"მაქვს კასეტები, თუ როგორ უთვალთვალებენ გამსახურდიას..."
01-06-2015
"მაქვს კასეტები, თუ როგორ  უთვალთვალებენ გამსახურდიას..."
თემის გაგრძელება

"ქალი არ ვიყო, თუ არ ვიყიდო კრწანისის  რეზიდენცია და შევარდნაძე მამათში არ "გადავასახლო"

"ქონება სოლიდური მაქვს. ამ თანხის მეათედიც არ გააჩნია არავის საქართველოში, მილიარდებზეა ლაპარაკი"

"ამდენი ჭორი გავრცელდა ჩემზე, ლეგენდები დადის, მაგრამ მე არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია"


ვაგრძელებთ ინტერვიუს მადლენა ზვორ­იკინა-ბერძენიშვილთან, "სისხლიან მადლენად" წოდებულ ქალთან, რომელსაც უამრავ დანაშაულს უკავშირებენ.

- იქნებ გვიამბოთ თქვენ შესახებ, ამბობენ, რომ გურჯაანელმა ქალმა გიშვილათ.
- დედაჩემი ფრანგი იყო, მამამ ჰოსპ­იტალში გაიცნო, სადაც ნეიროქირურგად
მუშაობდა... დედა ადრე გარდამეცვალა, მამამ ჩემი არსებობა არ იცოდა. დედას ექთანმა გურჯაანში წამიყვანა. მასთან 2 წლამდე ვიზრდებოდი. მერე ისიც დაიღუპა და მისმა დამ უპატრონო ბავშვთა სახლში მიმიყვანა. იქიდან კი გურჯაანის მთავარმა­ აგრონომმა, შვილმკვდარმა ქალმა, ბაბულია თავდგირიძემ მიშვილა. სკოლის დამთავრებისთანავე ძალით გამათხოვეს, 15 წლისას უკვე შვილი
მყავდა. ჩემი მეუღლე გვარად მათიაშვილი იყო, ძალიან ვუყვარდი. ჩემი გამზრდელი დედა კარგი ადამიანი, უაღრესად კულტურული ქალი იყო. არასდროს უთქვამს, რომ ნაშვილები ვიყავი. სულ ამბ­ობდა, ჯერ დაგკარგე და მერე გიპოვეო. მერე მეზობელი ბავშვებისგან გავიგე, ნაშვილები რომ ვიყავი. გათხოვების შემდეგ გამოჩნდა მამაჩემი, პავლე ბერძენიშვილი (რესპუბლიკის პროკურორი 70-იან წლებში). ვინც გამაშვილა, იმან თურმე მამას საბუთები მიუტანა, არ მინდა ეს ცოდვა წავიღო­ ამ ქვეყნიდან, მე გავაშვილე შენი შვილი და მას მარტო თავისი სახელი დავუტოვეო. მადლენა დედამ დამარქვა. მამა მაშინვე ჩამოვიდა კახეთში და მომძებნა. თავიდან შეხვედრაზე უარი ვთქვი, არ მინდოდა, ბაბულიას გული სტკენოდა. მაგრამ მერე მამა მაინც გავიცანი. რომ გაიგო ბაბულიამ, ერთი კვირა ლოგინიდან არ ამდგარა... მიჭირდა მამის დაძახება, რადგან ძალიან გვიან გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში... 22 წლისა დავქვრივდი და დავრჩით მე და ჩემი შვილი ნონა.

- გურჯაანში მუსიკის მასწავლებლად მუშაობდით, პედაგოგი ქალი "მხედრიონში" როგორ აღმოჩნდით?

- მოსკოვში წასვლამდე 16 წელი გურჯაანის საშუალო სკოლაში მუსიკის და რუსულის მასწავლებლად ვიმუშავე. არც "მხედრიონთან" მაკავშირებდა რამე, მაშველთა კორპუსის წევრი კი ნამდვილად ვიყავი...
1989 წლიდან მოსკოვში საკუთარი ფირმა მქონდა. ამერიკიდან ჩამომქონდა სიგარეტები, დიდი ფულის პატრონი ვიყავი. ძალიან კარგი ბიზნესი ავაწყვე. მამამაც დამიტოვა ქონება.

