დაუსრულებელი ტრაგედია - 11 წლის გოგონამ დედა, მამა და 6 წლის ძმა დაკარგა - კვირის პალიტრა

დაუსრულებელი ტრაგედია - 11 წლის გოგონამ დედა, მამა და 6 წლის ძმა დაკარგა

16 წლის ნიკას, 10 წლის გიორგის, 8 წლის მიშიკოს, 6  წლის მერიკოსა და 11 წლის მარიამის ყველაზე დიდი ოცნება უსაფრთხო სახლია

როცა მარიამს მშობლები და პატარა ძმა ენატრება, კედელზე ჩამოკიდებულ შავ ჩარჩოში ჩასმულ ფოტოებს საწოლზე აწყობს და თვალები ცრემლით ევსება...

ზაჰესის პირველ უბანში ერთი პატარა ლამაზი გოგონა ცხოვრობს. 11 წლის მარიამის დიდი და სევდიანი თვალების მიღმა ტკივილი და მონატრება იმალება. თანატოლების მსგავსად, სკოლაში დადის, თამაშობს, ერთობა... სხვებისგან თითქოს არაფრით განსხვავდება, მაგრამ როცა მშობლები და პატარა ძმა ენატრება, კედელზე ჩამოკიდებულ შავ ჩარჩოში ჩასმულ ფოტოებს საწოლზე აწყობს და თვალები ცრემლით ევსება...

2007 წლის 25 დეკემბერს ზაჰესიდან შინ ავტომობილით მომავალ მარიამის 26 წლის მამას, 6 წლის ძმასა და მამის ოთხ მეგობარს ტრაილერი შეეჯახა... ექვსივე მგზავრი დაიღუპა... რამდენიმე თვის წინ გოგონას დედას სიმსივნის მეოთხე სტადია დაუდგინეს. დიაგნოზის დასმიდან ორ თვეში მარიამმა დედაც დაკარგა... ახლა გოგონა ბებიასთან, მამიდასა და ოთხ მამიდაშვილთან ერთად პატარა ფიცრულში ცხოვრობს...

"კვირის პალიტრა" ყალიონაშვილებს ესტუმრა. 57 წლის დიასახლისი იმ საბედისწერო დღეს იხსენებს, როდესაც შვილი და შვილიშვილი დაკარგა...

მარინა ყალიონაშვილი, მარიამის ბებია: - ზაჰესში ვცხოვრობდით. 2001 წელს სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, ოპერაციისთვის საჭირო თანხა რომ ვერ მოვაგროვეთ, ბინა გავყიდეთ. დარჩენილი თანხით მეუღლემ ზაჰესში პატარა მიწის ნაკვეთი შემოღობა და სამოთახიანი ფიცრული ააშენა. რა ვიცოდი, რომ წინ კიდევ უფრო დიდი უბედურება მელოდა...

2007 წლის 25 დეკემბერს ღორი დავკალით. ჩემი ვაჟი ზაჰესში მეგობრების წამოსაყვანად წავიდა. მანქანაში თავისი 6 წლის ბიჭი ჩაისვა. რომ დაიგვიანეს, მოსვენება დავკარგე. ეზოში დავდიოდი, გზას გავყურებდი. შებინდებისას მეზობელი ქალები მოვიდნენ. დამინახეს და უკან გაბრუნდნენ. გავეკიდე - რატომ გატრიალდით, რას მიმალავთ-მეთქი. ერთმა ამოილუღლუღა, - ავარია მომხდარაო... მერე არაფერი მახსოვს.

შვილი და შვილიშვილი გვიან ღამით მომისვენეს შინ. ზაჰესიდან მომავლებს ხიდის ქვეშ ტრაილერი დაეჯახათ და ექვსივე იქვე მოკლა... მანქანა ისეთი დაჭყლეტილი იყო, სავარძლის ქვეშ შევარდნილი ექვსი წლის ბავშვის ცხედარი ნაწილ-ნაწილ გამოიღეს...

მარიამი მაშინ ოთხი წლის იყო.

ამ უბედურების შემდეგ მეუღლემ სმა დაიწყო და სამი წლის შემდეგ დაიღუპა. ჩვენ კი თურმე კიდევ ერთი უბედურება გველოდა. მარიამის დედას სიმსივნის მეოთხე სტადია დაუდგინდა და ორ თვეში გარდაიცვალა... მარიამს ახლა აღარც დედა ჰყავს, აღარც მამა, აღარც ძმა... ონკოლოგიურიდან რომ დავბრუნდით, ჩემმა ქალიშვილმა უთხრა, - მარიამ, დედა აღარ არისო...

ბავშვს მხოლოდ ეს სიტყვები აღმოხდა: -„რა დავაშავე ასეთი, არც მამა, არც ძმა და ახლა უკვე აღარც დედა“მყავსო...

სახლი ყოველ წუთს შეიძლება დაინგრეს

ფიცრულს, რომელსაც ძნელია, სახლი უწოდო, ერთ მხარეს ბოძები აქვს შეყუდებული. საფეხურებზე ფრთხილად ავდივარ, რომ არ ჩაინგრეს.

