წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალის სიურპრიზები - კვირის პალიტრა

წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალის სიურპრიზები

დადებითი ემოციები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, წიგნისგან მიღებული აღტაცება და გამაოგნებელი სიურპრიზები - "ექსპო ჯორჯიაში" კითხვის მოყვარულთათვის ნამდვილი დღესასწაული გაიმართა. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ წიგნის ოთხდღიანი საერთაშორისო ფესტივალი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა!

28 მაისს წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დიდჩინოსნებიც ესწრებოდნენ, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ წიგნის მოყვარულთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - 28 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ასეულობით წიგნის თაროსთან მკითხველთა რიგი არ წყდებოდა. ბევრი აღნიშნავს, - ქუჩებში მოქალაქეები სევდიანი თვალებით დადიან, თითქოს საკუთარი ყოფითი პრობლემები ყველას შუბლზე აწერიაო... "ექსპო ჯორჯიაში" სრულიად განსხვავებული ატმოსფერო იდგა - აქ თვალებგაბრწყინებული ადამიანები ტრიალებდნენ. არადა, ლიტერატურას პრაქტიკული სარგებლობა არ მოაქვს. ის კეთილდღეობას არაფერს მატებს, მისი მეშვეობით მატერიალური ცხოვრება უფრო იოლი, სასიამოვნო და კომფორტული არ ხდება. ლიტერატურა სწორედ იმისათვის არსებობს, რომ პრაქტიკულ-მატერიალურმა ინტერესებმა, მიზნებმა საკუთარი თავი და სული არ დაგვავიწყოს და დაგვაკარგვინოს... როგორც ჩანს, "ექსპო-ჯორჯიაში" ადამიანები წიგნებში სწორედ საკუთარ სულს პოულობდნენ...

თამამად შეიძლება ითქვას, რომ წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალზე განსაკუთრებული ხალხმრავლობა მაინც "პალიტრა L"-ის კუთხესთან შეინიშნებოდა, რომელიც ერთგულ მკითხველებთან ყველაზე მრავალფეროვანი სტენდით წარდგა, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა წიგნის მოყვარულებს 2000-ზე მეტ წიგნზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებები შესთავაზა.

"პალიტრა L" მკითხველებს ყველა ფესტივალზე განსაკუთრებულ სიახლეს სთავაზობს. ამ მხრივ გამონაკლისი არც წლევანდელი ფესტივალი იყო. თანაც გამომცემლობამ მკითხველებს სიახლე ორიგინალური ფორმით შესთავაზა, რამაც ფესტივალის სტუმრები მართლაც აღაფრთოვანა - "პალიტრა L"-მა, წიგნის ფესტივალის ფარგლებში, ახალი სერიის, ტოპ თრილერის პირველი წიგნის პრეზენტაციისთვის პავილიონში "დამნაშავეთათვის" განკუთვნილი სტენდი მოაწყო. იატაკზე თეთრი საღებავით შემოხაზულ ადამიანის კონტურსაც შენიშნავდით, "დანაშაულის" ადგილი კი, ამკრძალავი ლენტით იყო შემოსაზღვრული. ტოპ თრილერის სერიის პირველი წიგნი ჯეიმზ პეტერსონის "ობობას გამოჩენაა", თუმცა სერიის თარგმნა ჯერ კიდევ გრძელდება.

მომდევნო წიგნი გილიან ფლიმის "გაუჩინარებული ქალია", მესამე - სტივენ კინგის "მობილური" იქნება.

გამომცემლობა წიგნის ფესტივალზე ახალგაზრდა თაობასთან შესახვედრადაც განსაკუთრებულად მოემზადა და პატარებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო.

30 მაისს გამომცემლობამ საბავშვო დღე გამართა, სადაც პატარებს ანიმატორები, მწერლები და მხატვრები მასპინძლობდნენ. საოცარი სანახავი იყო გურამ პეტრიაშვილთან შემოკრებილი თვალებგაფართოებული და სულგანაბული ბავშვები, რომლებსაც მწერალი საკუთარ ზღაპრებს უკითხავდა.

პატარებს ხატვის მასტერკლასები ნინო ჩაკვეტაძემაც ჩაუტარა.

ფესტივალზე მისული პატარა მკითხველები "პალიტრა L"-ის თანამშრომლებმა ჟურნალ "კარუსელით", ბუშტებითა და სახის მოხატვით დაასაჩუქრეს.

31 მაისი, ანუ ფესტივალის დახურვის დღე, "პალიტრა L"-მა თინეიჯერებს მიუძღვნა. თანაც გამომცემლობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი ფესტივალის დახურვის დღეს იუბილარი იყო. სწორედ "ლიბერთინსის" ერთი წლის აღსანიშნავად, ფესტივალის ფარგლებში კოსტიუმირებული კარნავალი მოეწყო. თითოეული მოზარდი, ვინც "პალიტრა L"-ის სტენდს საკარნავალო კოსტიუმში გამოწყობილი ეწვეოდა, სასურველ წიგნზე მნიშვნელოვან ფასდაკლებას მიიღებდა. გარდა ამისა, "პალიტრა L"-ის თითოეული თინეიჯერი სტუმარი გამომცემლობამ ტორტით, მუსიკითა და სხვადასხვა საჩუქრით დააჯილდოვა. მოზარდებს გამომცემლობის მხატვრებმა სახეც მოუხატეს.

არც 31 მაისს ჩაუვლია სიახლის გარეშე - "პალიტრა L"-მა მოზარდებს "ლიბერთინსის" მე-6 წიგნი, ამერიკელი მწერლის, ლუის ლოურის "გამღები" წარუდგინა. როგორც "ლიბერთინსის" თითოეულმა წიგნმა, "გამღებმაც" მოზარდების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

რუსუდან შელია