თამარ თუმანიშვილი - პრიმაბალერინა, ჯორჯ ბალანჩინის, ალფრედ ჰიჩკოკისა და ჯოზეფ კორნელის შთაგონების წყარო - კვირის პალიტრა

თამარ თუმანიშვილი - პრიმაბალერინა, ჯორჯ ბალანჩინის, ალფრედ ჰიჩკოკისა და ჯოზეფ კორნელის შთაგონების წყარო

ამერიკაში - "შავი მარგალიტი",  საბჭოეთში - პერსონა ნონ გრატა

თამარ თუმანიშვილის ბიოგრაფიითა და კარიერით მაშინ დავინტერესდი, როდესაც შემთხვევით მისი და გრეგორი პეკის ფოტოს წავაწყდი. ამის შემდეგ კი შევიტყვე, რომ ფოტო, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო, 1944 წელს ჰოლივუდში, ფილმ "დიდების დღეების" გადასაღებ მოედანზეა გადაღებული. ამ ფილმში მთავარ როლებს გრეგორი პეკი და თამარ თუმანიშვილი ასრულებენ.

თამარ თუმანიშვილის, იმავე თამარა თუმანოვას, საბალეტო და სამსახიობო კარიერა XX საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო. ევროპისა და ამერიკის საბალეტო სამყარო მას "შავ მარგალიტს" უწოდებდა. თამარ თუმანიშვილი საბჭოეთში პერსონა ნონ გრატად ითვლებოდა. ის ყოველთვის ამბობდა, რომ ქართველი თავადი იყო. საშუალება მომეცა თამარ თუმანიშვილის ნათესავს, ჩვენს თანამემამულე გია ფხაკაძეს გავსაუბრებოდი.

- თუმანიშვილების ის შტო, რომელსაც ჩემი და თამარის საერთო წინაპარი მიეკუთვნებოდა, გორის რაიონის სოფელ ხელთუბნიდანაა... თამარის დედა, ევგენია თუმანიშვილი, 17-18 წლისა იყო, ცოლად რომ გაჰყვა სამხედრო ექიმ კონსტანტინე ზახაროვს.

- რატომ ატარებდა თამარი თუმანიშვილის გვარს?

- კონსტანტინე ზახაროვი რუსი იყო. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, სანამ თამარი მოევლინებოდა ქვეყანას, ცოლთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. იქ რა მოხდა, ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ ეს კაცი გარდაიცვალა. ამის შემდეგ ფეხმძიმე ევგენია ომსკიდან გაიქცა იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ბოლშევიკებს გაერიდა ჩინეთში. სასოწარკვეთილ ფეხმძიმე ქალს ომსკიდან შანხაისკენ მიმავალ მატარებელში ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. მშობიარეს ერთ-ერთმა მგზავრმა, ექიმმა ვლადიმირ ხასიდოვიჩმა უპატრონა. ევგენიას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც თავისი გვარი მისცა და თამარი უწოდა. ასე მოევლინა ქვეყანას თამარ თუმანიშვილი 1919 წლის 2 მარტს. რაც შეეხება ვლადიმირ ხასიდოვიჩს, ის მომავალში ევგენია თუმანიშვილის მეორე  მეუღლე გახდა...

თუმანიშვილები ჩინეთში დიდხანს არ გაჩერებულან - ეგვიპტეში გაემგზავრნენ და დროებით კაიროს ლტოლვილთა ბანაკში დასახლდნენ, იქიდან კი პარიზისკენ აიღეს გეზი. სწორედ პარიზში იწყება თამარის საბალეტო კარიერა. მისი პედაგოგი, ასევე ემიგრანტი, ცნობილი რუსი ბალერინა ოლგა პრეობრაჟენსკაია გახლდათ. თამარის დებიუტი 10 წლის ასაკში შედგა პარიზის ოპერის სცენაზე. პრეობრაჟენსკაიას სტუდიაში სწავლისას გოგონამ გაიცნო ახალგაზრდა დამწყები ქორეოგრაფი გიორგი ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინი). სწორედ ამ სტუდიის სამი ახალგაზრდა ბალერინა შეარჩია ბალანჩივაძემ და შექმნა ტრიო, რომელსაც "ბეიბი ბალერინა" უწოდა. შემდგომში თამარი ბალანჩინის მუზა გახდა. სწორედ მას უძღვნა ჯორჯ ბალანჩინმა ბალეტები: "ბროლის სასახლე", "კოტილიონი"... თამარი თავისი ხელოვნებითა და გამორჩეული გარეგნობით ბევრს ხიბლავდა. მალე პრიმაბალერინა გახდა.

- გარდა დედისგან მიცემული გვარისა, რა აკავშირებდა მას საქართველოსთან?

