ციცქას ნამუშევრები თბილისის ისტორიის მუზეუმში - კვირის პალიტრა

ციცქას ნამუშევრები თბილისის ისტორიის მუზეუმში

ციცქა ქართული ვაზის ჯიშია, რომლის ხსენებაზეც ქართული ღვინო გაგახსენდება კაცს... მაგრამ ციცქა მხატვარსაც ჰქვია - ზაზა ციცქიშვილს, რომელიც ჩვენს ქალაქში ცხოვრობს და ალბათ, მოსწონს კიდეც თავისი სახელი, რომელიც მეგობრებმა შეარქვეს.

მან ზუსტად იცის, რას ნიშნავს ვაზი საქართველოსთვის, არაერთხელ გაჰყოლია ფიქრებს წარსულისკენ, სადაც, ჯერ კიდევ ისტორიის გარიჟრაჟზე, ველურ ვაზს დაპატრონებული ადამიანები სწორედ აქ, ჩვენს მიწაზე ცდილობდნენ ამ ჯადოსნური მცენარის "მოშინაურებას"...

ინტუიცია უბიძგებს, რომ საწყისი იმ შორეულ ფესვებში ეძებოს. მისი პორტრეტები, როგორც ქვის ხანის ადამიანები, ისე იკვეთებიან ფერებიდან. მათი უხეში, თითქოს გამოჩორკნილი ნაკვთები და მძიმე დარდი, რომელიც თან სდევთ, წარსულშიც და აწმყოშიც ერთიანად გახედებს და ადამიანის უმწეობასა და შესაძლებლობებს ერთდროულად გაჩვენებს...

"მხოლოდ ინტუიცია" ჰქვია მხატვარ ზაზა ციცქიშვილის გამოფენას, რომელიც თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა.

შეულამაზებელი გრძნობა მხატვარმა ასევე შეულამაზებლად გადაიტანა ტილოზე, ამიტომაც მისი ნამუშევრები გაკვირვებს. შემთხვევითი არ არის, რომ მის პორტრეტებს სიმარტივით გამორჩეულს”უწოდებენ. არც ის არის შემთხვევითი, რომ ეს ამაღლებული სიმარტივე სხვადასხვა ქვეყნის კერძო და კორპორაციულ კოლექციებშია დაცული, მათ შორის "დოიჩე ბანკისა" და "დრეზდენ ბანკის" კოლექციებშიც...

ზაზა ციცქიშვილის ნამუშევრები თავიანთ თავგადასავალსა და სიცოცხლეს ქმნიან... საგამოფენო დარბაზის სიღრმეში თითქოს ფეთქავს თეთრი ძაღლი, რომელიც შავ ფონზე დაუხატავს მხატვარს. ამ სურათთან ბავშვებიც დიდი ხალისით მიდიოდნენ... მხატვარმა მთავარ მიზანს მიაღწია, ინტუიციურად გააცოცხლა ყველა ფიქრი და ეს დამთვალიერებელმაც იგრძნო.

შემთხვევითი არ არის, რომ ზაზა ციცქიშვილს ციცქას ეძახიან: ძალიან ქართული სახელია, ქართული ვაზის ჯიშსაც რომ ჰქვია და შუშხუნა ღვინოსაც, რაც დრო გავა, კიდევ მეტად რომ ეხვეწება გემო და ფერი...