დეტალების მთხრობელი მოდერნისტი
01-06-2015
დეტალების მთხრობელი მოდერნისტი
მიყვარს მწერლის თარიღებით შემოსაზღვრა. დაიბადა დუბლინში, გარდაიცვალა პარიზში, ან დაიბადა იერუსალიმში, გარდაიცვალა ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ბელგრადში, თუმცა, დაკვირვებული ვარ, ბელგრადის, თბილისისა და პრაღის მსგავს ქალაქებში დიდი მწერლები იშვიათად კვდებიან. დაბადებით, იცოცხლეთ, იბადებიან, მაგრამ გარდაცვალების რა მოგახსენოთ. როგორღაც დიდი ქალაქებისკენ მიიწევენ ხოლმე, როგორღაც გზაში კვდებიან. წრეს ვერ/არ ასრულებენ, ოდისევსებს ემსგავსებიან, კალიფსოსთან დარჩენილებს. ეს ისე, ლირიკულ გადახვევასავით.

სემიუელ ბეკეტი დუბლინში დაიბადა, პარიზში გარდაიცვალა, ჯერ ინგლისურად წერდა, მერე ფრანგულადაც, მოდერნისტიც იყო, უკანასკნელიო, ამბობენ, და
პოსტმოდერნისტიც, ამჯერად ამაში პირველთა რიგში უწევს ჩადგომა. დიდი მწერლების დარდიც ეგ არის, ყოველთვის ჩარჩოში მოქცევას უპირებენ ხოლმე ადამიანები. აი, ბეკეტი, მაგალითად, სულ დეტალურად არის მისი ცხოვრება შესწავლილი, როდის რა გაიფიქრა, რა თქვა, დაამთქნარა; როდის გადაწყვიტა, ფრანგულად ეწერა, პიესები ეწერა ან ლექსები აღარ ეწერა და ა.შ.
არიან მწერლები, რომლებიც უბრალოდ გიყვებიან ამბავს, და არიან მწერლები, რომლებიც ქმნი­ან მას. ბეკეტი, ალბათ, მეორეთა რიგს უფრო განეკუთვნებოდა. მას ჰქონდა უცნაური უნარი, სრულყოფისკენ მომართულიყო, გამუდმებით სიზუსტისკენ ესწრაფა, იუველირული სიზუსტისკენ. ყველაზე მეტად ბეკეტის ტექსტები საათის ხუფახდილ მექანიზმს მაგონებს, როცა დგახარ და უყურებ, როგორ მოძრაობს ერთად, ერთმანეთის მონაცვლეობით, უამრა­ვი­ დეტალი. და ყურებისას უკვე თავად დროის ათვლა კი აღარ არის მნიშვნელოვანი, არამედ ეს საკვირველი ქანქარი დეტალებისა.

