"მიშველეთ, გველი შემოძვრა!" - ქვეწარმავლებზე მონადირეების ერთი სამუშაო დღე - კვირის პალიტრა

"მიშველეთ, გველი შემოძვრა!" - ქვეწარმავლებზე მონადირეების ერთი სამუშაო დღე

აპრილში - 5, მაისში კი 109 გველი დაიჭირეს

თბილისი. 2015 წლის  2 ივნისი. 112-ზე კვლავ ისმის ზარი. დახმარებისთვის ვარკეთილის დასახლებიდან რეკავენ. მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მუშებმა გველი იპოვეს. მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გამოძახებაზე გავიდა. მე ეკიპაჟთან ერთად ვარ.

ეზოში მშენებლობის უფროსი გამოგვეგება და კიბისკენ გაგვიძღვა. მუშები თითს ფიცრების გროვისკენ იშვერენ - იქ შეძვრაო. ეკიპაჟის წევრმა შოთა ზანდუკელმა ფიცრები ჯოხით მისწი-მოსწია. ჯერ სისინის ხმა გაისმა, ცოტა ხანში კი გველის თავიც გამოჩნდა. რამდენიმე წამი და დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის გველი სპეციალური აპარატით დაჭერილია.

მუშებმა შვებით ამოისუნთქეს. ქვეწარმავალი სპეციალურ კონტეინერში მოათავსეს.

შოთა ზანდუკელი, ჰერპეტოლოგი, მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი: - ჩვენ ახლა დავიჭირეთ ნაირფერა მუცელა, რომელიც აგრესიით გამოირჩევა, მაგრამ შხამიანი არ არის.

სპეციალისტების თქმით, წელს ნაადრევად დათბა და გველები აპრილიდან გამოჩნდნენ. მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, აპრილში - 5, მაისში - 109, ხოლო 2 ივნისის მონაცემებით - 20-მდე გამოძახება დაფიქსირდა.

როგორც ჰერპეტოლოგებმა გვითხრეს, თბილისში შხამიანი გველი იშვიათია. აქ, ძირითადად, გვხვდება ანკარა, წყლის ანკარა, წითელმუცელა, გველხოკერა, რომელიც გველი არც არის, ხვლიკია, თუმცა, კიდურები არა აქვს და გველს ჰგავს.

ხშირად გამოძახებაზე მისულ სპეციალისტებს გველის ნაცვლად სწორედ გველხოკერა ხვდებათ.

შოთა ზანდუკელი: - მთავარია, გველი არ გააღიზიანოთ, მისი დაჭერა ან მოკვლა არ სცადოთ. სხვანაირად ის ადამიანს არ ერჩის. პირიქით, გველს ადამიანის ეშინია და მას ერიდება. გვქონია შემთხვევა, როცა გამოძახებაზე მისულებს გველი აღარ დაგვხვედრია. ეს, ძირითადად, ეზოებში ხდება. ამ დროს მოსახლეობას ვურჩევთ, რა გააკეთონ, თუ გველი კვლავ გამოჩნდება.

- ძირითადად, რომელი უბნებიდან არის გამოძახება?

- გამოძახება თითქმის ყველა უბნიდან გვაქვს, თუმცა, მეტი გველია გარეუბნებში.

- მახსოვს, რამდენჯერმე მაღალ სართულებზეც დაიჭირეს. გველს შეუძლია მე-7 მე-8 სართულებზე ასვლა?

- დიახ, შეიძლება კიბით ავიდეს, ან ბარგს აჰყვეს. შარშან ერთი მე-8 სართულზე დავიჭირეთ. თევზაობიდან დაბრუნებულ მამაკაცს მოჰყვა - ჩანთაში ჩამძვრალა. ერთხელ მე-7 სართულზე, ბინაში დავიჭირეთ, იქ როგორ მოხვდა, ვერ დავადგინეთ.