- თამარს საქართველო არასდროს უნახავს, მაგრამ ევგენიამ მას ამ ქვეყნის სიყვარული ჩაუნერგა და ტრადიციებსაც აზიარა. თამარი ყველგან აღნიშნავდა, რომ ქართველი თავადი იყო. მხოლოდ ერთხელ, როდესაც პარიზიდან ამერიკაში გაემგზავრა, საზღვრის გადაკვეთისას, თამარი მამინაცვლის, ხასიდოვიჩის გვარით დაფიქსირდა (1943 წ). სწორედ ამ საბუთს იშველიებენ, როცა თამარ თუმანიშვილის არაქართულ წარმოშობაზე წერენ. მიმაჩნია, რომ ეს სასურველი მოქალაქეობის მოსაპოვებლად გააკეთა, რადგან შეღავათებთან იყო დაკავშირებული. აშშ-ის მოქალაქეობის მიღებიდან მალევე თამარმა თავისი გვარი დაიბრუნა. მისი ჰოლივუდური კარიერა თამარა თუმანოვას სახელით ვითარდება. 1944 წელს გადაიღეს გრეგორი პეკთან ერთად ფილმში "დიდების დღეები", შემდეგში ანა პავლოვას როლი შეასრულა ფილმში "დღეს საღამოს ჩვენ ვიმღერებთ", იყო ჰიჩკოკის პერსონაჟიც, ფილმში "დახეული ფარდა" და სხვა.

თამარსა და მის მეუღლეს, "დიდების დღეების" სცენარის ავტორს, კეისი რობინსონს შვილები არ ჰყოლიათ, წყვილი მალე განქორწინდა.

თამარს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ცნობილი მხატვარი ჯოზეფ კორნელი წლების განმავლობაში სწერდა სასიყვარულო ბარათებს. თამარი მისი არაერთი ფერწერული ტილოს მუზა ყოფილა. ქალს ხატავდნენ ცნობილი მხატვრები ჟოან მირო და კრისტიან ბერარი.

- თამარ თუმანიშვილისა და გრეგორი პეკის რომანზეც იწერებოდა...

- ისინი მხოლოდ საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ცნობილია, რომ მას ჯორჯ ბალანჩინმა სთხოვა ცოლობა, თუმცა, ევგენიამ ხელი შეუშალა თამარისა და ბალანჩინის ერთად ყოფნას ასაკობრივი სხვაობის გამო. ამის მიუხედავად, მათი მეგობრობა არ შეწყვეტილა. ჩვენს ოჯახში თამარის გამოგზავნილი უამრავი ფოტო ინახება. მათ შორის არის თამარისა და ჯორჯ ბალანჩინის აუზში გადაღებული ფოტოც.

- თქვენი ოჯახი თუ ურთიერთობდა ამერიკელ თუმანიშვილებთან?

- მეორე მსოფლიო ომის დროს ამანათებს გზავნიდნენ თამარი და ევგენია ლოს-ანჯელესიდან. მერე კარგა ხნით შეწყდა ჩვენ შორის კავშირი. 60-იან წლებში ჩემი დიდი პაპა, ზაქარია ცდილობდა როგორმე აღედგინა ურთიერთობა დასა და დისშვილთან. ამ მიზნით მიმართა მაშინდელ კულტურის მინისტრ ეკატერინა ფურცევას და სთხოვა თამარა თუმანოვასა და მისი საბალეტო დასის ტურნეს მოწყობა საბჭოთა კავშირსა და საქართველოში. შედგა მოლაპარაკება, კონტრაქტიც დაიდო სსრკ-ის გოსკონცერტსა და ამერიკულ მხარეს შორის. თუმცა, ვიზიტი ჩაიშალა - საბალეტო დასმა რკინის კედელი ვერ გაარღვია. ოფიციალურ მიზეზად მხარეებს შორის შეუთანხმებლობა დასახელდა.

70-იან წლებში ჩვენ შორის სატელეფონო კავშირი შედგა. მე მაშინ პატარა ვიყავი. ევგენიასა და თამარს აინტერესებდათ, რამდენი ვართ, როგორ ვართ... ყველაფერი გამოიკითხეს. კარგად მახსოვს ის ზარიც, როდესაც ევგენიას გარდაცვალების ამბავი გვაუწყა თამარმა. ძალიან შეწუხებული იყო. მას ხომ დედაზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. მეუბნებოდა, ყველას შეატყობინე ეს სამწუხარო ამბავიო. რატომღაც ეგონა, რომ მთელი საქართველო იცნობდა მას.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები თამარ თუმანიშვილმა საკუთარ სახლში გაატარა, ბევერლი-ჰილზზე. გარდაიცვალა 1996 წელს. ანდერძის თანახმად, თამარ თუმანიშვილის მთელი ქონება ქველმოქმედებას მოხმარდა. დაკრძალულია დედის, ევგენია თუმანიშვილის გვერდით ლოს-ანჯელესის სასაფლაოზე.

უნიკალური ფოტომასალა

თამარ თუმანიშვილთან დაკავშირებული ყველაზე ძვირფასი მასალა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. საყურადღებოა თამარის ფოტო, მისივე ავტოგრაფით, რომელიც 1966 წლით თარიღდება და მიძღვნილია ამერიკაში მოღვაწე იაპონელი ბალეტმაისტერისთვის. მან საქართველოში იმოგზაურა და ნიშნად პატივისცემისა, ეს ფოტო მუზეუმს გადასცა.

ამ მუზეუმში ინახება "ოსკარის" კინოაკადემიის მარგარეტ ჰერიკის სახელობის ბიბლიოთეკის მიერ საჩუქრად გადმოცემული თამარ თუმანიშვილის ფოტოებიც, მათი ექსკლუზიური გამოყენების უფლებით.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა სალაღაია