რამ შეამცირა უმუშევართა სტატისტიკა? - კვირის პალიტრა

რამ შეამცირა უმუშევართა სტატისტიკა?

2014 წელს დასაქმების დონემ ბოლო 11 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 33 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა

გასულ კვირას საზოგადოების ყურადღების ცენტრში "საქსტატის" მონაცემები მოექცა, რომლის მიხედვითაც უმუშევრობის დონე შემცირებულია, დასაქმებულთა რაოდენობა კი გაზრდილი. სოციალურ ქსელებში ამ ინფორმაციას მოქალაქეთა უკიდურესად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. როგორ ჩატარდა კვლევა და რამ განაპირობა სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება, ამის გარკვევა ვცადეთ.

გიორგი კალაკაშვილი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სოციალური სტატისტიკის სამმართველოს უფროსი:

- კვლევით დადგინდა, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მცირედით გაზრდილია.

- ეს "მცირედი" 33 ათასზე მეტი ადგილია, რაც მთლად უმნიშვნელოც არ არის...

- ეს არის კვლევის რეალური შედეგი. "საქსტატი" ამ კვლევას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით ატარებს. სწორი შედეგის მისაღებად აუცილებელია, გამოიკვლიო ოჯახები, უფრო სწორად, შინამეურნეობა (ოჯახი შინამეურნეობისგან იმით განსხვავდება, რომ ის მხოლოდ ნათესაური კავშირის მქონე ადამიანებს აერთიანებს. შინამეურნეობა გულისხმობს, რომ ამა თუ იმ ოჯახში მცხოვრები არამონათესავე პირიც გამოკითხვის ობიექტია). კვარტალში ერთხელ 3000 შინამეურნეობას ვიკვლევთ. ცალკეული შინამეურნეობის წევრთა გამოკითხვას კი ყოველთვიურად ვატარებთ, რათა გავარკვიოთ, მათ მდგომარეობაში რამე შეიცვალა თუ არა. საბოლოოდ, ოთხივე კვარტალის მონაცემები ჯამდება და წლიური უმუშევრობის დონე ქვეყნდება. შინამეურნეობათა შერჩევა შემთხვევითი პრინციპით ხდება. წარმოიდგინეთ, რომ ერთ დიდ დოლურაში ჩაყრილია მისამართები, რომელსაც ვიღებთ და ჩვენს წარმომადგენელს სწორედ იმ მისამართზე ვგზავნით.

- ზოგიერთის აზრით, გლეხებისთვის მიწის დამუშავებამ სტატისტიკური მაჩვენებელი გაზარდა...

- ცხადია, გლეხი, რომელიც მიწას ამუშავებს, დასაქმებულად ითვლება. იმ შემთხვევაში კი, თუ მას მიწა აქვს, მაგრამ ვერ ამუშავებს, დაუსაქმებელია. ადამიანი დასაქმებულია, რომელიც შემოსავალს რაღაც სახით (ფულით ან ნატურალური სახით) იღებს. ამრიგად, გლეხები თვითდასაქმებულთა კატეგორიაში გადიან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თვითდასაქმებულთა რაოდენობა - მცირედით, დაქირავებულთა რაოდენობა კი უფრო მეტად არის გაზრდილი.

- რამ განაპირობა დაქირავებულთა რაოდენობის გაზრდა? ზოგი ამას 118 საწარმოსა და 800 კოოპერატივის შექმნასაც უკავშირებს...

- ჩვენ მხოლოდ მონაცემებს ვარკვევთ და ვერ ვიტყვი, რა პროექტები უძღოდა წინ ამ პროცესს და რა პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა.

- როგორ ფიქრობთ, საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი რატომ უცხადებს უნდობლობას "საქსტატის" ამ მონაცემებს?

- ამ მონაცემებში გასაკვირი არაფერია. 2006 წლამდე უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალი იყო, შემდეგ ზრდის ტენდენცია ძალიან მოკლე ხანს გაგრძელდა, 2008 წელს ეკონომიკურმა კრიზისმა სამუშაო ადგილები მკვეთრად შეამცირა, 2011 წლიდან კი თანდათან უმუშევრობის დონის კლება დაფიქსირდა.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი: - 33 ათასი სამუშაო ადგილის გაჩენა ცუდი არ არის, მაგრამ რამდენად რეალურია ეს მაჩვენებელი? ალბათ, მთავრობამ განმარტება უნდა გააკეთოს, სად რა სამუშაო ადგილები შეიქმნა, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება. 118 საწარმოსა და 800 კოოპერატივის შექმნის საფუძველზე თუ ითვლიან სამუშაო ადგილებს, მაშინ ჩვენი საქმე ცუდად ყოფილა... ეს პროექტები აბსოლუტურად არაეფექტიანია.

- ფიქრობთ, რომ ციფრებით მანიპულაციასთან გვაქვს საქმე?

- თუ მართლა ამ საწარმოებსა და კოოპერატივებზეა საუბარი, მათი დიდი ნაწილი სინამდვილეში უმოქმედოა და რეალურ სამუშაო ადგილებს ვერ შექმნიდა.

"საქსტატის" მონაცემებით:

2013 წელთან შედარებით, 2014 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.4 პროცენტი შეადგინა.

2014 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ (15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა იგულისხმება) 66.5% შეადგინა. წინა წელთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე - 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე - 1.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ამასთან, 2014 წელს დასაქმების დონემ ბოლო 11 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. თუმცა,  2013 წელთან შედარებით, 2014 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 5.2%-ით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა უმნიშვნელოდ, 0.2%-ით გაიზარდა.