საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ წყვილს 11 წლის მარიამის შვილად აყვანა სურს - კვირის პალიტრა

საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ წყვილს 11 წლის მარიამის შვილად აყვანა სურს

"უმისოდ არ შემიძლია. ვერ გადავდგამ მაგ ნაბიჯს. რაც შემეძლება, იმას გავუკეთებ"

თეა ყალიონაშვილი: "მირჩევნია, გაჭირვებული ვიყო და ძმისშვილი ჩემთან მყავდეს"

ჟურნალისტისთვის ყველაზე დიდი საჩუქარია, როდესაც მის მიერ მომზადებულ სტატიას თუ სიუჟეტს გამოხმაურება მოჰყვება და ამით ვიღაცის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება...

გაზეთის წინა ნომერში 11 წლის ზაჰესელი გოგონას ტრაგედიაზე ვწერდით, რომელსაც 2007 წლის 25 დეკემბერს ავტოკატასტროფაში 27 წლის მამა და 6 წლის ძმა დაეღუპა. პატარა მარიამის დედას კი გასული წლის ოქტომბერში სიმსივნის მეოთხე სტადია დაუდგინეს. დიაგნოზის დასმიდან ორ თვეში გოგონამ დედაც დაკარგა. მარიამ ყალიონაშვილი ამჟამად ბებიასთან, მამიდასა და ოთხ მამიდაშვილთან ერთად ზაჰესში ფიცრულში ცხოვრობს. ნაგებობა ავარიულია და ყოველ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ უამრავი მოქალაქე გამოგვეხმაურა, მათ შორის - ემიგრანტებიც. ყველა მარიამისა და მისი ოჯახის დახმარების სურვილს გამოთქვამდა. რამდენიმე მათგანი უკვე დაეხმარა, ნაწილი უახლოეს დღეებში გეგმავს მათთან ჩასვლას. სოციალურ ქსელშიც არაერთმა უცნობმა მომწერა - მარიამის მისამართს მთხოვდნენ. ერთ-ერთი საფრანგეთში მცხოვრები გოგონაა. როგორც მომწერა, მის მეგობარ 50 წლამდე ასაკის უშვილო ქართველ წყვილს, რომელიც ასევე საფრანგეთში ცხოვრობს, მარიამის შვილად აყვანა დიდად გაახარებს...

ისინი საფრანგეთის მოქალაქეები არიან და საკუთარი ბიზნესიც აქვთ. მარიამს უზრუნველი ცხოვრება და ნათელი მომავალი ექნება. როცა მოესურვება, საქართველოში ჩამოსვლასა და ნათესავების მონახულებას შეძლებსო.

უნებურად ზღაპარი "კონკია" გამახსენდა. წარმოვიდგინე, როგორ რადიკალურად შეიცვლება 11 წლის გოგონას მომავალი და მაშინვე მარიამის მამიდას, თეა ყალიონაშვილს დავუკავშირდი.

- სტატიის გამოქვეყნებისთანავე გამოგვეხმაურა მოძღვარი, რომელიც არქიტექტორთან ერთად გვესტუმრა და სამშენებლო მასალით დახმარება აღგვიქვა, ერთმა ტელევიზიის თანამშრომელმა კი ბავშვებისთვის ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი გადმოგვცა. იმავე დღეს დაგვირეკეს დიდი ბრიტანეთიდან, ემიგრანტები ვართ და გვინდა, ბავშვებს დავეხმაროთო.

რაც შეეხება საფრანგეთიდან მიღებულ შემოთავაზებას, მირჩევნია, გაჭირვებული ვიყო და ძმისშვილი ჩემთან მყავდეს, ვიდრე... უმისოდ არ შემიძლია. ვერ გადავდგამ მაგ ნაბიჯს. რაც შემეძლება, იმას გავუკეთებ.

- ჩვენთან ინტერვიუში ბრძანეთ, რომ თქვენი უფროსი შვილი მეცხრე კლასიდან იმის გამო გამოიყვანეთ, რომ ჩასაცმელი არ ჰქონდა... მარიამის მომავალი როგორი იქნება?

- მთავარია, ჩვენთან იქნება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენი გაჭირვება გულთან მიიტანა. მადლობა "კვირის პალიტრის" რედაქციას, რომელმაც ჩვენი გასაჭირი მთელ საქრთველოსა და საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს მიაწვდინა.

თორნიკე ყაჯრიშვილი

იხილეთ ასევე