- თქვენ პირველად სპეკულაციის ბრალდებით დაგაკავეს.
- მოსკოვიდან ჩამოსული შევარდნაძის ბრძა­ნებით დამაკავეს. 15 დღე მაყურყუტეს ციხეში. მერე მამაჩემი ჩამოვიდა და გამათავისუფლეს.

-  მამის გვარზე როდის გადახვედით?

- მამაჩემის გვარი არასოდეს მიტარებია. როცა მიშვილეს, გამზრდელმა თავისი გვარი მომცა - თავდგირიძე. მერე მეუღლის გვარზე გადავედი, მათიაშვილად დავეწერე. მამაჩემის გვარი, ბერძენიშვილი, პროკურატურამ მომაწერა. მოგვიანებით, მოსკოვში მეორედ გავთხოვდი ზვორიკ­ი­ნზე. მოსკოვში ავიღე ახალი პასპორტი, მადლენა სოფრომის ასული (სოფრომი ბაბულიას მეუღლე იყო, რომელიც 37 წელს გადაასახლეს) ზვორიკინა გავხდი.­ ჩემი მეუღლე არქიტექტორია. ამჟამად ამერიკაშია.

თბილისში ბინები, მოსკოვის ბინა, ბიზნესები, ბანკებში ფული, მადლენა სოფრომის ასულ ზვორიკინას სახელზეა რეგისტ­რირებული. ერთ დღეს შვეიცარიიდან ჩამ­ოსულს ორი პოლიციელი დამადგა, პასპორტი მომთხოვეს, უნდა შევამოწმოთო. მერე მომიტანეს შეცვლილი პასპორტი, სადაც­ ეწერა მადლენა პავ­ლეს ასული ზვორიკინა-ბერძენიშვილი,­ ნამდვილი მამის გვარ-სახელი ჩამიწერეს. თუ არ გინდათ, თაღლითობაში ბრალი დაგდოთ და დაგიჭიროთ, ნამდვილი მამის სახელი უნდა ატაროთო. 1994 წლიდან ძველი მონაცემების დაბრუნებას ვითხოვ, რათა ჩემი ქონება დავიბრუნო, მაგრამ დღემდე ვერაფერს მივაღწიე.
შევარდნაძემ გააკეთა ეს ყველაფერი. მან ასეთი მეთოდებით იძია მამაჩემზე შური. ის მამასთან ძალიან დაპირისპირებული იყო. მამას დიდი კომპრომატი ჰქონდა მასზე. შევარდნაძემ ბევრჯერ სცადა მამაჩემის მოშორება, მაგრამ არ გამოუვიდა.

- ამბობენ, რომ თქვენ ზვიად გამსახურდიასაც იცნობდით.
- 1989 წელს ზვიად გამსახურდია მოსკოვში ჩამოვიდა, ქართველი დიასპორა შეგვკრიბა. გვითხრა, ვისაც უყვარს სამშობლო, საქართველოში დაბრუნდესო. მეც ჩამოვედი და ჩამოვიტანე დიდი ფული, მაშინ გავხდი კახეთის გუბერნატორი. ჩემი მოადგილე მედიკო მეზვრიშვილი იყო. 

- თუ გამსახურდიასთან იყავით, მერე ჯაბა იოსელიანის გვერდით როგორ აღმოჩნდით?
- მთავრობის სახლში შემხვდა შევარდნაძე და მითხრა, ამხელა თანამდებობა გაქვს და მოვალეობას რატომ არ ასრულებო. ვინც ეს თანამდებობა მომცა, ის გაქცეულია, მე ვის ვემსახურო-მეთქი. ახლა ჯაბა იოსელიანი არის დროებითი მთავრობაო. მერე ჯაბას მიუბრუნდა, დაწერე ბრძანება, რომ ისევ იმუშაოს გუბერნატორადო. მაშინ ვუთხარი, მე მეზვრიშვილთან ვერ ვიმუშავებ-მეთქი, მითხრა, ის იქ აღარ არისო­. ჯაბა შევარდნაძემ გამაცნო. მაშინ მათ შევთავაზე, შემიძლია კანადიდან უფასოდ ხორბალი ჩამოვიტანო-მეთქი. 25 000 ტონა ხორბალი ისე ჩამოვიტანე, ერთი კაპიკი არ გამომირთმევია, მერე შევარდნაძემ და სიგუამ დაიბრალეს ხორბლის შემოტანა. მარტო ის მოვა­ხერხე, რომ კახეთში უსასყიდლოდ დავარიგე ხორბალი. "მადლენას პური" შეარქვა ხალხმა. ეს 1993 წელი იყო. გაჭირვებული ხალხის რიგი იდგა ჩემს კაბინეტთან. მერე გუბერნატორობიდან წავედი. ერთ დღეს ჯაბამ დამიბარა და მითხრა, სოხუმის მერთან ურთიერთობაში დამეხმარეო. გაბისკირია მაშინ სოხუმის მერი იყო. ჯაბას არძინბასთან შეხვედრა სურდა.

- თქვენ რა უნდა გაგეკეთებინათ?

- ადლერში ჩავფრინდი და შევხვდი გაბისკირიას, შეხვედრის დაგეგმვაში დახმარება ვთხოვე. რამდენიმე დღეში დამირეკა, არძინბას შევარდნაძესთან შეხვედრა არ უნდა, ჯაბას კი შეხვდებაო. მოკლედ, შეხვედრა შედგა. მოლაპარაკება უნდა დაწყებულიყო იმაზე, რომ საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო აფხაზეთი. მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ, როცა არძინბას აცნობეს, სოხუმი დაბომბეს, შევარდნაძემ ჯარი სოხუმში შეიყვანაო. გამწარებული წამოხტა არძინბა და იყვირა, სოხუმიდან სპეციალურად გამომიტყუესო. ჯაბამაც თავი მოტყუებულად იგრძნო და მოლაპარაკება ჩაიშალა. ჯაბამ საბუთები მაგიდაზე დატოვა და მითხრა, შეინახე შვეიცარიის ბანკშიო. გადმომცა კასეტებიც, სადაც ჯაბასა და შევარდნაძის საუბარია ჩაწერილი. ერთმანეთს არ ენდობოდნენ და საუბ­რებს იწერდნენ. როგორ უთვალთვალებდნენ ზვიად გამსახურდიას, მის ყოველ გადაადგილებას, ეს ჩანაწერებიც არსებობს, ეს კასეტები დღესაც ინახება შვეიცარიის ბანკში.

- რუსეთის ციხიდან როდის გამოხვედით?
- 2003 წელს, მას მერე მოსკოვში ვცხოვრობდი. 2014 წლის 19 მარტს ჩვეულებრივ შემოვედი საქართველოში, არავის დავუკავებივარ აეროპორტში. სამი კვირა აქ ვიყავი, აქედან აზერბაიჯანში წავედი, ალიევებთან მქონდა საქმე და წითელ ხიდზე აზერბაიჯანელებმა როგორც ძებნილი დამიჭირეს. 

- ალიევებთან რა საქმე გქონდათ?

- ჰეიდარ ალიევი მამაჩემის კარგი მეგობარი იყო. ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობდით. ალიევების მოსანახულებლად მივდიოდი ბაქოში, იქიდან ისევ საქართველოში ვაპირებდი დაბრუნებას, რომ საბუთები მომეწესრიგებინა. დაბადების მოწმობის აღდგენაზე საბუთები შეტანილია. მთელი გურჯაანი დამიდგება მოწმედ, რომ მე ვეწერე სოფრომის ასულად და არა პავლეს ასულად. შეჩერებული უფლებები უნდა აღვიდგინო. დიდძალ ქონებას ვერ განვაგებ პასპორტის შეცვლის გამო, მაგრამ სამ თვეში ერთხელ სხვა საქმიდან 100 ათასი ევრო, ჩემი წილი, მაინც მომდის...