წლებია, ყალიონაშვილების ოჯახის ყველა წევრმა იცის, რომ სახლში ყოველი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. პატარები აქ თამაშს ერიდებიან.

მარინა ყალიონაშვილი: - საჭაშნიკეში ღვეზელებს ვაცხობდი, მაგრამ გულის მანკი მაქვს და ახლა მუშაობას ვეღარ ვახერხებ. ეს ავადმყოფობა რომ დამიდგინეს, მითხრეს, თუ გინდა, რომ იცოცხლო, სისტემატურად უნდა მიიღო წამალიო. ჩემი ბიჭი ტაქსაობდა და, ასე იყო თუ ისე, არც საჭმელი გვაკლდა და არც წამალი. ახლა წამალი არ ვიცი, რა არის. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარების 348 ლარია, მაგრამ სახლის გასამაგრებლად წინასწარ გამოვიტანეთ თანხის ნაწილი და ახლა ამ დახმარებასაც სრულად ვეღარ ვიღებთ. არის დღეები, როცა ბავშვებს ჩაისა და პურის გარდა არაფერი აქვთ. ჩვენი ძირითადი საჭმელი მაკარონი და კარტოფილია.

ახლა ყველაზე მეტად სახურავი გვაწუხებს, ავდარში როგორც გარეთ, შიგნითაც ისე წვიმს. არ გვაქვს საწოლები, ერთ საწოლში რამდენიმეს გვძინავს.

- ადგილობრივ ხელისუფლებას თუ მიმართეთ დახმარებისთვის?

- სახლის გამაგრებაზე მერიაში დავწერეთ განცხადება, მაგრამ უარი გვითხრეს - მცხეთის ტერიტორიაზე ცხოვრობთ და ვერ დაგეხმარებითო. მცხეთის გამგეობიდანაც უარი მივიღეთ - საბუთი მოგვიტანე, რომ ნამდვილად მცხეთას ეკუთვნის ის ტერიტორია, სადაც თქვენ ცხოვრობთო. იმის გამო, რომ ჩვენ არც ამ სახლის მეპატრონეები ვართ და არც მიწის ნაკვეთია ჩვენი, ჰაერში ვართ გამოკიდებულები. პრივატიზაციაზეც გვქონდა განაცხადი შეტანილი. იმაზეც უარი გვითხრეს...

- ვინ დაგინიშნათ სოციალური დახმარება?

- მცხეთის გამგეობამ. რამდენჯერმე ვიკითხეთ, თუ მცხეთას არ ვეკუთვნით, რანაირად გვაძლევთ დახმარებას-მეთქი?..

თეა ყალიონაშვილი, მარიამის მამიდა: - როდის გამოგვასახლებენ, არ ვიცით. პირადობის მოწმობაში ზაჰესის ძველი ბინის მისამართი გვიწერია, თუმცა, ჩაწერილები აღარსად ვართ.

უფროს ვაჟს პირადობის მოწმობა იმის გამო არ მისცეს, რომ არსად არის ჩაწერილი.

რამდენიმე წლის წინ შეტყობინება მოგვივიდა მცხეთის გამგეობიდან, უკანონოდ ხართ შეჭრილები და უნდა დატოვოთ ტერიტორიაო.

ერთი თვის წინ თირკმლის ოპერაცია გავიკეთე. სრულად ვერ დაფინანსდა და იმის გამო, რომ თანხის ნაწილი ვერ გადავიხადე, საავადმყოფოდან ვერ გამოვდიოდი. ბოლოს, რომ მიხვდნენ, საშუალება არ მქონდა, გამომიშვეს.

- როგორც მრავალშვილიანი დედა, დახმარებას იღებთ?

- არა, მცხეთის გამგეობას რომ მივმართე, მითხრეს, ეს პროგრამა ჩვენ არ გვაქვსო.

- მეუღლე რას საქმიანობს?

- 12 მაისს გამოვიდა ციხიდან. სამუშაოს ეძებს, მაგრამ...

- ოჯახში რამდენი წევრი ხართ?

- მე, დედაჩემი, ჩემი ოთხი შვილი, ძმისშვილი და ჩემი მეუღლე. არც ერთი არ ვმუშაობთ. ბავშვები სკოლაში ზაჰესში დადიან. ერთი წელია, რაც განათლების სამინისტრომ ავტობუსი დანიშნა, მანამდე სამ კილომეტრს ფეხით გადიოდნენ.

უფროსი ვაჟი მეცხრე კლასიდან გამოვიყვანე, ტანსაცმელი არ ჰქონდა, რომ სკოლაში ევლო. ახლაც სხვისი გამონაცვალით დადიან.

16 წლის ნიკას, 10 წლის გიორგის, 8 წლის მიშიკოს, 6 წლის მერიკოსა და 11 წლის მარიამის ყველაზე დიდი ოცნება უსაფრთხო სახლია. უდედმამოდ დარჩენილი გოგონა კი გორგოლაჭებსა და კომპიუტერს ნატრობს...

სიუჟეტი ამ თემაზე იხილეთ "პალიტრა TV"-ზე

თორნიკე ყაჯრიშვილი