ბეკეტი ,,შემქმნელთა" რიგს მიეკუთვნებოდა-მეთქი, მას სჩვეოდა მოფიქრება წვრილმანებისა, სუყველა წვრილმანის, და მერე მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება, აკი ასე მოექცა საკუთარ დაბადების დღესაც. დღეს მიღებულია და თვითონაც ამგვარად ამტკიცებდა, რომ დაიბადა 1906 წლის 13 აპრილს, წითელ პარასკევს. აი, ოქსფორდის ბრიტანული ლიტერატურის ენციკლოპედიაში კი წერია, რომ კაცმა არ იცის, როდის დაიბადა ბეკეტი და, საერთოდაც, უფრო სავარაუდოა, 13 მაისს დაბადებულიყო, იმავე წლისა, ხოლო თარიღის შეცვლა სწორედ სიმბოლურ ამბავს უნდა უკავშირდებოდეს და ამ მხრივ ბეკეტი გამონაკლისი როდი გახლავთ, ამ მხრივ იგი ჭეშმარიტი მოდერნისტია. ოღონდ მერე და მერე ირონია მეტია მასში, ვიდრე გაორება და დაბნეულობა. ბევრს დაობენ იმაზე, სადაური მწერალია ბეკეტი - ფრანგი, ინგლისელი თუ ირლანდიელი? თავად მასაც ჰკითხეს ერთხელ, ოღონდ ცოტა სხვაგვარად, ინგლისელი მწერალი ხართო (არჩევანის საშუალება არ მიუციათ)? ჰოდა, ამან, პირიქითო, მგონი, ფრანგულად უპასუხა. მხოლოდ ლიტერატურა არ ჰყოფნიდა და საკუთარი თავის შექმნაც სურდა. სომერსეტ მოემი ამბობდა, ხელოვნების ყველაზე სრულყოფილი შედევრი ადამიანის ცხოვრებააო. არ ვიცი, ბეკეტს გამოუვიდა თუ არა, მაგრამ სცადა კი ამ სრულყოფილი ნაწარმოების შექმნა, დაბადების თარიღით დაიწყო, ქვეყნის გამოცვლით გააგრძელა და ენის გამოცვლით, მგონი, რომ დაამთავრა. ბეკეტი ბევრს ფიქრობდა სიტყვებზე, მისი შემოქმედება დუმილისა უფროა, ვიდრე ხმის გაღებისა. მასთან პაუზებია მთავარი, მის პროზაშიც ასეა და პიესებში ხომ - უფრო მეტად. დუმილისა, სადაც ფიქრისთვისაც რჩება კაცს დრო და ჩასუნთქვისთვისაც. როგორღაც მე ეგრე ვფიქრობ, მისი შემოქმედება ჩასუნთქვისა უფროა, ჩასუნთქვისა და მერე ცოტა ხანს სუნთქვის შეკავებისა. სხვაგვარი მწერლებიც არიან, ცხადია, ,,ამოსუნთქვის" მწერლები.

ბეკეტს იზიდავს სიტყვა კონტექსტის გარეშე, სიტყვა თავისთავადი აზრით და არა როგორც სოციალური ურთიერთობის ფორმა და დეტალი, არამედ როგორც სამყაროს აღწერის ცდა, შინაგანი სამყაროსი, ფიქრის უფრო. მისი სიტყვა ,,უთქმელის" მეტაფორა უფროა, უთქმელის ალეგორიულად გამოხატვის ცდა.

კრიტიკოსები ბევრს დაობენ, ვისი გავლენა ჰქონდა ბეკეტს, ვისი და რამდენის. თანხმდებიან, რომ ჯოისის ყველაზე მეტად, კიდევ ერთი ირლანდიელის, კიდევ ერთი საფრანგეთში ,,გაქცეული" ირლანდიელის, კიდევ ერთი ბრიტანელთაგან თავის დროზე უარყოფილი (ვერგაგებული), საფრანგეთში გაქცეული ირლანდიელის. კარგა ხანს შეიძლება გავაგრძელოთ ასე. თავადაც არ უარყოფდა ბეკეტი ამ გავლენას და აღფრთოვანებას ჯოისით. მე კი როგორღაც იგი უფრო დანტე ალიგიერის მაგონებს. გაუკვირდეს ეგებ ვინმეს, საიდან სადაო, ვითომ რა კავშირია, სად გადაიკვეთა მათი გზებიო. გადაკვეთით ეგებ გადაიკვეთა კიდეც, `გოდოშიც" გადაიკვეთა და სხვაგანაც, ალბათ, მაგრამ ახლა ამაზე როდი ვამბობ. მე ეგრე მგონია, დანტეს გმირი იქვე რომ დარჩენილიყო, სადაც პირველად აღმოაჩინა თავისი არსებობა, გნებავთ, მღვიძარება, იმ მხეცებს რომ გაჰყოლოდა, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა რამეს ნიშნავს, მოკლედ, ჯოჯოხეთისკენ რომ არ ექნა პირი, ვერგილიუსს კი არ გაჰყოლოდა, პირიქით, აქეთ გამოეტყუებინა, სამყაროს შეცნობის ნაცვლად, საკუთარი თავი შეეცნო მხოლოდ, და საერთოდაც, რომ გაჩერებულიყო და ამდენი არ ევლო... რამდენი რომ არის. მოკლედ, მე ეგრე მგონია, რომ ბეკეტი ძალიან ჰგავს დანტეს, XX საუკუნის დანტეს, და თანაც ჰგავს, როგორც ზემოთა ვთქვით, პირიქით.

ზაალ ჩხეიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით