ფიროსმანის დღემდე უცნობი 149-ე ნამუშევარი - კვირის პალიტრა

ფიროსმანის დღემდე უცნობი 149-ე ნამუშევარი

ექსკლუზიური ფაქტები ნიკალას ცხოვრებიდან

"ეს ნახატი და ინფორმაცია მხატვრის შესახებ თავად ალექსანდრე მამუჩარაშვილის მიწოდებულია და მან სხვებზე უკეთ იცოდა, ვინ და როდის დახატა მისი პორტრეტი"

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, "კრისტის" აუქციონზე მის მიერ მილიონ-ნახევარ დოლარად შეძენილი ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა.

გია მარსაგიშვილი, ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნების მუზეუმის კონსერვატორი:

- ბევრი კოლექციონერი აუქციონზე ანონიმურად ყიდულობს ნახატს. ბიძინა ივანიშვილს თვითონ რომ არ გაემხილა, ამას ვერც გავიგებდით. მადლობის მეტი რა გვეთქმის. ეს იქნება ფიროსმანის 148-ე ნახატი.

მინდა ექსკლუზიურად გითხრათ ფიროსმანის 149-ე ნამუშევრის შესახებ: 2 წლის წინ არქივში აღმოვაჩინეთ 1924 წლით დათარიღებული წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ "ალექსანდრე მამუჩარაშვილის პორტრეტი" ნიკო ფიროსმანაშვილის შესრულებულია.

აქამდე ფიროსმანის კომისია ამ ნამუშევარს მას არ მიაკუთვნებდა. ჩვენ მხოლოდ ამ წერილით არ შემოვიფარგლეთ და არქივში წავაწყდით მამუჩარაშვილის ჩანაწერებსაც, რომელიც ფოსტა-ტელეგრაფის პირველი სპეციალისტი იყო საქართველოში. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პორტრეტის ავტორი ნიკო ფიროსმანია. წერილში ნათქვამია, რომ პორტრეტი 1893 წელს არის შესრულებული. ეს ფიროსმანის ყველაზე ადრეული ნამუშევარი გამოდის.

ხელოვნების მუზეუმში დაცულია თუნუქზე ზეთით შესრულებული "ალექსანდრე მამუჩარაშვილის პორტრეტი", რომელიც მამუჩარაშვილმა თავად შესწირა მუზეუმს... წერილი, რომელიც არქივში აღმოვაჩინეთ, დათარიღებულია 1924 წლის 2 დეკემბრით და ეროვნული სამხატვრო გალერეის დირექტორს, დიმიტრი შევარდნაძეს ეკუთვნის:

“(სტილი დაცულია) "ამხ. ალექსანდრე ზაქარიას-ძე მანუჩარაშვილს: საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერია მადლობას გწირავთ თქვენს მიერ შემოწირულ სურათ: "პორტრეტი ალექსანდრე ზაქარიას-ძე მანუჩარაშვილისა". ნახატი 1893 წელს ნიკო ფიროსმანიშვილის მიერ".

(გვარი - მანუჩარაშვილი შეცდომით უწერია, უნდა ეწეროს მამუჩარაშვილი).

დაცული ცნობა სანდო უნდა იყოს, რადგან ნახატი და ინფორმაცია მხატვრის შესახებ თავად ალექსანდრე მამუჩარაშვილის მიწოდებულია და მან სხვებზე უკეთ იცოდა, ვინ და როდის დახატა მისი პორტრეტი.

იმავეს ადასტურებს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მემუარულ ფონდში დაცული მამუჩარაშვილის მოგონებები, რომელიც მის ქალიშვილს მამის კარნახით ჩაუწერია:

"...ლოთი "ბედარდი", მაგრამ ნიჭიერი მხატვარი, მორცხვი, ტკბილი სამეგობრო ნიკალა ფიროსმანაშვილი... ის ჩემი სურათი, შევარდნაძემ რომ წამართვა და ახლა რომ მუზეუმშია, ისე, მეგობრულად დამხატა. ხატვა ხომ უბრალოდ იცოდა - კედელზე, ფიცარზე, თუნუქზე".

ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ნახატი მართლაც ფიროსმანისაა და ეს მისი ყველაზე ადრეული გადარჩენილი ფერწერაა.

ნიკო ამ დროს დაახლოებით 30 წლისა იქნებოდა. 1893 წელს ამიერკავკასიის რკინიგზაზე კონდუქტორად მუშაობდა, საიდანაც 1894 წელს დაითხოვეს. ჯერ კიდევ წინ იყო რძის დუქანში ვაჭრობა, გიგო ზაზიაშვილთან და შემდეგ გეზენიძესთან ერთად აბრების სახელოსნოების“გამართვა. იმ დროისათვის მხატვრობა მისი ძირითადი საქმიანობა არ ყოფილა, თუმცა, ხატვა მისი დიდი გატაცება იყო და თუ გავიხსენებთ ქალანთაროვების მონაყოლს, "მისთვის არსებობდა მხოლოდ ხატვა და როცა კი თავისუფალი დრო ჰქონდა, ხატვაში იყო გართული".

ნიკალას ცხოვრებაში მეორე, ახალაღმოჩენილი დეტალის შესახებაც გიამბობთ. გავარკვიეთ, რომ ფიროსმანს ცოლი ჰყოლია, ვინმე ავჭალელი ქალი.

მას შემდეგ, რაც ფიროსმანის კარიკატურა გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძესთან ერთად (1916 წელს გაზეთ "სახალხო ფურცლის" სურათებიან დამატებაში), ნიკალა განაწყენდა და გაუჩინარდა. ლადო გუდიაშვილმა მთელი თბილისი მოიარა, მაგრამ ვერსად ნახა. იმავე წელს გაზეთში დაიბეჭდა სტატია, სადაც იუწყებოდნენ, ფიროსმანაშვილი კახეთში წავიდა, გალოთდა და გარდაიცვალაო. ასევე, მოსე თოიძე წერს, რომ 1916 წელს, ილია ზდანევიჩმა მოაწყო ფიროსმანის ერთდღიანი გამოფენა მისი მშობლების ბინაში. ფიროსმანი ამ გამოფენაზე ვერ მიიწვიეს, არ იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. როგორც ირკვევა, ავჭალაში ყოფილა თავის ცოლთან. ნიკო და ის ქალი ერთად ცხოვრობდნენ. მედუქნე ამბობდა, რაც ეს ქალი მოიყვანა, ჩემგან ზოგჯერ სადილი მიჰქონდათ, ერთად ეწეოდნენ ოჯახურ ცხოვრებასო. გარკვეული დროის შემდეგ, ერთად მოდიან თბილისში, სადაც ქალი ცოტა ხანს რჩება მასთან და მერე ავჭალაში ბრუნდება. ამ ეტაპზე ეს გვაქვს გარკვეული და ინფორმაციის მოძიებას ვაგრძელებთ.

ნანა ფიცხელაური