17 ივნისიდან იაფფასიან სატელევიზიო პაკეტებში თანხა გადასახდელი აღარ იქნება - კვირის პალიტრა

17 ივნისიდან იაფფასიან სატელევიზიო პაკეტებში თანხა გადასახდელი აღარ იქნება

გაქვთ ტელევიზორი? - მაშინ ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ!

ეს ინფორმაცია განსაკუთრებით გაახარებს რეგიონში მცხოვრებლებს

ალბათ, გახსოვთ, 2000 წლის მოახლოებისას რა მითები ვრცელდებოდა საზოგადოების ნაწილში (არა მხოლოდ საქართველოში), წარღვნა მოხდება და დასრულდება კაცობრიობის ისტორიაო. შემდეგ იყო 2012 წლის 21 დეკემბერი - დედამიწას პლანეტა ნიბირუ უნდა დასჯახებოდა და აღეგავა პირისაგან მიწისა. არაფერიც არ მოხდა და ზოგიერთს, სულო ცოდვილო, გულიც დასწყდა. ადამიანებს უყვართ საკრალურ თარიღებსა თუ რიცხვებთან დაკავშირებით ექსტრაორდინარული მოვლენების წინასწარმეტყველება.

უფრო მცირე მასშტაბით, მაგრამ დაახლოებით ანალოგიური რამ მოხდა 17 ივნისთან დაკავშირებით - ამ დღეს საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. თავიდან ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილს ეგონა, თუ ულტრათანამედროვე ტელევიზორი არ გექნებოდა, ვერც ერთ არხს ვერ უყურებდი. ერთ-ერთ ბირჟაზე პირადად მოვისმინე საუბარი იმის შესახებ, რომ თურმე საქართველოს მთავრობა შეეკრა ტელევიზორების მსოფლიო მაფიას და მრავალჭირნახულ ქართველობაზე ტელევიზორების გასაღებას ცდილობს. შემდეგ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით განმარტებითი კამპანია დაიწყო და ზემოხსენებული ფანტასტიკური ვერსიები აღარ ვრცელდება. თუმცა, მოქალაქეთა ნაწილისთვის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის დეტალები მაინც ბუნდოვანებით არის მოცული.

არადა, ყველაფერი მარტივად არის -17 ივნისამდე მოქალაქეებმა ერთჯერადად უნდა შეიძინონ სპეციალური რესივერი (თუ სურთ, ამ აპარატს განვადებით შეიძენენ), ან ახალი თაობის ტელევიზორი, რომელსაც ეს მოწყობილობა უკვე ჩამონტაჟებული აქვს და 15 ქართულ არხს უფასოდ და მაღალი ხარისხით უყურებენ. მაგალითად, თუ თქვენ მხოლოდ ქართული არხების ყურება გსურთ, საკაბელო კომპანიებისთვის ფულის გადახდა აღარ მოგიწევთ. თანხის გადახდა მხოლოდ მაშინ დაგჭირდებათ, თუ უცხოური არხების მომხმარებელიც ბრძანდებით.

ეს ინფორმაცია განსაკუთრებით გაახარებს რეგიონში მცხოვრებლებს, სადაც  ქართული არხების ყურებაში მონოპოლისტი კომპანიები მომხმარებელს თვეში 10 ლარს ახდევინებენ.

გაზეთ "ბანკებისა და ფინანსების" მთავარი რედაქტორი ზურაბ კუკულაძე, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზარს იკვლევს, მიიჩნევს, რომ სწორედ ეს აშფოთებს ზოგიერთ კომპანიას  და ცდილობს, მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს.

- თავდაპირველად, უნდა აღვნიშნო, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთი საკაბელო კომპანია, იმის მაგივრად, რომ თავისი ბიზნესგეგმა ამ სიახლეს მოარგოს, სულ სხვა გზას დაადგა. მაგალითად, "მაგთისატი" დედაქალაქში სხვა კომპანიებს კონკურენციას ვერ უწევს, ამიტომ ის ცდილობს, შედარებით დაბალი ხარისხის მომსახურება რეგიონებში გაყიდოს. 17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის, ეს კი აუცილებლად გამოიწვევს "მაგთისატიდან" და ზოგიერთი სხვა კომპანიიდან მომხმარებლების გადინებას,  იმიტომ, რომ“"მაგთისატის" ყველაზე გაყიდვად პაკეტში მხოლოდ ქართული არხებია, რომელთა ყურება 17 ივნისიდან მაყურებელს უფასოდ შეეძლება და ვინღა გადაუხდის მას თუნდაც 10 ლარს ყოველთვიურად?! ამ ფონზე კომპანიამ "გამოსავალი" იპოვა და სარეკლამო ვიდეორგოლი გაავრცელა, რომლის თანახმად, თურმე, 17 ივნისს თქვენი ტელევიზორი შეიძლება გაითიშოს. ამ ტელეაპოკალიფსური შეტყობინების შემდეგ კი "მაგთისატი" მომხმარებელს საკუთარ მომსახურებას სთავაზობს. 17 ივნისიდან ტელევიზორები კი არ გაითიშება, მაყურებელი ქართული არხების ყურებაში ფულს არც "მაგთისატს" გადაუხდის და არც რომელიმე სხვა საკაბელო კომპანიას. "მაგთისატი" ზემოხსენებული რეკლამით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ქაოსის გამოწვევას ცდილობს, რაც სერიოზული დარღვევაა. ჯერ ერთი, ამით ხელი ეშლება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო რეფორმას და მეორეც - მომხმარებლისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება მისი უფლებების დარღვევაა. კომუნიკაციების კომისიამ და ეკონომიკის სამინისტრომ "მაგთის" ქმედებები აუცილებლად უნდა შეისწავლოს. ჯობს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საკაბელო კომპანიებმა ბიზნესგათვლების კორექტირებაზე იფიქრონ, - აცხადებს კუკულაძე.

სხვათა შორის, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, 2015 წლის 15 იანვრიდან 15 მარტამდე რამდენიმე საკაბელო კომპანიის აბონენტთა რიცხვი შემცირდა. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყოს, რომ 17 ივნისამდე ციფრული მაუწყებლობა სატესტო რეჟიმში ხორციელდება და ბევრმა აბონენტმა უარი თქვა ფულის გადახდაზე იმაში, რასაც უფასოდაც უყურებს.

- აბონენტების რიცხვის შემცირება ლოგიკურია, რადგან  მოსახლეობას ვერავინ შეუზღუდავს უფლებას, ქართულ ტელევიზიებს უფასოდ უყუროს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი იდეაც ეს არის, - აცხადებს "სტერეო პლუსის" დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი.

რუსუდან შელია