- უმძიმესი ბრალდება გქონდათ წარდგენილი, ელოდით გათავისუფლებას?
- 9 თვის თავზე სასამართლო დარბაზიდან გამათავისუფლეს. ვიცოდი, ვერაფერს დამაბრალებდნენ, სხვა ბრალსაც ვერ წამიყენებდნენ...

- ამბობთ, რომ დიდძალი ქონების პატრონი ხართ. რა ქონებას ფლობთ?
- ქონება სოლიდური მაქვს. ამ თანხის მეათედიც არ გააჩნია არავის საქართველოში, მილიარდებზეა ლაპარაკი.

- რას აპირებთ, სასამართლოს შემდეგ ისევ რუსეთში დაბრუნდებით?

- მინდა საქართველოში ვიცხოვრო. აქ არის ჩემი ოჯახის წევრების საფლავები, აქ არიან ჩემი ახლობლები. სანამ საბუთებს არ გავაკეთებ, საქართველოდან არ წავალ.

- ბიზნესსაქმიანობას ახლაც აგრძელებთ?
- არა, რაც მაქვს, ის ეყოფა მთელ ჩემს შთამომავლობას.

- რას ნანობთ ყველაზე მეტად?
- რატომ მოხდა, რომ ამხელა დანაშაულები დამაბრალეს? ვფიქრობ, მამა რომ არ გამოჩენილიყო, უფრო კარგად წავიდოდა ჩემი საქმე. თუმცა, მამაჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამას ვერ გამიბედავდა შევარდნაძე. მე ქალი არ ვიყო, თუ არ ვიყიდო კრწანისის რეზიდენცია და შევარდნაძე მამათში არ "გადავასახლო". დიდი ქონება წამართვეს. ჩემი ბინები დაიტაცეს. გურჯაანში დიდი სახლი მედგა, ისიც დაანგრიეს.
ფაქტი ერთია - ამდენი ჭორი გავრცელდა ჩემზე, ლეგენდები დადის, მაგრამ მე არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია.


დასაწყისი იხილეთ


თეა ხურცილავა
lolukebi
13 სექტემბერი 2015 16:20
გუჯნელებო, დაწერეტ ერტი სიმარტლე ამ ქალზე, მე კი ერტი ქოსა ტყუილა მგონია ისევ ტავისივე მონატხრობიდან, ანდა გიჯი უნდ იყოს ისეტებს ამბობს
d
25 აგვისტო 2015 10:34
ჩვენს გადაგვაგოდ, ჩვენი ნივთი გაიტაცა და წავიდა. ვეძებ ამ ჟურნალისტს რომ დაწეროს.
999
23 ივლისი 2015 00:19
ბერძენიშვილი პავლე ეპიფანეს ძე
დეპუტატი ორხევის ¹72 საარჩევნო ოლქიდან
პავლე ეპიფანეს ძე ბერძენიშვილი დაიბადა 1912 წელს მახარაძის რაიონის სოფელ ბახვში.
პ. ე. ბერძენიშვილი 1941 წლიდან 1963 წლამდე მუშაობდა სამხედრო იუსტიციის ორგანოებში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
1961 წლის მაისში პ. ე. ბერძენიშვილი დააწინაურეს საქართველოს სსრ პროკურორად.
პ. ე. ბერძენიშვილი პრინციპული თავმდაბალი მუშაკია, რესპუბლიკის პარტიულ და საბჭოთა აქტივში ავტორიტეტით სარგებლობს.
პ. ე. ბერძენიშვილი სკკპ წევრია 1941 წლიდან. დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავის ორდენით, ხუთი მედლით და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

რედაქტორის რჩევით