"საშინელება ტრიალებდა. ცალ ფეხზე მაინც წამოვდექი და ბორდიურამდე მივჩოჩდი... ისეთ შოკში ვიყავი, ტკივილს ვერ ვგრძნობდი..." - რას იხსენებს საბაგიროს ტარგედიას გადარჩენილი? - კვირის პალიტრა

"საშინელება ტრიალებდა. ცალ ფეხზე მაინც წამოვდექი და ბორდიურამდე მივჩოჩდი... ისეთ შოკში ვიყავი, ტკივილს ვერ ვგრძნობდი..." - რას იხსენებს საბაგიროს ტარგედიას გადარჩენილი?

უფრო და უფრო იშვიათად იხსენებენ 1990 წლის 1-ლ ივნისს მომხდარ ტრაგედიას, რომელიც საბაგირო გზების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ავარიად მიიჩნევა.

"იმ წუთას ცალ ფეხზე მაინც წამოვდექი და ბორდიურამდე როგორღაც, მივჩოჩდი, გჯერათ, ისეთ შოკში ვიყავი, ტკივილს ვერ ვგრძნობდი..."

1990 წლის 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისში საშინელი ტრაგედია დატრიალდა - რუსთაველის პროსპექტისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ავარიის გამო ორივე ვაგონი მოწყდა და უდიდესი სიჩქარით ქვემოთ დაეშვა. მგზავრების ნაწილი ვაგონებიდან გადახტა, ნაწილი - გადავარდა, საბოლოოდ კი, 22 ადამიანამდე დაიღუპა და 15-მდე მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის იყვნენ სამცხე-ჯავახეთიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები, ასევე, ქალები, ჯარისკაცები. ავარიის ოფიციალურ მიზეზად საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ საწევი ბაგირის გაწყვეტა და დამჭერი მოწყობილობის პრობლემა დაასახელა. თუმცა სპეციალისტთა თქმით, ძალიან ბევრი კითხვაა პასუხგაუცემი ჯერაც. სამწუხაროდ, ამ კითხვებს დღემდე არავინ პასუხობს. არათუ კითხვებს, ასევე სამწუხაროდ, უფრო და უფრო იშვიათად იხსენებენ 25 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას, რომელიც საბაგირო გზების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ავარიად მიიჩნევა.

1990 წლის 1-ელ ივნისის ამბებს ტარგედიას გადარჩენილი, მიხეილ ირემაშვილი გვიამბობს:

- იმხანად 15 წლის ვიყავი და მე-80 პროფესიულ სასწავლებელში ვსწავლობდი. პირველ ივნისს ოთხმა მეგობარმა მთაწმინდაზე გასეირნება გადავწყვიტეთ, საბაგირო გზის ბილეთები ავიღეთ, ვაგონში შევედით და წინა მხარეს დავდექით. მახსოვს, ვაგონში ბევრი ადამიანი იყო, უმრავლესობა - ახალგაზრდები, კიდევ იყვნენ ქალები და 3-4 პატარა ბავშვი. ჩვენ მარცხნივ სამი ჯარისკაცი იდგა, ორი რუსი და ერთიც - უზბეკი, მარჯვნივ გამცილებელი ქალი გვედგა. ზემოდან მომავალი ვაგონი საბაგირო გზის დაახლოებით, შუაში შეგვხვდა. იქიდან ბავშვები გვიქნევდნენ ხელს. მოგვიანებით შევიტყვე, სამცხე-ჯავახეთიდან ჩამოუყვანიათ ექსკურსიაზე. ბოლო ბოძამდე ვიყავით ასულები, მალე სადგურშიც შევიდოდით, ბრახუნის ხმა რომ გავიგონეთ. მერე კი ყველაფერი წამებში მოხდა: უცებ მოწყდა ჩვენი ვაგონი და უსწრაფესად დაეშვა ქვემოთ. მგზავრები ძირს გაწვნენ. მე სანახევროდ ჩავიმუხლე და ფანჯრიდან ვიყურებოდი. გამცილებელი ქალი მუხრუჭებს დასწვდა და ჩამოქაჩა, მაგრამ აბა, ელვისუსწრაფესად მქროლავ ვაგონს რას გააჩერებდა! ერთი ბიჭი მიეხმარა, მოგვიანებით გავიგე, მორაგბე ყოფილა, ოღონდ ის კი აღარ ვიცი, გადარჩა თუ - არა. მოკლედ, დამუხრუჭების ცდა უშედეგოდ დასრულდა. მერე კი გონება დავკარგე და აღარაფერი მახსოვს. აღმოჩნდა, რომ მგზავრების უმრავლესობა გათიშულა. ვერავინ იხსენებდა, ვაგონიდან როგორ გადმოცვივდნენ. როგორც გვითხრეს, ჩვენი ვაგონი სამ თუ ოთხსართულიანი სახლების სახურავებს წამოსდებია და დაშლილა. ნაწილი ძირს ვეყარეთ, ნაწილი - სახურავზე დარჩენილა. გონს რომ მოვედი, ძირს ვეგდე. არც ფეხსაცმელი მეცვა, არც საათი მეკეთა. ზემოთ რომ ავიხედე, ყურძნის ხეივანი შევნიშნე. თურმე იქ გამომძვრალვარ. ახლაც გაოგნებული ვარ, იქ როგორ გამოვეტიე და ზედ არ შევრჩი. წამოდგომა ვცადე და ფეხი არ დამემორჩილა - ბარძაყის ძვალში გადამტეხვოდა, საავადმყოფოში კი ტვინის შერყევაც დამიდგინეს. იმ წუთას ცალ ფეხზე მაინც წამოვდექი და ბორდიურამდე როგორღაც, მივჩოჩდი, გჯერათ, ისეთ შოკში ვიყავი, ტკივილს ვერ ვგრძნობდი... ჩემი მეგობრებიდან ორი არსად ჩანდა, ერთი კი იქვე, შორიახლოს შევნიშნე, ერთი ხელი თავში წაევლო, მეორე კი - წელზე და გაუთავებლად გადი-გამოდიოდა. რამდენჯერმე დავუძახე და ყურადღებაც არ მომაქცია. ისიც შოკში იყო. ხალხი აქეთ-იქით ეყარა. ირგვლივ რამდენიმე გარდაცვლილიც შევნიშნე: ერთი ქალი კიბეზე ჩაჩეხილიყო, ვიცანი, ჩვენი ვაგონიდან იყო. მოკლედ, ირგვლივ საშინელება ტრიალებდა - სისხლი, დასახიჩრებული ადამიანები, ტანსაცმელი... სასწრაფო დახმარების მანქანები ჯერ არც იყო მოსული, ეზოში ჩემი ნაცნობი ბიჭი რომ შემოვარდა. მაშინვე მიცნო და "სასწრაფო" რომ მოვიდა, პირველად მე გამაქანა მანქანაში. იქვე სკამზე ვიჯექი, საკაცით მიცვალებული რომ შემომიგდეს ფეხებთან. ისეთი დაჩეხილი იყო, სახე არც უჩანდა საწყალს. ეგრეთ წოდებულ არამიანცის სავაადმყოფოში მიმიყვანეს და ჩემი კიდევ ერთი მეგობარი, ნოდარ გიგაური იქ ვნახე, ვიღაცებს უყვებოდა ამბებს და ნაცნობ ხმაზე მივიხედე. რომ დავუძახე, გაგიჟდა სიხარულით, - შენ გენაცვალე, ცოცხალი ხარ, ბიჭოო! - შემომეხმიანა. საბედნიეროდ, ოთხივენი გადავრჩით - მე და ნოდარი ერთ საავადმყოფოში ვიწექით, ლევან გორდელაძე და ელდარ ჯაბანაშვილი - მე-9 საავადმყოფოში. ჩემზე უმცროსი ორი სანზონელი ბიჭი იყო კიდევ ჩვენს ვაგონში, ვარდანაშვილი და კუტალაძე, ერთს პატარა დისშვილიც ახლდა. ბედისწერა იყო, აბა რა, ბოლო მომენტში შემოვიდნენ ვაგონში, გამცილებელს დახურული კარი გააღებინეს. სამწუხაროდ, კუტალაძე დაიღუპა.

- რას ამბობდნენ იმხანად, რამ გამოიწვია კატასტროფაო?

- მახსოვს, ტელევიზიით ვიგებდით ამბებს. ერთი ვერსიით, დივერსიულ აქტად ასაღებდნენ, მეორე ვერსიით, დაძველებული სისტემა იყო და ტროსმა ვერ გაუძლოო...

- თქვენმა მშობლებმა არ იჩივლეს?

- არ უჩივლიათ. არც გამომძიებელი მოსულა ჩვენთან, თუმცა ერთხელ პროკურატურაში კი დამიბარეს, მაგრამ არ წავსულვარ. ჩვენთვის რა უნდა ეკითხათ, რა ვიცოდით, რა მოხდა? არც ის გამიგია, ვინმე თუ დაიჭირეს, დასაჯეს.

- მახსოვს, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ დაშავებულების დასახმარებლად.

- ჩვენამდე არავინ მოსულა. სხვა საავადმყოფოში თუ იყვნენ, არ ვიცი. ჩვენს საავადმყოფოში კი შესანიშნავი ტრავმატოლოგი გვყავდა, სახელად თემური, სამწუხაროდ, გვარი არ მახსოვს. ისიც და სხვებიც თან გადაგვყვნენ, ისე მოგვიარეს. მახსოვს, რესტორნებიდან ხილსა და საჭმელსაც გვიგზავნიდნენ ხოლმე.

- ხელისუფლებიდან ვინმემ გინახულათ?

- იმავე თუ მეორე დღეს საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა გივი გუმბერიძემ და ჯანდაცვის მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა გვინახულეს. მახსოვს, დამამშვიდეს, ყველაფერი კარგად იქნება, ფეხბურთის თამაშს შეძლებო. ფულითაც დაგვეხმარენ - თითოეულს 2.000 რუსული რუბლი მოგვცეს. მას შემდეგ არავის გავხსენებივართ. არადა, ჩემს მეგობარს, ლევან გიორდელაძეს დღემდე შემორჩა ხერხემლის პრობლემა, მე - შიგადაშიგ ძლიერი თავისტკივილი, ფეხიც ხშირად მახსენებს თავს და მძიმეს დღემდე ვერ ვწევ. არათუ აღარავის გავხსენებივართ, "ვარდების რევოლუციით" მოსულმა ხელისუფლებამ სამჯერ წამიყვანა რეზერვში. ჩემი იმჟამინდელი ტრავმის დამადასტურებელმა ფარატინა ფურცელმა (მეტი არაფერი მოუციათ) "ნაციონალებთან" არ გაჭრა, არც ავარია აინტერესებდათ, არც ჩემი ტკივილი... სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ამ ამბის გახსენება. შინაც კი არ ვიხსენებ. შიში გადავლახე, მაგრამ უსიამოვნო განცდა შემომრჩა.

ირმა ხარშილაძე

გაზეთ "ყველა სიახლის" არქივიდან