მნიშვნელოვანია, რომ კორპუსების წინ, ეზოებში, ბალახი გათიბული იყოს. ასეთ ადგილს გველი არ გაეკარება.

აუცილებელია სისუფთავის დაცვა. სადაც ნაგავია, იქ თაგვიც ჩნდება, გველი კი თაგვის, ვირთხის მტერია და ასეთ ადგილებს ეტანება.

- გოგირდისა და საბურავის დაწვა მიზანშეწონილია? ამბობენ, სუნზე გველი იქაურობას არ გაეკარებაო.

- ეს მოსაზრება მცდარია, რადგან ნამწვის სუნი ზევით მიდის და გველი ვერაფერს გრძნობს. გოგირდის გამოყენება დასაშვებია, თუ გველი დახურულ სივრცეშია და დაჭერის ეშინიათ. გოგირდის სუნზე გველი იქაურობას გაეცლება.

ვარკეთილიდან გამობრუნებული ეკიპაჟი გზიდანვე სხვა გამოძახებაზე მიდის. ამჯერად ერთ-ერთი კომპანიის შენობიდან დარეკეს. ადგილზე მისულებს შეშფოთებული თანამშრომლები დაგვხვდნენ.

- სამსახურში მოსულებს დერეფანში გველი დაგვხვდა. ალბათ, კიბიდან ამოვიდა,” - ამ სიტყვებით ასაკოვანი მამაკაცი დერეფანში შეგვიძღვა.

ჩემი მოლოდინი, რომ ადგილზე დიდი ზომის გველი დაგვხდებოდა, არ გამართლდა. წინასწარ რომ არ ეთქვათ, ალბათ, ვერც შევნიშნავდი. კიბის საფეხურთან პატარა გველი იკლაკნებოდა. ჰერპეტოლოგმა ის ორი თითით დაიჭირა და იქ მყოფთ მშვიდად აუხსნა, რომ გველბრუცა შხამიანი არ არის და მისი მაქსიმალური სიგრძე 35 სანტიმეტრს არ აღემატება.

- ამ შენობის გვერდით პატარა პარკია. ალბათ, გველბრუცა იქიდან გადმოვიდა. აქაური თანამშრომლები მოულოდნელი სტუმრებისგან  დაზღვეული ვერც მომავალში იქნებიან. თუმცა, გველბრუცა სრულებით უვნებელია, - გვითხრა შოთა ზანდუკელმა.

დღის ბოლომდე ჩემმა მეგზურებმა ცხრა გველი დაიჭირეს.

როგორ დავიცვათ თავი გველებისგან?

თბილისსა და მის გარშემო 10-12 სახეობის ქვეწარმავალი ბინადრობს. მათი უმრავლესობა მცურავია. თბილისში გავრცელებული ყველა მცურავი ადამიანისთვის უსაფრთხოა. ქალაქში ასევე მრავლად არიან გველხოკერები. გველის ეს ჯიში უვნებელია. მას არც კბილები აქვს და არც შხამი. გველი არ არის აგრესიული და ყოველთვის გაურბის ადამიანს. ამიტომ მოვერიდოთ მაღალ ბალახებს, რათა შემთხვევით ფეხი არ დავადგათ ან ძალიან ახლოს არ მივიდეთ, რადგან ამ შემთხვევაში თავდაცვის მიზნით, თავს ესხმის და კბენს ადამიანს.

თუ სადმე გველს გადაეყრებით, ნუ შეშინდებით. თქვენმა მღელვარებამ, შესაძლოა, ისიც ააფორიაქოს და გიკბინოთ. არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა. თუ მაინც გიკბინათ, ძალიან სწრაფად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.

პირველი დახმარებისას ნაკბენი სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ცივი წყლითა და სარეცხის საპნით. შეამშრალეთ სუფთა მარლით; აუცილებელია ნაკბენის ზემოთ კიდურის კომპრესია, ოღონდ ისე, რომ არტერია არ გადაიკეტოს.

სალომე გოგოხია

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე