"სიღნაღი მოდური აღარ არის, ახლა მცხეთის ჯერი ყოფილა..." - კვირის პალიტრა

"სიღნაღი მოდური აღარ არის, ახლა მცხეთის ჯერი ყოფილა..."

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ მცხეთის მოდერნიზაციის შესახებ ქართველი საზოგადოება გააოგნა. პრეზიდენტის თქმით, სვეტიცხოვლის წინ, სადაც არაგვი და მტკვარი ერთმანეთს ერთვის და ულამაზესი ხედი იშლება, სადაც უძველეს ქალაქს ჯვრის მონასტერი გადმოჰყურებს, საცურაო აუზი უნდა მოეწყოს.

ვრცელ სატელევიზიო სიუჟეტში მიხეილ სააკაშვილმა დეტალურად განმარტა, როგორი პროექტი უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ მთავრობას სტუმრებისთვის თავმოსაწონებლად სიღნაღში აღარ უწევდეს სირბილი და აქვე, თბილისის ყურისძირში, შეეძლოს თავის მოწონება. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, მცხეთაში, სადაც უფლის კვართი ასვენია, "ელიტური საჭყუმპალაოს" მოწყობის იდეა უკვე პროექტის სახით არსებობს თუ მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ თავისი სურვილი გაახმაურა.

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მაკა შავიშვილი: "პროექტი სამინისტროში ჯერ არ შემოსულა, უამისოდ კი შეუძლებელია მცხეთაში რაიმე გაკეთდეს, რადგან ეს ქალაქი მრავალმხრივ არის დაცული. ის იუნესკოს დაცვის ზონაცაა, ამიტომაც თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღება დაუშვებელია. სავარაუდოდ, ჯერ მხოლოდ იდეა გახმაურდა, რომელსაც დამუშავება სჭირდება".

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნიკა ვაჩეიშვილი: "ცხადია, საზოგადოების დაინტერესებას გამოიწვევდა ინფორმაცია, რომ მცხეთაში აუზები და სასტუმროები უნდა აშენდეს. ვიმედოვნებ, ლაპარაკია სარეკრეაციო ზონაში მოქმედებაზე და არა სვეტიცხოვლის წინ რომელიმე ობიექტის მშენებლობაზე. ნებისმიერი პროექტი კარგად უნდა დამუშავდეს და შეფასდეს. საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ იქ მრავალსართულიანი, კასკადური და რელიგიური ცენტრისთვის შეუფერებელი კომპლექსი კი არ გაკეთდება, არამედ შეიქმნება დასასვენებელი ინფრასტრუქტურა...

მცხეთა იუნესკოს ძეგლია, მალე საგანგებო მისიაც კი ჩამოვა მის სანახავად. ამიტომაც მათი კონსულტაციების გარეშე აქ რაიმეს გაკეთება არ შეიძლება".

პრეზიდენტის იდეას უფრო რადიკალურად აფასებს "საზოგადოების დარბაზის" თავმჯდომარე, პოეტი დავით მაღრაძე. მისი აზრით, მცხეთის გათანამედროვეობის იდეა წინასაარჩევნო უნიჭო დაპირება და პიარია: "დიდი ხანია საქართველოს ხელისუფლება რეგიონიდან რეგიონში დადის და ოსტაპ ბენდერივით "ნიუ-ვასიუკის" შექმნის პერსპექტივას სახავს. იგივე მოხდა მცხეთაშიც. როგორც ჩანს, არსაკიძის აგებული მცხეთა არ მოსწონთ, თანამედროვე ნაგებობებით უნდათ ძველი ქალაქის "დამშვენება". ეს იგივეა, "ვეფხისტყაოსანი" რომ ავიღო და თანამედროვე რითმის ფორმებით გადავაკეთო. მე ერთადერთ გამოსავალს ვხედავ: გამოვუყოთ პრეზიდენტსა და მთავრობას დაუსახლებელი ტერიტორია, ითამაშონ და გაერთონ იქ. ისეთი ტერიტორიებიც გვაქვს საქართველოში, მათ ექსპერიმენტებს რომ გაუძლებს.

თუ დასაშვებია, ჯვარსა და სვეტიცხოველს შორის იჭყუმპალაო, მალე, ალბათ, პრეზიდენტი სვეტიცხოველში ემბაზის ნაცვლად ჯაკუზის ჩადგმას მოითხოვს. მართალია, ამ მდინარეში ხალხი ინათლება, მაგრამ შეიძლება მოეწყოს სანაოსნოც და დასასვენებელიც, თუმც გააჩნია სად და როგორ, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. სვეტიცხოველს, ჯვარსა და მცხეთას უზარმაზარი მოკრძალება სჭირდება. მაინცდამაინც სვეტიცხოვლის გვერდით, ჯვრის ქვემოთ, ანტიოქიის, სტეფანწმინდის სახელობის დედათა მონასტრის გვერდით უნდა გაკეთდეს აუზი? ეს იმას ნიშნავს, სულიერმა დედაქალაქმა შინაარსი შეიცვალოს. ეს კი ამ ხელისუფლებისთვის ჩინურივით გაუგებარია. ნაციონალები ცდილობენ, აგრესიული პრიმიტივიზმით დაუპირისპირდნენ საქართველოს კულტურულ და სახელმწიფოებრივ ისტორიას და წაშალონ იგი. ჯერ სიღნაღი წაშალეს, ახლა, ეტყობა, სიღნაღი მოდური აღარ არის და მცხეთას მიადგნენ. ხომ წარმოგიდგენიათ, ამათნაირი შლეგები რომ ევროპაშიც ყოფილიყვნენ, ვატიკანში რას მოითხოვდნენ?!"

როდესაც სააკაშვილი მცხეთის მოდერნიზაციის იდეას ახმაურებდა, შემაძრწუნებელი იყო მისი ამალის გაყინული სახეები, ჩინოვნიკები გატრუნული უსმენდნენ პრეზიდენტს და თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავს აქნევდნენ. ამხელა "ლაშქარში" არავის გაუჩნდა სურვილი, შეეხსენებინა პრეზიდენტისთვის, რომ მცხეთა საქართველოს სულიერი დედაქალაქია, სადაც დღემდე იხარშება მირონი და მადლს აფრქვევენ უდიდესი სიწმინდეები. ღმერთმა ნუ ქნას, ეგ მადლი გაგვიწყრეს და სვეტიცხოველთან ლოცვით მიახლების ნაცვლად, აუზის პირას ტიტლიკანა წამოწოლა მოგვინდეს.