილიც უცვლელია - გამომცემლები საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში გიმასპინძლებენ.

წიგნის ფესტივალი უკვე გადაიქცა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად. რაც მთავარია, დამთვალიერებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება და ჩნდება იმედიც, რომ წიგნი ქართველი მკითხველების ცხოვრებაში კუთვნილ ღირსეულ ადგილს იბრუნებს. წიგნის მნიშვნელობისა და ღირებულების ახსნა ყველაზე კარგად მაინც ქართველმა მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა მისთვის ჩვეული გენიალურობით შეძლო: "ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი"... ასე რომ, წიგნის პოპულარიზაციისთვის მიძღვნილ ნებისმიერ ღონისძიებას საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. წიგნის საერთაშორისო ფესტივალი კი ამ პროცესში მართლაც განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს.

ტრადიციულად, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე "პალიტრა  L" ლიტერატურული მრავალფეროვნებით, გრანდიოზული ფასდაკლებებით, საინტერესო აქციებითა და წიგნების სიმრავლით წარდგება და 2000-ზე მეტ წიგნზე მნიშვნელოვან ფასდაკლებებს შესთავაზებს.

სოფო საყევარიშვილი, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი: "თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ყოველწლიურად განსაკუთრებულად ვემზადებით. ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი გამომცემლობის მთავარი აქტივობები სწორედ ამ ფესტივალს დავამთხვიოთ და მკითხველს წიგნის შერჩევისას მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. ამჯერადაც ლიტერატურის მოყვარულებს მნიშვნელოვან ფასდაკლებებსა და ფართო არჩევანს ვთავაზობთ.

"პალიტრა L"-ი ფესტივალზე თითქმის სრულყოფილი ასორტიმენტითY იქნება წარმოდგენილი და მკითხველს 2000-ზე მეტ წიგნზე ფასდაკლებას შევთავაზებთ".

"პალიტრა L"-ი ფასდაკლებებთან ერთად მკითხველს ყოველწლიურად საინტერესო სიახლეებითაც ანებივრებს. დამეთანხმებით, თანამედროვე სამყაროში წიგნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში არც ისე მარტივი პროცესია. უმრავლესობას კითხვას თავისუფალი დროის კომპიუტერთან გატარება ურჩევნია, თუმცა, "პალიტრა L"-მა საქართველოში ახალგაზრდა თაობის ლიტერატურით დაინტერესებაც მოახერხა. ამის მაგალითად გამომცემლობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი Liberteens-იც საკმარისია - "პალიტრა L "-მა 20-ზე მეტი წიგნის მოყვარული ახალგაზრდა ერთ ჯგუფში გააერთიანა და მათ თინეიჯერებისთვის სასურველი ლიტერატურის შერჩევის შესაძლებლობა მისცა. ახალგაზრდები მსოფლიო ბესტსელერებს ორიგინალში კითხულობენ და გამომცემლობას იმ წიგნის გამოცემაზე რეკომენდაციას აძლევენ, რომელიც, მათი აზრით, თანატოლებს დააინტერესებთ. მათი თანატოლები კი  პროექტის "ფეისბუკის" გვერდზე, რომელსაც 12 000 ლაიქერი ჰყავს, განიხილავენ ამ წიგნებს და თავიანთ მოსაზრებებსა და შთაბეჭდილებებს უზიარებენ ერთმანეთს.

აღსანიშნავია, რომ Lიბერტეენს-ის იუბილე და წიგნის ფესტივალის დახურვის დღე ერთმანეთს დაემთხვა - 31 მაისს "პალიტრა L"-ის ახალგაზრდულ პროექტს ერთი წელი უსრულდება. სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად გამომცემლობამ გადაწყვიტა, თინეიჯერებისთვის კოსტიუმირებული კარნავალი მოეწყო. რაც მთავარია, ვინც 31 მაისს კარნავალზე დრესკოდს დაიცავს და "პალიტრა L"-ის სტენდს საკარნავალო კოსტიუმითა თუ ატრიბუტიკით ესტუმრება, მსოფლიო ბესტსელერის, ლუის ლოურის "გამღების" შეძენას ფასდაკლებით შეძლებს.

თიკო ფეიქრიშვილი, "პალიტრა L"-ის პროექტების მენეჯერი: "წიგნის საერთაშორისო ფესტივალებზე, მაგალითად თუნდაც ფრანკფურტსა  და ლაიფციგში ფესტივალის დახურვის დღეს კოსტიუმირებული კარნავალი ეწყობა, რომელშიც მონაწილე საზოგადოება წიგნის პერსონაჟებს განასახიერებს და გმირებზე შთაბეჭდილებებს ირგვლივ მყოფთ ამ ფორმით უზიარებს. თბილისში კარნავალის მოწყობის იდეა სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებით გადავწყვიტეთ. დარწმუნებული ვარ, კარნავალში მონაწილეობას უამრავი თინეიჯერი მიიღებს. რაც მთავარია, კარნავალზე ახალგაზრდებს არა მხოლოდ წიგნის პერსონაჟების, საყვარელი კომპიუტერული თამაშებისა თუ მულტფილმების გმირების განსახიერებაც შეუძლიათ. ვინც შესაბამისი კოსტიუმით მოსვლას ვერ შეძლებს, მათ საკარნავალო ატრიბუტებს უფასოდ გადავცემთ".

რუსუდან შელია